„უფრო მეტ ხარვეზებს ველოდით“ – სკოლა, რომელმაც დიაგნოსტიკური შეფასება ჩაატარა
სასწავლო წელი თითქმის ყველა მოსწავლისთვის მიიწურა და უკვე ნათელია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში უნდა ჩატარებულიყო და პანდემიისას ონლაინ სწავლების გამო მოტანილი ზიანი და მოსწავლეების საჭიროებები გამოევლინა, აღარ ჩატარდება.
დიაგნოსტიკური შეფასება მაისის თვეში იყო დაანონსებული, რომელსაც IV-IX კლასების ყველა მოსწავლის მიღწევა უნდა აღეწერა, თუმცა ფაქტია, რომ სკოლებში ივნისის თვეშიც არ განხორციელებულა მსგავსი აქტივობა. განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია, ამ ფაქტს იმას უკავშირებს, რომ სკოლები ასეთ ღონისძიებებს, შეფასებებს კონტროლად აღიქვამენ და სახიფათოა.
„იმის გამო, რომ სკოლებს ეშინიათ კონტროლის, გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ან აყალბებენ ასეთ შეფასებებს, ან ბავშვებისთვის საზიანო გადაწყვეტილებებსაც კი იღებენ, რადგან არ სურთ გამოჩნდეს, რომ მათ უფრო მეტი მოსწავლე ჰყავთ, რომლებსაც სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ახლა აქვთ. ამიტომ, ძალიან საფრთხილოა ასეთი სისტემების ცენტრალიზებულად შემოღება. უკეთესი იქნებოდა, სკოლას დაეხმარონ, თვითონ როგორ შექმნას დიაგნოსტიკური შეფასებების მასალები და როგორ განახორციელოს“, – ამბობს ჯანაშია ჩვენთან საუბრისას.
EDU.ARIS.GE-მ აღმოაჩინა სკოლა, რომელმაც დიაგნოსტიკური შეფასება დაწყებით კლასებში თავად ჩაატარა. სურვილის მიუხედავად, იმის გამო, რომ რესურსი არ გააჩნდათ, მაღალ კლასებში ამ შეფასების ჩატარება ვერ შეძლეს.
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში დიაგნოსტიკური შეფასება I-III კლასებში ჩაატარეს. სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი 8 ივნისს მოგვიყვა, რომ დიაგნოსტიკურ შეფასებაში დაწყებითი კლასების 450-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც დირექტორი ამბობს, შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები მშობლებს გააცნეს და რეკომენდაციებიც გასცეს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა პრობლემები ჰქონდათ ბავშვებს
„დისტანციურ სწავლებას განსაკუთრებით დაწყებით კლასებში ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. ამიტომაც ჩავატარეთ მათთან დიაგნოსტიკური შეფასება. წერა, კითხვა, მოსმენა, აღქმა – ეს არის ძირითადი მიმართულებები დაწყებით კლასებში. უფრო მეტ ხარვეზებს ველოდით, ვიდრე დაგვხვდა. ქართულში პირველკლასელმა წუთში 22 სიტყვა უნდა წაიკითხოს. ეს არის ზღვარი. 150 მოსწავლიდან ზღვარზე გავიდა მხოლოდ ორი მოსწავლე, დანარჩენებმა 22-ზე მეტი სიტყვა წაიკითხეს. მაგალითად, მივეცით დავალება, რომ ლუწი რიცხვები ამოერჩიათ. ამოარჩიეს, მაგრამ მერე, სიდიდეების მიხედვით ბევრს გაუჭირდა მათი დაწყობა. რა ხარვეზიც დაფიქსირდა, მასწავლებლებმა მშობლებთან სათითაოდ განიხილეს და შევიმუშავეთ პროექტიც. რადგან არდადეგები იწყება, არ გვინდა, სწავლების პროცესის წყვეტა გვქონდეს და გადავწყვიტეთ, მუდმივად იყოს კავშირში მასწავლებელი მოსწავლესთან და მის მშობელთან. დავალებების დროს ძირითადად თამაშის ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ არდადეგები არ წავართვათ ბავშვებს“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
თამაზ ჭაბუკიანს ვკითხეთ, რას ფიქრობს სამინისტროს მიერ დაანონსებული დიაგნოსტიკური შეფასების ჩაშლაზე, რომელიც IV-IX კლასებში უნდა ჩატარებულიყო, რაზეც გვიპასუხა, რომ სამინისტროს მთლიანი საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ მას ამ პროცესის შეფასება არ შეუძლია. რაც შეეხება დიაგნოსტიკური შეფასების აუცილებლობას, დირექტორი ამბობს:
„რომ ჩატარებულიყო, კარგი იქნებოდა. ჩვენ მოკლებული ვართ კვლევებს. შეიძლება ეს კვლევები წელს დაიწყოს, მომავალ წელს დასრულდეს, ის უფრო მასშტაბურიც იქნება და უფრო მეტი ანალიზის საშუალებასაც მოგვცემს. ამის ჩატარებას სულ სხვა გუნდი უნდა. ჩვენ კი მხოლოდ დაწყებით კლასებში ჩავატარეთ დიაგნოსტიკური შეფასება, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. მაღალ კლასებში კი იმიტომ არ ჩავატარეთ, რომ ჩვენ ამის პოტენციალი და რესურსი არ გვაქვს“.
ასევე იხილეთ:
მშობელი: ვერანაირი დიაგნოსტიკური შეფასება ვერ უშველის, ისეთი მდგომარეობაა სკოლებში
„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია