GE

„ყველანაირ პირობას ვქმნით სრულყოფილი ლექციების ჩასატარებლად“ – გიორგი სოსიაშვილი

ახალი კორონავირუსის გამოჩენამ საქართველოში დღის წესრიგი სრულად შეცვალა – სხვადასხვა კომპანიებსა თუ დაწესებულებებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსხვავებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა მოუხდათ. გამონაკლისი არც საგანმანათლებლო სფეროა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეს სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ახალი მეთოდი დაინერგა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და როგორც უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ამბობს, სიახლეს სტუდენტები არ შეუშინებია. როგორ შეხვდა უნივერსიტეტი ახალ გამოწვევას – გვესაუბრება სასწავლებლის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

– როგორ მიმდინარეობს ონლაინ სწავლება და რამდენად მაღალია სტუდენტების ჩართულობა?

– მიმდინარე წლის 16 მარტს განვაახლეთ სასწავლო პროცესი. ორი კვირის განმავლობაში ვიყავით პილოტირების რეჟიმში, ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე გადასვლის თვალსაზრისით. ჩვენ სასწავლო პროცესისთვის ამჟამად ვიყენებთ ZOOM-ის აპლიკაციას, რომლის დანერგვაზე მხარდაჭერა გამოგვიცხადა განათლების სამინისტრომ. პროფესორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრეინინგი და ჩვენ შეუფერხებლად დავიწყეთ ონლაინ სწავლება სტუდენტებთან როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურებზე. მე პირადად ვატარებ ლექციებს უნივერსიტეტში და მინდა გითხრათ, რომ სტუდენტთა დასწრება არის ძალიან მაღალი. მეტსაც გეტყვით, სწავლების ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ აჩვენა, რომ სტუდენტები ძალიან მობილიზებულები აღმოჩნდნენ და გაგებით შეხვდნენ სწავლების ამ ფორმატს, მიუხედავად ფსიქოლოგიური ბარიერისა.

– იყო თუ არა უნივერსიტეტი მზად ამ რეჟიმზე გადასვლისთვის?

გასულ წლებში ჩვენმა რამდენიმე პროფესორმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გაიარა გადამზადება ონლაინ სწავლების მიმართულებით. მე, პირადად, გახლდით იტალიაში და, ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გავიარე შესაბამისი სწავლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა გარკვეული გამოცდილება იმისა, თუ როგორ გადავსულიყავით ონლაინ პლატფორმაზე და ამ ახალ გამოწვევას ღირსეულად შევხვდით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გორის უნივერსიტეტს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ჰქონია.

– საინტერესოა, სწავლების ამგვარი მეთოდი რამდენად ხარისხიან შედეგს მოგვცემს?

– აპლიკაცია ZOOM იძლევა იმის საშუალება, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს შესაბამისი სტანდარტით და სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება. ონლაინ სწავლების დროს გაცილებით მეტად ხარ მობილიზებული, ვიდრე ჩვეულებრივ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ პირობას ვქმნით სრულყოფილი ლექციების ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, რეალურ გარემოში ჩატარებული ლექცია უკეთესია, თუმცა სწავლების ხარისხი აქაც მაღალია.

– როგორ ხდება სტუდენტთა შეფასება? ხომ არ შეიცვალა შეფასების სისტემა?

– ამჟამად მიმდინარეობს შუალედური გამოცდები. ჩვენ არ შეგვიტანია ცვლილება შეფასების სქემაში. ჩვენს პროფესორებს შევთავაზეთ გამოცდების ზეპირი ან წერითი ფორმით ჩატარება, არ შეგვიზღუდავს მათი აკადემიური დამოუკიდებლობა. პროფესორების მიერ სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებები რექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით იქნა დარეგულირებული. ლექტორების მიერ გასწორებული ტესტებისა და ზეპირი გამოცდების შემთხვევაში დაწერილი ქულები დროულად იტვირთება სასწავლო პროცესის მართვის ბაზაში. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა სტუდენტებთან და ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში მათ ნებისმიერ საკითხში აღმოვუჩინოთ დახმარება.

– სამომავლოდ ხომ არ გეგმავს უნივერსიტეტი რაიმე სიახლის დანერგვას ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, ამ მეთოდოლოგიის ფართოდ გამოყენებას სასწავლო პროცესში?

– როგორიც იქნება სახელმწიფოს პოზიცია, ისეთ სტრატეგიას ავირჩევთ ჩვენც, თუმცა კარგი იქნება, თუ მომავალში სწავლების დროს ონლაინ პლატფორმას გამოვიყენებთ მაგისტრანტებთან, რომლებიც დასაქმებულობის გამო ზოგჯერ ვერ ესწრებიან ლექციებს.

– რას ურჩევთ ამ სიტუაციაში სტუდენტებს?

– მე ვურჩევ სტუდენტებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან ეს იმ გუნდის მოწოდებაა, რომელიც კარგად ართმევს თავს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სტუდენტებისათვის და ყველანაირად მხარში დავუდგებით მათ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური