GE

„ხელფასების ზრდა სკოლის ტექნიკურ პერსონალსაც შეეხება, თუმცა კონკრეტულ თანხებს ჯერ ვერ გეტყვით“

განათლების რეფორმის ფარგლებში  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტატუსის მქონე მასწავლებლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ.

EDU.ARIS.GE -ს კითხვის საპასუხოდ, მასწავლებლების გარდა ხელფასების ზრდა ტექნიკურ პერსონალსაც თუ შეეხება, მინისტრის მოადგილემ დაადასტურა რომ სექტემბრიდან აუცილებლად მოხდება მათი ანაზღაურების ზრდაც.

„2019 წლიდან სახელფასო ზრდა შეეხებათ რესურსცენტრის ხელმძღვანელებს, რესურსცენტრის თანამშრომლებს, სკოლის დირექტორებს და სკოლის ადმინისტრაციის წევრებს, ტექნიკურ პერსონალს. კონკრეტულად რამდენი იქნება თანხა, ამაზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემთ, ეს დეტალიც მუშავდება ფინანსთა სამინისტროსთან, დაახლოებით საბიუჯეტო პარამეტრები გვაქვს, კონკრეტულად კი, რამდენი მოემატება თითოეულ სკოლას, არ შემიძლია თქმა, საშუალოდ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება 20 პროცენტი“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

სკოლის ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც. როგორც მან განაცხადა, უმრავლესობა  მიესალმება განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც მასწავლებლებს შეეხება და ასევე მხარს დაუჭერს, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდასთან ერთად მოხდეს ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების გაზრდაც.

„სკოლებში ასევე იგეგმება ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური კადრების ანაზღაურების ზრდა, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველა სკოლაში ვიზიტის დროს, ასევე მასწავლებელთა პროფკავშირებთან შეხვედრის დროს, აღნიშნული საკითხი იყო პრობლემა და ამის გადაჭრაც უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ რადგან ბიუჯეტში მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა არ არის გათვალისწინებული, შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორცილდეს მას შემდეგ, რაც მთავრობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს.

მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის ინფორმაციით, ეს მაისის ბოლომდე მოხდება, ხოლო შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტის შესახებ კანონში უკვე ზაფხულში აისახება.

ამავე თემაზე:

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი