GE

ხის შენობებში 50-ზე მეტი ბავშვის განთავსება აკრძალულია – რა მოთხოვნები აქვთ სკოლებთან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით

ფოტო –
სამხრეთის კარიბჭე

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესში, მე-3 მუხლის ერთ-ერთი ჩანაწერი სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.

„უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და ევაკუაციის გეგმა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

EDU.ARIS.GE  გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ რეგლამენტიდან, კონკრეტულად სასწავლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილ წესებს.

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ობიექტებისათვის

1) სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების შენობებში ობიექტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის მზადყოფნის შემოწმება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ფარგლებში.

2) სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების (მათ შორის, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები ბავშვებისა და მოზარდებისათვის) შენობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემის გამართულ მუშაობას. ამ შენობების სათავსებიდან და სართულებიდან გათვალისწინებული უნდა იქნეს სამშენებლო ნორმებით და წესებით დადგენილი რაოდენობის და ზომების საევაკუაციო გასასვლელის მოწყობა. დაუშვებელია: ხის შენობების მანსარდის სათავსებში ბავშვების განთავსება, ასევე ხისა და სხვა წვადი მასალების შენობებში 50-ზე მეტი ბავშვის განთავსება; სათავსებში განათებისათვის სანთლის და ნავთის ლამპის გამოყენება; ხანძარსაშიში სამუშაოების წარმოება, როცა სათავსებში ბავშვები იმყოფებიან.

3) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მრავალსართულიან შენობებში სკოლამდელი და დაწყებითი სწავლების კლასები უნდა განთავსდეს შენობის პირველ-მეორე სართულებზე.

4) მოსწავლეებს უნდა ჩაუტარდეთ მეცადინეობები სახანძრო უსაფრთხოების წესების შესასწავლად სპეციალურად შემუშავებული პროგრამით.

5) საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში ქიმიური ნივთიერებების, მასალების შენახვა, ქიმიურ ლაბორატორიებში (კაბინეტებში) სასწავლო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

6) ფიზიკის და ქიმიის ლაბორატორიების სათავსებში აკრძალულია მოსწავლეების მიერ რეაქტივების გამოყენება, ელექტრო და სხვა გამახურებელ ხელსაწყოებთან მუშაობა ლაბორანტის ან პედაგოგის ზედამხედველობის და ხელმძღვანელობის გარეშე.

7) ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში დასაშვებია მხოლოდ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვით.

8) მეცადინეობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს კაბინეტებიდან, ლაბორატორიებიდან და სახელოსნოებიდან ყველა ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერების და მასალის გატანა მათი დროებითი შენახვისათვის განკუთვნილ სათავსში.

მსოფლიოს 15 სკოლის შინაგანაწესი, რომელიც ქართულისგან რადიკალურად განსხვავდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური