„ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ფსიქოლოგი და მოუსმინოს თავის მოსწავლეებს“ – პედაგოგი ბაქოდან
კლასის დამრიგებელი ყვება საკუთარი მოსწავლის ამბავს, რომელიც სოციალური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, თავს მარტოსულად გრძნობდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ეს ამბავი ძალიან გავს რეალობას, თუმცა ნამდვილი არ არის და მწერალ ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბე) ნაწარმოების სიუჟეტს ასახავს.
ახალგაზრდა მწერლის ნაწარმოები “ჩვენება”, რომელიც 2014 წელს დაიწერა ზუსტად იმ პრობლემებზეა, რაც მოზარდ თაობაში დღემდე აქტუალურია. ამიტომ, თბილისის 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია რურუამ გადაწყვიტა ეს წიგნი სკოლის უფროსკლასელებისთვის გაეცნო და შემდეგ მათთვის ესეების დაწერა ეთხოვა.
“სიკვდილი გამოსავალი არ არის” – ამ თემის განხილვაში ათეულობით მოსწავლე ჩაერთო. ავტორის წიგნის და მოსწავლეების ესეების განხილვა 37-ე საჯარო სკოლაში 21 თებერვალს შედგა.
გამომცემლობა “ინტელექტის” ხელმძღვანელმა ზვიად კვარაცხელიამ განაცხადა,რომ “ჩვენება” ზუსტად ასახავს იმ აქტუალურ პრობლემას, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.
“ამ წიგნში ნაჩვენებია, სწორედ ის პრობლემა და ამბავი, რომელიც დღეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს. პრობლემა აქტუალურიც არის და დიდწილად მოუგვარებელიც. ამბავს ყვება მასწავლებელი, დამრიგებელი, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანს, ვინც დაინტერესდა სკოლაში მომხდარი ამბით, მოუყვეს მისი განსაკუთრებული მოსწავლის ამბავი, არამარტო თვითმკვლელობის, რამედ ყველა გარემოება ახსნას თავისი ხედვით, თუ რა დაინახა მან და როგორ მივიდა მოსწავლე გოგონა ფატალურ შედეგამდე. სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ამ შედეგამდე მიიყვანა ზოგმა გულგრილობით, ზოგმა შეგნებული იგნორირებით. ირაკლი კაკაბაძე ამ მოთხრობაში უამრავ პრობლემას ეხება დღევანდელი მოზარდის ცხოვრებიდან ოჯახთან, მასწავლებელთან, მოზარდებს შორის გაუცხოებასთან დაკავშირებით, ამ დროს თანაგრძნობა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – ამბობს ზვიად კვარაცხელია.
მისივე თქმით, მოსწავლეებმა სწორად და ზუსტად გაიაზრეს პრობლემის არსი და მისგან დაღწევის გზები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, მწერლის შვილები, გამომცემლები, რედაქტორები, მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე იმყოფებოდა პედაგოგი აზერბაიჯანიდან ზემა ზეკელოვა, მისი თქმით, მოზარდებში სუიციდისადმი მიდრეკილება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მსგავსი ფაქტები მეზობელ ქვეყნებშიც არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი განსჯის საგანი.
“მე ვმუშაობ პედაგოგად ბაქოში, რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ სკოლაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა მე- 7 კლასელი გოგონა, რომელსაც გარკვეული ოჯახური პრობლემები ჰქონდა, სკოლაში მე-3 სართულის ფანჯრიდან გადახტა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახეს, მათ პირველ რიგში თავის თავზე იფიქრეს… მადლობას ვუხდი ავტორს წიგნისთვის იმიტომ, რომ მან ისეთი აქტუალური თემა წამოწია, რომელიც არამხოლოდ საქართველოში და თბილისშია პრობლემური. ყველამ უნდა მოუსმინოს ერთმანეთს, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ფსიქოლოგი და მოუსმინოს თავის მოსწავლეებს”, – განაცხადა ზემა ზეკელოვამ.
პედაგოგ მაია რურუას თქმით, ღონისძიების თემის ინსპირაცია გარკვეულწილად რამდენიმე თვის წინ დაღუპული მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკული შემთხვევა იყო.
“ღია გაკვეთილი გვქონდა ნარკომანიის თემაზე, იყო ძალიან დიდი გამოხმაურება და მაშინ წამოვიდა სურვილი თავად ბავშვებისგან რომ გაგვეკეთებინა ამ თემაზე შეხვედრა, შემდეგ იყო ლუკა სირაძის ამბავი… ეს წიგნი შევიტანეთ კლასებში, ბავშვებმა დაწერეს ესეები და ნახეთ რამდენად ემოციური იყო თითოეული ბავშვის ნააზრევი, ყველა მოვიდა იმ დასკვნამდე, რომ სიკვდილი გამოსავალი არ არის, ჯამში კარგი ღონისძიება გამოვიდა”, – ამბობს მაია რურუა.
რადგან წიგნის ავტორი საქართველოში არ იმყოფება, ის შეკრებილებს ვიდეომიმართვით თურქეთიდან ჩაერთო და აღნიშნა, რომ თუ ეს ნაწარმოები ვინმესთვის ახლობელი გახდა და მის შესახებ მსჯელობენ, მისი მიზანი მიღწეულია.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ლარისა მელაძემ მოსწავლეებს დიპლომები გადასცა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება