დირექტორის დამხმარე ინსტრუქცია მათთვის, ვინც სკოლაში გასაუბრებისთვის ემზადება
„ჩვენს სკოლაში 1500-მდე მოსწავლე სწავლობს. მათ სწავლა-აღზრდაში ჩაბმულია 87 მასწავლებელი. ამ ეტაპზე იტალიური ენის პედაგოგის ვაკანსიები გვაქვს და მსურველებს ვეტყვი, რომ სკოლაში თავის დამკვიდრება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა არც ისე ადვილია. თუ მასწავლებლობა გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, ძალიან უნდა გიყვარდეთ თქვენი პროფესია და ბავშვები“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე.
გამოცდილი დირექტორს ვთხოვეთ, დამხმარე ინსტრუქცია მიეცა პედაგოგობის იმ ახალგაზრდა მსურველებისთვის, რომლებმაც სწორედ ახლა, საგამოცდო შედეგების გამოცხადების პარალელურად, აქტიურად დაიწყეს ვაკანსიების ძიება საჯარო სკოლებში.
“სკოლებში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია ივსება შიდა და ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება შემცვლელი ან მოწვეული (არაუმეტეს 9 საათისა) მასწავლებლის აყვანა. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია შიდა კონკურსის გამოცხადების გარეშე, ღია კონკურსის მეშვეობით შეავსოს. როცა სკოლაში ღია კონკურსია გამოცხადებული, ვაკანსიებს ეცნობით teacherjobs.ge-ზე”, – გაუნუმარტავს მასწავლებლობის მსურველებს სკოლის დირექტორი.
დირექტორის მონათხრობით, მასწავლებლის შესარჩევი კონკურსი საჯარო სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს 3-ეტაპიანი. პირველი ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევაა, მეორე – გასაუბრება, მესამე კი კონკურსის შედეგების განსაზღვრა. გადაწყვეტილების მიღება გასაუბრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ხდება.
ვინ ესწრება გასაუბრებას?
“საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება დირექტორის მიერ N174/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად. საკონკურსო კომისიის წევრებად, სკოლის თანამშრომლების გარდა, აგრეთვე შედის დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი”, – განმარტავს ეკატერინე ენდელაძე.
რა შეიძლება გკითხონ გამოცდაზე?!
“კარგი მასწავლებლობა მხოლოდ სასწავლო საგნის კარგად ცოდნას არ ნიშნავს. მასწავლებებს არამხოლოდ იმ სფეროში მოეთხოვებათ კომპეტენტურობა რომელსაც ბავშვებს ასწავლიან, არამედ მათ უნდა იცოდნენ სწავლების მეთოდიკა, ბავშვთან მიდგომები და მათი ფსიქოლოგიაც. რაც მთავარია, მასწავლებლებს უნდა უყვარდეთ ბავშვები და ჰქონდეთ მზაობა, რომ ყველა თაობა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყველა ბავშვი ინდივიდუალური, უნიკალური და მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ. სწორედ ამ საკითხების გარშემო არის კითხვებიც”, – გვიხსნის ეკატერინე ენდელაძე.
1500 მოსწავლისგან შემდგარი სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამწყები პედაგოგი, რომელიც დასაქმების დღიდან გამოავლენს ისეთ პიროვნული უნარებს, როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა, მზრუნველობა, საკუთარი სკოლისა და ბავშვების სიყვარული, კოლეგიალურობა, სამომავლოდ მასწავლებლის პროფესიაში წარმატებული იქნება.
ასევე იხილეთ:
„შემაჯამებლებთან დაკავშირებით ეს უნდა გაითვალისწინოთ“- ინსტრუქცია დირექტორისგან მასწავლებლებს