GE

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები საპენსიო ჯილდოს შესახებ და მასწავლებლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე

განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტროს მიერ დაანონსებულმა ცვლილებებმა, რომლებიც მასწავლებლებს შეეხება, პედაგოგებში ბევრი კითხვა გააჩინა.

მასწავლებლის სახლი გთავაზობთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც შეეხება საპენსიო მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ ჯილდოს, მასწავლებელთა გამოცდებს და სქემაში დაგეგმილ ცვლილებებს.

“პრაქტიკოსი საპენსიო ასაკის მასწავლებელი 2019 წლის განმავლობაში სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილს რამდენიმე შემთხვევაში გამოხატავს:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის მაისში;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს, აიმაღლოს სტატუსი – პრივილეგიით სარგებლობის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.” – აღნიშნულია მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზე.

პრაქტიკოსი მასწავლებლები მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებით აიმაღლებენ სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლისათვის?

სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად ხელფასის მომატებისთვის, საჭიროა 19 კრედიტქულის დაგროვება, რომელიც მოიაზრებს, როგორც საგნობრივ და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას, ასევე სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებამდე მასწავლებელს დაგროვებული ექნება საკმარისი რაოდენობის კრედიტქულა, მაშინ ისინი შეძლებენ გამოცდის შედეგებით 19 კრედიტქულის შევსებას და სექტემბრისთვის სტატუსის ამაღლებას. შესაბამისად, მათ ხელფასის დანამატიც მიეცემათ 470 ლარის ოდენობით.

კვლავ სკოლის დირექტორის მიერ, მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადების წარდგენის შემდეგ განხორციელდება მასწავლებლისთვის სტატუსის ცვლილება?

დიახ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განიხილავს მასწავლებლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ წინადადებას და ბრძანებით მიანიჭებს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამის შემდეგ მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს.

შენარჩუნდება თუ არა საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების სისტემა (1,4,7 10 კრედიტქულა)?

დიახ.

შენარჩუნდება თუ არა შემოდგომაზე, განმეორებითი გამოცდის დროს, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების გამოცდებში ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების სისტემა (1,4,7, 10 კრედიტქულა)?

დიახ.

რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში?

მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდება საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ვერ დაძლევს მინიმალურ საგნობივ და პროფესიულ კომპეტენციას, ან მოისურვებს 2019 წლის ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.

რა იგულისხმება გადამზადების პროგრამაში?

მას შემდეგ რაც გამოცხადდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ შესაბამის ტრენინგებზე, ხოლო თუ მასწავლებელს დასჭირდება განმეორებით გამოცდაზე გასვლა, მას სახელმწიფო შესთავაზებს გრძელვადიან 80-90 საათიან ტრენინგებს. აღნიშნულ მოსამზადებელი ტრენინგებში მასწავლებლები კრედიტქულებს ვერ მიიღებენ.

როგორ მოხდება ფულადი ჯილდოს დაანგარიშება?

ფულადი ჯილდო დაანგარიშდება შემდეგი პრონციპით: იმ პერიოდისათვის მასწავლებლის „ხელზე ასაღები“ ხელფასი გამრავლდება 24 თვეზე.

ერთჯერადად ფულად ჯილდოს მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი?

ეს შეთავაზება 2019 წელს ეხება. შემოდგომაზე, განმეორებითად კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც შეძლებს საპენსიო ასაკის მასწავლებელი ჯილდოს მოთხოვნას.

შეძლებენ თუ არა ჯილდოს აღების შემდეგ მასწავლებლებლი ხელმეორედ დასაქმებას?

ცხადია შეძლებენ. მათ მოუწევთ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

მხოლოდ ყველა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 2019 წლის ბოლომდე და აიმაღლოს სტატუსი, თუ ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა?

ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. თუმცა ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან მათ ეძლევა შესაძლებლობა იგივე ხელფასის შენარჩუნებით გააგრძელონ მუშაობა დროებითი ხელშეკრულებით.

გავრცელდება თუ არა ეს პრივილეგია კერძო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებზე?

ერთჯერადი ჯილდოს პრივილეგია ვრცელდება მხოლოდ საჯარო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებზე.

ვის ექნება გამოცდაზე რეგისტრაციის საშუალება?
გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს.
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება.
  • თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2019 წლის ბოლომდე?

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს უვადოდ;
მხოლოდ იმ უფროს მასწავლებელს მიეცემა სტატუსის ამაღლებისათვის გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირების საშუალება, რომლსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის მოპოვებული ექნება 15 კრედიტქულა დარჩენილი სავალდებულო (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და არჩევითი აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ *უფროს მასწავლებელს უფლება აქვს, მოიპოვოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი წამყვანის გამოტოვებით.

ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან?

მასწავლებლის შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით სკოლებში ჩამოყალიბდება ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც მასწავლებლებს შეაფასებენ ორი მიზნით:

  • მასწავლებლის საქმიანობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა;
  • პროფესიული განვითარება.

სკოლის ბაზაზე მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ორი მიმართულებით:

  • სწავლება (საკლასო და კლასგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობები);
  • პროფესიული განვითარება.

როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან?

უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს მასწავლებლები მოიპოვებენ მხოლოდ გარე შეფასების გზით. კერძოდ:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით და გადალახოს თითოეულ გამოცდაში 51%-იანი ბარიერი.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  • მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი;
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება გულისხმობს გაკვეთილზე დაკვირვებას და მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებას.

ამავე თემაზე:

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური