ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელმა სპეციალური ანკეტა შეავსო – „გსურთ თუ არა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა“
განათლების სამინისტროს დავალებით ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელმა 23 მარტამდე სპეციალური ანკეტა შეავსო, სადაც მიუთითეს, აპირებდნენ თუ არა დისტანციურ სწავლებაში ჩართვას.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავდნენ, დირექტორების დავალებით, მერვე კითხვაზე, სადაც ეკითხებოდნენ „გსურთ თუ არა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა“, ყველამ მონიშნა პასუხი „მინდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა“.
ანკეტის მერვე კითხვა კი სრულად ასე გამოიყურებოდა.
„გსურთ თუ არა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა
1.თუ დისტანციური სწავლების გამოცდილება არ გაქვთ, თუმცა გსურთ რომ ამ ფორმით ჩაატაროთ გაკვეთილები გთხოვთ მონიშნოთ ველი “მინდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა” 2. თუ თქვენს კლასთან უკვე დაიწყეთ დისტანციურად გაკვთილების ( მაგ.: Microsoft Office 365; zoom; Facebook, ელ.ფოსტა და სხვა) ჩატარება, მონიშნეთ ველი “დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება უკვე დავიწყე” 3. ველი “არ მინდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა” მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ ხელს არაფერი გიშლით დისტანციურად გაკვეთილების ჩატარებაში, თუმცა თქვენთვის გაკვეთილის ეს ფორმა არ არის მისაღები ან მოსახერხებელი 4. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება, თუმცა ვერ ახერხებთ გარკვეული პრობლემების გამო (მა.: არ მაქვს ინტერნეტი, მოსწავლეებს არ აქვთ მოწყობილობები) გთხოვთ მონიშნოთ ველი “ვერ შევძლებ”
არ მინდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა
ვერ შევძლებ
მინდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვა
დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება უკვე დავიწყე“, – ასე გამოიყურებოდა მერვე კითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავდნენ, მათ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმიტომ შემოხაზეს, რომ სურთ დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, რათა “დირექტორებმა არ დაუკავონ მათი კუთვნილი ხელფასი.”
„სიმართლე გითხრათ, პლატფორმა, „თიმს“, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა, არ არის ჩემთვის მოსახერხებელი. სახლში არ მაქვს ისეთი პირობები, რომ მოსწავლეებთან პირდაპირ ეთერში ჩავერთო. ვგულისხმობ, გარემო პირობებს. ასევე ეს პლატფორმა ჩემთვის სრულიად ახალია, არ მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება. მართალია, ახლავს დეტალური ინსტრუქციები, მაგრამ დრო მჭირდება მათ გასაცნობად. ამასთან, ჩემი ყველა მოსწავლე ქალაქში არ იმყოფება. სოფლებში არიან წასულები, საიდანაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. მე რომ კლასის ნაწილს დავალებებს მივცემ და ნაწილი ვერ შეასრულებს, ამ უთანასწორობას რა ეშველება, როცა სასკოლო გარემოს დავუბრუნდებით?“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
პედაგოგებს, რომლებმაც მერვე კითხვის პასუხად მონიშნეს, რომ უკვე ახორციელებენ ონლაინ სწავლებას, ამოუვიდათ დამატებითი კითხვა, სადაც სთხოვდნენ, მათი სასწავლო მეთოდების დაკონკრეტებას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანების მიხედვით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, დასაქმებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაურიცხოს.
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება