GE

“ხშირად, სწორედ, დამრიგებლებზე დგას კლასში უსაფრთხო გარემოს შექმნის პასუხისმგებლობა”

ბოლო დროს მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფონზე, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, საზოგადოებაში ბევრს მსჯელობენ ამ პრობლემაზე. პირველ რიგში, გამოკვეთენ მშობლის, სკოლის და მასწავლებლის როლს მოსწავლეებში არსებული დაპირისპირებისა და ჩაგვრის გამოვლენაში და შემდეგ მის აღკვეთაში.

საუბარია იმაზეც, რომ მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, აღმოაჩინონ და გადაჭრან კონფლიქტი მოსწავლეებში. ხშირ შემთხვევაში, კი მოძალადის როლში თავად იმყოფებიან.

რა კეთდება სასკოლო სისტემაში იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას  ამ მიმართულებით? ჩვენ ამ კითხვით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, ბულინგის თემაზე  ტრენინგმოდული არსებობს, რომლის გავლაც პედაგოგებს შეუძლიათ, თუმცა ამ ტრენინგით დაინტერესება მასწავლებლებში არც ისე დიდია.

მეორე მხრივ,  „ლიდერობის აკადემიის“ მონაწილეებისთვის, რომელ ტრენინგებსაც ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის 2016-2019 წლებში, სხვადასხვა მოცულობით არის ჩაგვრის თემატიკაზე საუბარი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების  განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე ამბობს, რომ ტრენინგ-მოდულს, “სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა”, გადიან სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები და კონფლიქტების მართვის კუთხით, ძალიან ბევრ თემას ეხება ეს ტრენინგი.

კიბერ ბულინგი; სატელევიზიო ბულინგი; ჯგუფური ძლადობა;  სექსუალური ხასიათის ბულინგი; ემოციური ბულინგი; სიტყვიერი ბულინგი; სხეულის ენით ბულინგი; ბულინგი სკოლაში, – ეს ის თემებია, რომლის შესახებ მასწავლებლებს ინფორმაცია ტრენინგის ფარგლებში მიეწოდებათ.

„ბულინგის იდენტიფიცირებისთვის აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი ამ მოდულის გავლის შემდეგ მასწავლებელს. ხშირად სწორედ დამრიგებლებზე დგას ხოლმე  კლასში ტოლერანტულობის და უსაფრთო გარემოს შექმნის პასუხისმგებლობა. ამ ორ ჯგუფზე ვმუშაობთ ძირითადად. ეს გახლავთ მრავალმხრივი სატრენინგო მოდული, რომელიც არის კრედიტნახევრიანი. 40 საკონტაქტო საათზე მეტს შეიცავს და საფუძვლიან ცოდნას და უნარებს  უზრუნველყოფს მასწავლებლებში, ბულინგის პრევენციისა და აღმოფხვრის  მიმართულებით.

ამ ტრენიგებს ვნერგავთ 2016 წლიდან. რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში, ასე არ არის. ეს არ არის სავალდებულო ხასიათის მოდული, მაგრამ 600-ზე მეტი მასწავლებელია უკვე ტრენინგგავლილი. ჩვენ ვთავაზობთ რეგისტრაციას, ისინი სურვილის მიხედვით რეგისტრირდებიან. მათ შორის, რეგიონებშიც. 2016 წლიდან ამ ტრენინგ-მოდულმა განიცადა რევიზია და ის კონვენციები რაც განახლდა მსოფლიოში, ესეც ჩასწორდა“, – ამბობს მარიკა სიხარულიძე.

სტანდარტების  განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსის თქმით, გარდა ამ მოდულისა, „მასწავლებლის სახლი“ მუშაობს ძალიან ვრცელ სატრენინგო პროგრამებზე, რომელიც ეხება ჰუმანიტარული, ესთეტიკური, დაწყებითის მიმართულების, აგრეთვე მშობლიური ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენების მიმართულების საგნებს.

„ამ სატრენინგო პროგრამაში პირველ მოდულად შევთავაზებთ მასწავლებლებს მსხვილ სატრენინგო პროგრამას, რომელიც შეეხება ქცევის მართვას. აქ შევა, მათ შორის, ძალადობის პრობლემები სკოლაში, სკოლაში თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ბულინგის მოდული კვლავ იარსებებს  და დაემატება უფრო მსხვილი მოდული, რომელსაც გაივლიან ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, მუსიკის, ხელოვნების,  სპორტის მასწავლებლები. ეს იქნება ფასეულობების და უსაფრთხო სკოლის შექმნაზე ორიენტირებული ტრენინგი“, – აღნიშნავს მარიკა სიხარულიძე.

რა მისცა პედაგოგებს ამ ტრენინგმა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ  სკოლებში აღარ ჰქონდეს ადგილი ბავშვებს ან პედაგოგებს შორის ბულინგს, ერთამენთის ჩაგვრას, ჩვენ ამ შეკითხვით ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანის“ სამოქალაქო განათლების და ინგლისური ენის მასწავლებელს მაგდა ფურცელაძეს მივმართეთ.

„ტრენინგზე მართლაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. განვიხილეთ ისეთი აქტუალური  საკითხები როგორიცაა:  ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ბულინგი, სოციალური და ემოციური სწავლება ბულინგისა და ძალადობის პრევენციის მიზნით.

ჩემი აზრით, თვდაპირველად საჭიროა ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  როგორც მოსწავლეებში, მათ მშობლებში, ასევე პედაგოგებში. აუცილებელია,  სკოლებში შევქმნათ თბილი და მზრუნველი გარემო, სადაც მოსწავლე უნდა გრძნობდეს სიყვარულს და ჰქონდეს ყოველთვის დახმარების და მხარდაჭერის იმედი.

უნდა გავითვალისწინოთ თითოეული ბავშვის ოჯახური მდგომარეობა და მათი ემოციური განწყობები, ყურადღება მივაქციოთ  მოსწავლეთა შორის ურთიერთობებს  და  დამოკიდებულებებს. ბულინგისა და ძალადობის პრევენციის მიზნით ბავშვები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საკლასო და სასკოლო პროექტებში. აუცილებელია, პედაგოგებმა და მშობლებემა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ ისეთი ტიპის აქტივობების დაგეგმვას და  განხორცილებას, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში  ტოლერანტული გარემოს შექმნას, სადაც ადგილი აღარ ექნება ერთმანეთში ჩაგვრას“, – ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც 2013 წელს ამერიკის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის გაფორმდა და მოიცავს განათლების სისტემის დახმარებას, 2016- 2019 წლებში ახორციელებს  დირექტორთა ტრენინგებს.

მილენიუმის ერთ-ერთი კომპონენტი არის სკოლის დირექტორების და 19 ათასამდე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების, ინგლისურის და გეოგრაფიის მასწავლებლების პროფესიული განვითარება. ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის ტრენინგის 3 დონეს. ეს ტრენინგები ეხება მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე ამბობს, რომ „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში დირექტორები მოისმენენ ინფორმაციას, როგორი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, დაწყებული ფიზიკური გარემოდან დამთავრებული – ფსიქოლოგიურით.

„ძალადობა, ბულინგი და ინკლუზია ერთ-ერთი კომპონენტია დირექტორთა ტრენინგის. ძალადობა წარმოიქმნება სხვადასხვა უთანასწორო შემთხვევების გამო. ეს არ ხდება ერთ დღეში. როგორც წესი, ძალადობა როდესაც გამოვლინდება, მას აქვს ხანგრძლივი პრეისტორია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დირექტორმა, ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებები გაატაროს სკოლაში, რომ ეს არ მოხდეს და მეორე მხრივ, იმოქმედოს ძალიან სწრაფად და ეფექტიანად, მაშინ თუ ასეთი ფაქტი მოხდება“, – ამბობს ირინა აბულაძე.

მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის თქმით, დირექტორმა უნდა შეძლოს ძალადობის იდენტიფიცირება საწყის ეტაპზე, რომელიც შესაძლოა მიდიოდეს დიდ კონფლიქტამდე. როგორც ირინა აბულაძე ამბობს, ტრენინგ-მოდული მოიცავს სწორედ იმ საფრთხეების გაანალიზებას, რომელიც შესაძლოა სკოლაში ვითარდებოდეს. ასევე პრევენციული მექანიზმების შექმნას. ყველანაირი რესურსების გამოყენებას, რომელიც დირექტორების ხელშია.

„ვცდილობთ, ზოგადად, დირექტორებში გავაძლიეროთ მგრძნობელობა ამ პრობლემების მიმართ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბულინგის შემთხვევები სკოლაში. ეს რომ არ მოხდეს, ზუსტად ამას ვასწავლით დირექტორებს“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

55-ე საჯარო სკოლის დირექტორის მაია აბრამიძის თქმით,  ბულინგი ისეთი თემაა, რომელიც ყველა სკოლაში არსებობს, მოზარდებში კი განსაკუთრებით. ბულინგი არ არის ხმაურიანი პროცესი, შეიძლება ისე ჩუმად მიმდინარეობდეს, რომ ამას ბავშვის გარემოცვა ნაკლებად ხედავდეს.

„ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში გამართულ დირექტორების ტრენინგებზე კონკრეტული მესიჯებია მოცემული, რა მიმართულებითაც უნდა იმუშაონ დირექტორებმა სკოლებში.  ეს თემები კი არ უნდა დავმალოთ, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და ვმართოთ შიგნით ეს პროცესი. დირექტორს აუცილებლად ევალება ამ ყველაფრის მენეჯმენტი და კონტროლი. შევეცადოთ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ბულინგი და ჩავრთოთ მასში ყველა მხარე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს  მაია აბრამიძემ.

55-ე საჯარო სკოლის დირექტორი ბულინგის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას ასახელებს.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ ახალგაზრდების სისხლიანი დაპირისპირება. ეს ბავშვები თავიანთ ქცევებში მოკლევადიან შედეგებს ხედავენ მხოლოდ. რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ამას არ აფასებენ. იმ მომენტში ემოციურ დონეზე რა გადაწყვეტილებასაც იღებენ, ისე იქცევიან.

ჩვენი განათლების პრობლემა არის და ეს ტრენინგებიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ სკოლა მხოლოდ დაბალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე, ცოდნის მიღება-გადაცემაზე მუშაობს ბავშვებთან.

სასწავლო პროცესი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ბავშვს მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებდეს. მაღალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირება ბავშვებს ფიქრის ანალიზის, მსჯელობის, შეფასების უნარს უვითარებს. შესაბამისად, ეს ქცევაშიც გამოიხატება შემდეგ და გაანალიზებენ თავიანთი ქცევის შედეგებს“, – ამბობს 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური