XII კლასში სწავლის რეალური სურათი – პრობლემა, რომელსაც არავინ იმჩნევს
უქმდება თუ არა მომავალი წლიდან XII კლასი? – ეს კითხვა თითქმის ყოველ წელს ისმის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც ასევე ყოველ წელს უწევს იმის მტკიცება, რომ ხმები ამ კლასის გაუქმების შესახებ ტყუილია და მსგავსი არაფერი იგეგმება. რატომ ჩნდება კითხვა და საჭიროა თუ არა საერთოდ დამამთავრებელი კლასის არსებობა, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. EDU.ARIS.GE შეეცადა, თავად მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების დახმარებით, სრული სურათი აღეწერა, როგორია დღეს XII კლასში სწავლების პროცესი და ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია.
XII კლასის ცხრილი ძირითადად იმ საგნებისგან შედგება, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე თითქმის ყველა აბიტურიენტისთვის არის სავალდებულო – ქართული ენა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, მეორე არჩევითი უცხო ენა… ის, რომ XII კლასის მოსწავლეები სკოლაში ფაქტობრივად არ დადიან, ყველამ იცის, თუმცა განათლების სფეროს სათავეში მყოფები ამის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობენ. მასწავლებლები ამ კლასში ჩატარებული გაკვეთილების სანაცვლოდ ხელფასს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, წლის განმავლობაში, არცერთი გაკვეთილიც არ ჰქონდეთ ჩატარებული.
როგორც არაერთი აბიტურიენტისა და სტუდენტის გამოკითხვის შემდეგ ირკვევა, სკოლა, რომელიც ვალდებულია, თავის მოსწავლეებს აძლევდეს ისეთ განათლებას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არ გაუჭირდეთ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო კლასის მოსწავლეებს სკოლაში მისვლას არ სთხოვს და ამას იმით ამართლებს, რომ რეპეტიტორებთან სიარულში ხელს არ უშლის, რას სინამდვილეში პასუხისმგებლობის მოხსნაა. ამ ამბავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ბევრი მე-12 კლასელი ადასტურებს, სტუდენტი კი, რომელიც ახლა უკვე აბიტურიენტებსაც ამზადებს, გვეუბნება, რომ სკოლებიდან მოსწავლეებს არანაირი ცოდნა არ მოჰყვებათ. რეალობა კი ასეთია – მოსწავლეების შემდგომი წარმატება მხოლოდ მათი მშობლების ჯიბეზეა დამოკიდებული იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც ბავშვი თავად ახერხებს, დამოუკიდებლად მეცადინეობით გავიდეს ფონს.
თბილისის 39-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ფოლადაშვილი გვეუბნება, რომ სკოლაში ფაქტობრივად არ უვლია. მისი კლასი, მთელი სასწავლო წელი, ონლაინ რეჟიმის სწავლებაზე იყო გადასული და „აქა-იქ ტარდებოდა“ გაკვეთილები. ამ მონაყოლიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ დრომდე, როდესაც მოსწავლის წარმატება სკოლის მიღწევა იქნება, რადგან ამისთვის სისტემის ცვლილებაა საჭირო.
„სკოლიდან დიდი ცოდნა არ გამომიტანია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რეპეტიტორებთან არ გვევლო და სკოლაში მიღებული ცოდნით გავსულიყავით გამოცდებზე, თუმცა, არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ოდესმე მოხერხდეს. არიან მასწავლებლები, რომლებიც კარგად ასწავლიან საგანს სკოლაში, მაგრამ, იმდენნი ვიყავით კლასში, არანაირად გამოვიდოდა, ყველასთან ისე ემუშავათ, რომ კარგი შედეგი დაგვედო გამოცდაზე. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს მე-12 კლასი, მაგრამ იმ სახით არა, როგორიც ახლაა. არ უნდა გვჭირდებოდეს რეპეტიტორებთან სიარული. სკოლაში იმის მიხედვით უნდა გვიტარდებოდეს გაძლიერებული გაკვეთილები, ვინც რომელ საგანს ვაბარებთ“, – ამბობს მარიამ ფოლადაშვილი.
თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელსაც ასევე EDU.ARIS.GE ესაუბრა, ამბობს, რომ სკოლაში ხანდახან დადიოდა. მასწავლებლები კი იმის მაგივრად, გაკვეთილები ჩაეტარებინათ, „ხელს უწყობდნენ, რომ რეპეტიტორებთან ევლო“.
ჩვენი რესპოდენტი ამ ამბავში სკოლის ბრალეულობას სულაც ვერ ხედავს და არც რაიმეს გამოსწორების იმედი აქვს, რაც არსებულ რეალობას ალბათ კიდევ უფრო ამძიმებს.
„აბიტურიენტებს, როგორც ხდება ხოლმე, ხელს გვიწყობენ სკოლის მასწავლებლები, რომ რეპეტიტორებთან ვიაროთ. იშვითად დავდიოდით სკოლაში ჩვენი ინიციატივით ან მასწავლებლები როცა გვეტყოდნენ, მოდითო, მაშინ. ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია და ჩვენც მივყვებით იმავე გზას. როცა ემზადები, ამ დროს კიდევ სკოლაში სიარული, დროის ხარჯვაა“, – ამბობს აბიტურიენტი.
კიდევ ერთი, 2022 წლის აბიტურიენტი გოგონა, რომელიც ეროვნული გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ჩავწერეთ, საკუთარ ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ მისი სკოლა თბილისში, ვარკეთილში მდებარეობს. გოგონა ყვება, რომ სკოლაში ვინც ასწავლიდა, კერძოთაც მასთან მოემზადა. ეს ამბავი ადასტურებს კიდევ ერთ მოსაზრებას – მასწავლებლებს ურჩევნიათ, კლასში არაფერი აკეთონ და საკუთარი მოსწავლეების მომზადებით დამატებითი შემოსავალი გაიჩინონ.
„ხელს მიწყობდნენ მასწავლებლები. ვემზადებოდი და სკოლაში ხანდახან დავდიოდი. ჩემი მეგობარი არ ემზადებოდა და სკოლაში დადიოდა. როგორც ვიცი, გაკვეთილს ატარებდა მასწავლებელი და უხსნიდა კარგად. ჩემზე კი იცოდნენ, რომ მასწავლებლებთან ვემზადებოდი და არ მთხოვდნენ ყოველდღე სიარულს, არ უნდოდათ გადავტვირთულიყავი ტყუილუბრალოდ. ვერ ვიტყვი, რომ სკოლის მასწავლებელი შეიძლება რეპეტიტორზე უკეთესი იყოს, მაგრამ პედაგოგს გააჩნია – შეიძლება, ვისთანაც ვემზადებოდი, მასზე უკეთესი იყოს ჩემი სკოლის იმავე საგნის მასწავლებელი. მაგალითად, ქართულში იმასთან დავდიოდი, ვინც სკოლაშიც მასწავლიდა, მაგრამ ვფიქრობ, იქ უკეთესად მიხსნიდა, ვიდრე სკოლაში. შესაძლებლობა მქონდა და დავდიოდი. სკოლა უფრო ადრე რჩება სწავლას სასწავლო წლის ბოლოს და რეპეტიტორთან ბოლო დრომდე, გამოცდების დღემდე დავდიოდი და ვსწავლობდი იმ მასალას, რაც გამოცდაზე მოგვეთხოვება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებულმა.
შაკო დარბაიძე, საქართველოს უნივერსიტეტში, ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. გვიყვება, რომ არც მას უვლია სკოლაში მე-12 კლასში სწავლისას. ახლა თავად ამზადებს მოსწავლეებს ისტორიაში და აბიტურიენტების დახმარებას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ცდილობს. შაკოს აზრით, ყველა საგანი ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს და როგორი დამოკიდებულებაც ექნებათ აბიტურიენტებს საგნების მიმართ, სწორედ ისეთ შეფასებებს მიიღებენ. ცოცხალი ორგანიზმის შესწავლა კი მოსწავლემ კარგ მასწავლებელთან ერთად უნდა მოახერხოს.
„სკოლაში ფაქტობრივად არ დადიან მე-12 კლასის მოსწავლეები და ძირითადად, 80% მაინც, რეპეტიტორებზე არიან დამოკიდებულნი. 20% კი ემზადება სახლში, თავისთვის და ფაქტობრივად არც ისინი დადიან გაკვეთილებზე. ეს კატეგორია კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ შეივლის სკოლაში. თუ წესები გამკაცრდება, ალბათ უფრო ივლიან მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში, მაგრამ, გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, სკოლაში ის გარემო შეიქმნას, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ეროვნული გამოცდების შესაბამისი ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ მე შემოსავალი რეპეტიტორობიდან მაქვს, მაინც ვფიქრობ, ბავშვს არ უნდა დასჭირდეს დამატებითი თანხების გადახდა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. აქ ბარიერის გადალახვაზე არ არის საუბარი. მაღალი შეფასებისა და გრანტის მიღება მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, ფაქტობრივად შეუძლებელია. მათემატიკა, ქართული და ისტორია კი ისეთი საგნებია, სახლში რაც არ უნდა იზუთხო თეორიულად, თუ პრაქტიკაში ვიღაცამ არ გასწავლა, კარგ შეფასებას ვერ იღებ“, – ამბობს შაკო დარბაიძე.
მესამე კურსის სტუდენტი გვიხსნის, რომ მასთან მისული აბიტურიენტების უმრავლესობას ფაქტობრივად, სკოლიდან მიღებული არანაირი ცოდნა არ მიჰყვება. მისი აზრით, სკოლის მასწავლებლებისა და ასევე რეპეტიტორების ნაწილი, არ ფლობენ იმ ცოდნას, რაც აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.
„მე-11 კლასის ჩათვლით მაინც ხომ დადიან სკოლაში, მაგრამ არ იციან არანაირი თეორია, არანაირ სავარჯიშოზე, წყაროზე თუ არგუმენტებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ერთეულებმა თუ იციან რაღაც და ისინიც ძირითადად მაღალმთიანი აჭარიდან თუ სვანეთიდან არიან, სადაც მასწავლებელს 2-3 მოსწავლე უზის კლასში და მათთან მუშაობს. ზოგადად, ჩემი გამოცდილებით, დასავლეთ საქართველოში მეტნაკლებად უკეთესად ასწავლიან, მაგრამ მათაც, მაინც სჭირდებათ დახმარება. დიდი სკოლების ბავშებმა საერთოდ არაფერი იციან, კერძო სკოლებში კი შედარებით უკეთესი დონეა. წესით, ბავშვი, მაგალითად, ისტორიას სწავლობს მე-8, მე-9, მე-10 თუ მე-11 კლასში და ამ წლებში ისე უნდა განვითარდეს, რომ მე-12-ში სწავლება პრაქტიკას დაეთმოს და არა იმას, რომ თეორიაც ასწავლო, მის სიზარმაცეს გაუმკლავდე და პრაქტიკულადაც გაატარო ყვეკლაფერი“, – გვითხრა დარბაიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასელები სკოლაში არ დადიან, სწორედ იმ წლის შეფასებების მიხედვით იღებენ ატესტატს და ოქროსა თუ ვერცხლის მედლებს. სკოლა კი, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, არც ქულების დაწერაზე გრძნობს პასუხისმგებლობას და არც იმაზე, რომ მათი მოსწავლეები ისე ამთავრებენ საფეხურს, ეროვნული გამოცდებისთვის მზად არ არიან.
„ქულების დაწერა სკოლაში კიდეც ცალკე თემაა. ისეთი მოსწავლეები იღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებს, რომ რამდენიმე აბიტურიენტს ვუთხარი კიდეც, გამართულ 5 ქულასაც არ დაგიწერდით იმ ცოდნაში, რასაც ფლობთ, 10 ქულაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია-მეთქი. ნიშნების სისტემა არაეფექტურია, ყველამ კარგად იცის. სკოლას კი პასუხისმგებლობა საერთოდ არ აქვს ამ ყველაფერზე აღებული. შესაბამისად, თუ პასუხისმგებლობას იხსნის სკოლა, მაშინ ტესტების სირთულეც უნდა იყოს ისეთი, რაც სკოლის დონეს შეესაბამება“, – ამბობს სტუდენტი.
შაკო დარბაიძის აზრით, სკოლის ადმინისტრაციას ვერ დავაბრალებთ იმას, რომ მე-12 კლასელები გაკვეთილებზე არ დადიან და ეს სისტემის ბრალია, რომელიც ცვლილებას საჭიროებს.
სტუდენტი ფიქრობს, რომ მასწავლებელი, რომელიც მე-12 კლასს ასწავლის, დარწმუნებული უნდა იყოს, რასაც მათ გადასცემს, სწორედ ის არის, რაც ეროვნულ გამოცდებზე გამოადგებათ.
XII კლასში სწავლების თემა რომ გადახედვას საჭიროებს, აქ მოყოლილი ფაქტებითაც დასტურდება. საკითხავია, ამ საყოველთაო საგანმანათლებლო რეფორმების პირობებში, სად მარხია ძაღლის თავი და რატომ არის ღიად დარჩენილი პრობლემა, რომლის შესახებაც ყველამ იცის, მაგრამ არავინ იმჩნევს?
ასევე იხილეთ:
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება