„ყველა მასწავლებელმა დაინახა, რომ მათ აქვთ ხარვეზები ამ მიმართულებით და შევსება სჭირდებათ“ – მანანა რატიანი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, რომ საქართველოს პედაგოგებმა მსოფლიო პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების პროცესში, ტექნიკურ საკითხებს თავი კარგად გაართვეს, თუმცა არის რამდენიმე თემა, რასაც მომავლში სისტემამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ამის შესახებ მან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქ გვერდზე ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს ისაუბრა.
მანანა რატიანმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში, მასწავლებლებმა ტექნიკური საკითხები აითვისეს, თუმცა ემოციები, რაც საკლასო ოთახში გაკვეთილს უნდა ახლდეს, შედარებით უკანა პლანზე გადავიდა.
„ემოციებმა, რომელიც მნიშვნელოვანია, ინტერაქციის დროს თითქოს უკანა პლანზე გადაიწია. თითქოს მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილზე შედიოდნენ, რომ თავიანთი სათქმელი ეთქვათ მოსწავლეებისთვის, დავალება მიეცათ და დროზე ჩაებარებინათ დავალებები, უფრო ტექნიკური ხასიათი მიიღო პროცესმა და არა ცოცხალი ინტერაქციის სახე, რაც საკლასო ოთახს ახასიათებს. ფაქტია, რომ ნაკლებად მოხერხდა ამის გადმოტანა, მით უმეტეს, ამას დაემატა ისიც, რომ რეკომენდაციის მიხედვით, საგაკვეთილო პროცესი 20 წუთით იყო შემოფარგლული. ესაა ერთი მიმართულება საკლასო ოთახში რაც ხდება, მაგრამ მის მიღმაც ბევრი რამ იქნება საყურადღებო და მომავალში შესაცვლელი“, – ამბობს მანანა რატიანი.
ის მიიჩნევს, რომ სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის არის კრიზისული ვითარების არსებობის დროს სკოლის ადმინისტრაციისთვის უფრო მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება.
„ალბათ, ეს არის მთავარი – რეგულაციების შერბილება და მეტი ნაბიჯების გადადგმა სკოლების უფრო მეტი ავტონომიურობისთვის. ხშირ შემთხვევაში, ისიც კი გააკეთეს სკოლებმა, რომ თუკი მოსწავლეს არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ტექნიკურ საშუალებებზე, მაგალითად კომპიუტერი არ ჰქონდა სახლში, მათ მოახერხეს და სკოლაში არსებული რესურსები გაიტანეს, რომ მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო. არაერთი მაგალითი მაქვს, არამარტო კერძო, არამედ საჯარო სკოლებიდანაც. ფაქტია, რომ ცოტა უფრო მეტად არ უნდა ეშინოდეს დირექციას თამამი ნაბიჯების. მან უნდა იცოდეს კრიზისულ ვითარებაში როგორ უნდა მოხდეს მენეჯმენტი. დირექციას კრიზისულ სიტუაციებში უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობაა“, – განაცხადა მანანა რატიანმა.
როგრც მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, კიდევ ერთი საკითხი რაც სამომავლოდ დასახვეწი იქნება სკოლის სახელმძღვანელოებია, რომელთა გაციფრულებაც უნდა მოხდეს.
„რისი ნაკლებობაც იყო ეს არის ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის. მაგალითად, სახელმწიფო ძალიან დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ უფასო სახელმძღვანელოები, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ბეჭდური სახელმძღვანელოები, რომლებიც არანაირად გამოსადეგი არ აღმოჩნდა, თუნდაც ამ დისტანციური სწავლების პროცესში. შესაბამისად, ალბათ, ფიქრი უნდა დავიწყოთ იმაზე, რომ გვქონდეს ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომელიც იქნება სრული დატვირთვით. ასევე, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება ტექნოლოგიების კუთხით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეთავაზება, მით უფრო კარგი. ჩვენ ვაკეთებთ ვებინარებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლების დასახმარებლად და ვხედავთ როგორი დაწაფებულები არიან ამ სიახლეებს. ფაქტია, რომ მათ უნდა ასწავლო ის, რისი საჭიროებაც არის. ყველა მასწავლებელმა დაინახა, რომ მათ აქვთ ხარვეზები ამ მიმართულებით და შევსება სჭირდებათ.
„ამ გამოცდილების შემდეგ, ბევრს მოეწონა ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროცესი. მე მგონია, რომ ამის გადატანა საკლასო ოთახში ძალიან წარმატებით შეიძლება. ის საკლასო ოთახები, რომლებიც უკვე შექმნილი აქვთ მასწავლებლებს შეიძლება კლასგარეშე აქტივობების და პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს დაიხმარონ. ვფიქრობ, რომ ამ კრიზისულ ვითარებას და მობილიზებას, რაც ამ პერიოდში მასწავლებლებმა გააკეთეს, ძალიან კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს და ბევრად უფრო გაამდიდროს სასწავლო პროცესი ვიზუალური, ელექტრონული მასალებით. საკლასო პროცესი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ანუ 99%-ით მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გაკვეთილი უკვე ვეღარ ჩატარდება საკლასო ოთახში“,- ამბობს მანანა რატიანი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება