GE
23 აპრილი, 2026 13:12

„ძალიან ლამაზია კუბოკრული პიჯაკები, მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავებაც აღარ იქნება“ – მოსწავლეები სასკოლო ფორმის დიზაინზე

ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი პიჯაკი და ამავე ფერის შარვალი, გოგონებისთვის – კუბოკრული პიჯაკი, ქვედაკაბა მოკლე და გრძელი, ასევე შარვალი – საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ასეთი იქნება 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმა, რომლის ნიმუშებიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით უკვე ოფიციალურად დადგენილია. ცნობილია ისიც, რომ ფორმის ღირებულება 100-150 ლარს არ გადააჭარბებს.

გამოქვეყნდა მოსწავლის სასკოლო ფორმის დეტალური აღწერილობა და ყველა ფოტო

მინისტრის ბრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასკოლო საზოგადოებამ იხილა ფორმების ესკიზებიც, რასაც მშობელთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, EDU.ARIS.GE ამ თემაზე გასულ სტატიაში უკვე გიყვებოდათ. გემახსოვრებათ ისიც, რომ ჩვენ მიერ გამოკითხული მშობლების დიდ ნაწილს გივი მიქანაძის უწყების მიერ მათი შვილებისთვის სასკოლოდ შერჩეული ტანსაცმელი არ მოსწონს და ფორმების ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხიც აწუხებს.

მშობლების მოსაზრებების გაგების შემდეგ გადავწყვიტეთ, სასკოლო სამოსის დიზაინზე, თბილისში, იმ მოსწავლეების შეფასებებიც მოგვესმინა, რომლებსაც სექტემბერში სკოლის კარების შეღება სწორედ ამ ფორმით მოუწევთ.

„ხარისხიანი სასკოლო ფორმა 200 ლარი მაინც დაჯდება“ – რისი გადამხდელები არიან და რას ფიქრობენ მშობლები ფორმებზე

მეხუთეკლასელი შოთა დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. მოსწავლე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სკოლაში ფორმის შეტანის გადაწყვეტილებასაც უწონებს და თავად ფორმის დიზაინსაც:

„სასკოლო ფორმას ჩავიცვამ. ბევრ მოსწავლეს, შესაძლოა, არ ჰქონდეს საშუალება, რომ ბრენდული ტანსაცმლით იაროს და ამის გამო, შეიძლება, დაცინვის ობიექტი გახდეს. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფორმები შემოდის. ბავშვებს აღარ გაუჩნდებათ იმის სურვილი, რომ ერთმანეთი დააბულინგონ. მივესალმები ფორმებს. სასკოლო ფორმის ესკიზი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს“.

ფორმა მისაღებია კიდევ ერთი მეხუთეკლასელისთვის. როგორც ნიკა გვეუბნება, სასკოლო ტანსაცმელს სიამოვნებით ატარებს:

„ჩემი აზრით, სკოლაში ფორმების შემოტანის იდეა ძალიან კარგი იდეაა. პირადად მე, სიამოვნებით ვატარებ ამ ფორმას. ესკიზიც ნანახი მაქვს. ნამდვილად მისაღებია“.

განსაკუთრებით კუბოკრული პიჯაკი მოსწონს მე-5 კლასის მოსწავლე ნიცას, რომელმაც უკვე ისიც იცის, რომ მისი სასკოლო ფორმის აუცილებელი კომპონენტი ქვედაკაბა იქნება და არა შარვალი:

„ფორმა მომწონს ძალიან და მე ჩავიცვამ. ძალიან ლამაზია ეს კუბოკრული პიჯაკები, მიყვარს. რა თქმა უნდა, კაბიანი კომპლექტი მეცმევა“.

ფორმის ჩაცმა ეხალისება მეხუთეკლასელ ნიკოსაც. მოსწავლე გვეუბნება, თავისუფლად ჩაცმისთვის დრო და ადგილი სასკოლო სივრცის გარეთაც დარჩება:

„მომეწონა ფორმის სტილი. სკოლაში ფორმით ვივლი, მის გარეთ კი სხვა ტანსაცმლით. ძალიან კარგი იქნება“.

როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ დაწყებითი საფეხურის გარდა, ფორმების სავალდებულო წესით ტარება ეტაპობრივად უფროსკლასელებისთვისაც შემოიღონ. ამ გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, EDU.ARIS.GE-მ კითხვები – მოსწონთ თუ არა ფორმის ასეთი დიზაინი და ჩაიცვამდნენ თუ არა მას – უფროსკლასელებსაც დაუსვა.

ჩვენი რესპონდენტები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. პირველი – ვისაც ფორმის ჩაცმა არ უწევს, მაგრამ სასკოლო ტანსაცმლის დამტკიცებული ნიმუშების ავ-კარგიანობაზე არამარტო ფიქრობს, არამედ ხმამაღლა აკრიტიკებს მას. მეორე – ვინც ასევე არ უნდა ჩაიცვას ფორმა, თუმცა დიზანი მოსწონს და არც მის ტარებაზე იტყოდა უარს. ზუსტად ასე ფიქრობს ჩვენი რესპონდენტი – მე-6 კლასის მოსწავლე ბაბი, რომელიც გვეუბნება, რომ ამ დიზაინით შეკერილ ფორმას სიამოვნებით მოიერგებდა:

„ფორმების ესკიზი რომ ვნახე, მომეწონა, ლამაზია. თუ მეც მომიწევს სასკოლო ფორმის ჩაცმა, ჩავიცვამ. სამაგიეროდ, ყოველდღე აღარ მომიწევს ტანსაცმლის შერჩევა სკოლაში წასასვლელად. ყველას ერთნაირი ფორმა თუ ეცმევა, ძალიან ლამაზი იქნება“.

სასკოლო ფორმა მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრის კარგ საშუალებად ესახება ემილის, რომელიც ასევე მეექვსეკლასელია:

„ფორმა ლამაზი და ჩემი აზრით, პრაქტიკულიც იქნება. უფროსკლასელებისთვისაც სავალდებულო რომ გახდეს, ასეთ ფორმას ჩავიცვამდი. თუკი, ყველა ერთნაირად იქნება შემოსილი, მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავება აღარ იქნება“.

ფორმა კარგ გამოსავლად მიაჩნია მე-6 კლასის მოსწავლე ბარბარეს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბავშვებმა არ იციან, რა ჩაიცვან სკოლაში და არჩევანის გაკეთებისას დიდი დრო ეკარგებათ:

„ასეთი ფორმა ჩემთვის მისაღებია, თუნდაც მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის გახდეს სავალდებულო. მე პირადად სულ ვფიქრობ, რა ჩავიცვა მეორე დღეს სკოლაში. თუ საღამოს ვერ მოვიფიქრე, მერე უკვე დილით, სკოლაში წასვლამდე დიდი დრო მეკარგება არჩევანის გასაკეთებლად. ამიტომ, მგონია, რომ იმ ბავშვებს, ვისაც მომავალი წლიდან ფორმის ტარება მოუწევთ, ეს პრობლემა მოუგვარდებათ – ყველა გამზადებულ სამოსს ჩაიცვამს“.

EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სასკოლო ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება. უფროსკლასელებიდან ზოგს მთლიანად დიზანი, ზოგს კი კომპლექტში შემავალი ესა თუ ის კომპონენტი არ მოსწონს:

„შეიძლება, კარგია, რომ სასკოლო ტანსაცმელი ყველასთვის ერთნაირი იყოს, რაც ბულინგის კარგი პრევენცია იქნება. თუმცა, პირადად მე, ფორმები არ მომეწონებოდა. მირჩევნია, რაც გამიხარდება, ის ჩავიცვა. ესკიზიც ნანახი მაქვს და გოგონებისთვის გრძელი ქვედაბოლოებიც რომ არის გათვალისწინებული, არ არის მოსაწონი. პატარა ბავშვებმა უნდა ჩაიცვან და რამდენად იქნება კომფორტული, არ ვიცი. ჩემი პირადი მოსაზრებით, მონაზონებს აცვიათ, ისეთი ქვედაბოლოა. ნამდვილად არ უნდა მოსწონდეს თანამედროვე გოგოს ასეთი ქვედაკაბის ჩაცმა“, – გვეუბნება მე-10 კლასის მოსწავლე ნანო.

მეცხრეკლასელი ნიკილოზისთვის კი სკოლაში ის „ფორმაა“ მისაღები, რასაც ყოველდღიურად საკუთარი გემოვნებით იცვამს:

„ფორმის ტარება რომ მაღალ კლასებშიც სავალდებულო გახდეს, არ მინდა. მსურს, თავისუფლად მეცვას და ის მეცვას, რაც მე მომწონს. თუ შესაძლებელი იქნება, არ ჩავიცვამ და თუ არ იქნება – მომიწევს ვატარო“.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს

თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს – რას ამბობს განათლების სამინისტრო

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

schools.ge (ნ)