GE

წყალში გადაყრილი ათასობით ლარი – რატომ ვერ დასრულდა 74-ე და 178-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

თბილისის ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე  მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები დასრულებული არ არის, მეტიც, დღემდე N74 საჯარო სკოლის და N178 საჯარო სკოლის შენობები სახურავის გარეშეა დარჩენილი და წვიმა აზიანებს. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იკვლევს, რის შემდეგაც კონტრაქტორ კომპანიას ჯარიმა უნდა დაეკისროს. სკოლების რეაბილიტაციისთვის კი დაჩქარებული შესყიდვის პროცედურაა დაწყებული.

სახელმწიფოს, რომელმაც სკოლების რებილიტაციისთვის ერთხელ უკვე გადაიხადა მილიონ ლარზე მეტი, იგივე პროექტისთვის 162 373.61 ლარის გადახდა მოუწევს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორცილებას ითხოვს, რომლის თანახმადაც 74-ე და 178-ე საჯარო სკოლების გადახურვის სამუშაოები ახალმა კომპანიამ უნდა დაიწყოს.

სკოლების დაუსრულებელი რეაბილიტაციის ისტორია კი ასეთია: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს ,,რუმსს’’ შორის შესაბამისი ტენდერის ფარგლებში, 2019 წლის 25 სექტემბერს  1 133 933,24 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის შედეგადაც, შპს ,,რუმსმა“ ქ. თბილისის N74 საჯარო სკოლის, სსიპ – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქ. თბილისის N178 საჯარო სკოლის, სსიპ ქ. თბილისის N144 საჯარო სკოლის და სსიპ ქ. თბილისის N215 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ვალდებულება აიღო.

ხელშეკრულება, 74-ე საჯარო სკოლის და 178-ე საჯარო სკოლის შენობების სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, ასევე ითვალისწინებდა ამ ორი სკოლის შენობის სახურავის მოწყობას. სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო ეტაპობრივად: 74-ე საჯარო სკოლა და 215-ე საჯარო სკოლა 2019 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო 144-ე საჯარო სკოლა და 178-ე  საჯარო სკოლა 2019 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

ოდნავ მოგვიანებით, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადად დამატებით 2020 წლის 12 თებერვალი განსაზღვრეს, თუმცა კომპანიამ აღნიშნულ პერიოდშიც ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 17 მარტს აღნიშნული ობიექტების ინსპექტირებისას დადგინდა, რომ N178 საჯარო სკოლის მცირე ფლიგელის დემონტირებული სახურავიდან ჩამონადენმა წყალმა სააქტო და სპორტული დარბაზის ჭერი იატაკი და კედლები მთლიანად დააზიანა, რის შესახებაც კომპანია „რუმსს“ მიაწოდეს ინფორმაცია და საკუთარი სახსრებით ზიანს აღმოფხვრა მოსთხოვეს.

კომპანიამ სააგენტოს განუმარტა, რომ COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სამუშაოებს ვერ ახორციელებდა, თუმცა მას მუშაობა არც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განუახლებია. 2020 წლის 14 მაისის ,,რუმსი’’ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ 2020 წლის 15 მაისიდან აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაეწყო და აუხსნეს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ხელშეკრულების შეწყვეტას და შესაბამისი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას მოახდენდა.

კონტრაქტორმა კომპანიამ სკოლებში სამუშაოები 2020 წლის 19 მაისს განაახლა, თუმცა მას ხელშეკრულება მაინც შეუწყვიტეს და საჯარიმო სანქციების პროცედურა დაიწყეს, რაც პირველ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს მიერ, ზარალის ოდენობის დადგენას გულისხმობს.

„ინსპექტირების შედეგად გაირკვა, რომ ქ. თბილისის N74-ე და N178-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა 4 მუშა, ხოლო ქ. თბილისის N144-ე და N215-ე სკოლებში სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დროულად დასრულებასთან დაკავშირებით შპს ,,რუმსს’’ მიეცა არაერთი გაფრთხილება, კომპანიის მხრიდან სათანადო ღონისძიებების გატარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ“- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დოკუმენტაციაში.

ინფრასტრუქტურის სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სკოლების რეაბილიტაცია დროულად არ დაიწყება, შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდება და სახელმწიფო ბიუჯეტი გაცილებით დიდ ზარალს ნახავს.

„მოცემულ ეტაპზე შენობები სახურავის გარეშეა, რის გამოც შეუძლებელია მათი ფუნქციონირება და ამავე დროს არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის. ატმოსფერული ნალექის მოსვლის შემთხვევაში მოხდება შენობების დანესტიანება, ხოლო შემდგომში მათ გამოშრობას და მიყენებული ზიანის აღმოფხვრას დასჭირდება მნიშვნელოვანი დანახარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მიუღებელია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, სახელმწიფო ქონებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა კომპანია შპს ,,დიკა 2010’’, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 დღეში უნდა დაასრულოს. კომპანიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების მიხედვით სამუშაოების ჯამური ღირებულება 162 373.61 ლარს შეადგენს. მათ შორის: სსიპ ქ. თბილისის N74 საჯარო სკოლა – 114 080.67 ლარი; სსიპ – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქ. თბილისის N178 საჯარო სკოლა კი – 48 292.94 ლარი;

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური