„დიდი ალბათობით, წელს არც ჩატარდება“ – მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასებისთვის სკოლებს მასალები არ მიუღიათ
ქვეყნის მასშტაბით დაანონსებული IV-IX კლასების ყველა მოსწავლის მიღწევის აღწერა, რომელიც სკოლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური შეფასების მიხედვით უნდა განხორციელდეს, წელს ვეღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ერთერთი საჯარო სკოლის მშობელს, სამინისტროში დღეს მიაწოდეს.
„სკოლის დირექტორისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია მაისის ბოლოს ჩასატარებელი შეფასების თაობაზე და სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დიდი ალბათობით, წელს არც ჩატარდება. ჩვენ რაღაც ტესტების მაგალითებს ველოდებოდით სამინისტროსგან, რაც არც ჩვენს სკოლაში მიუღიათ და არც სხვაგან, სადაც მოვიკითხეთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მეექვსე კლასის მოსწავლის მშობელმა, რომელიც წუხს “რატომ ააფორიაქეს შვილები, თუ ეს გამოცდა (გულისხმობს შეფასებას) არც ჩატარდებოდა”.
EDU.ARIS.GE საკითხის გადამოწმებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ასევე ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლებთან შეეცადა.
როგორც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ერთერთი წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და სხვადასხვა დეტალები ზუსტდება. მან დაგვიდასტურა, რომ სკოლებს დამხმარე მასალები არ მიუღიათ და გვითხრა, რომ სავარაუდოდ, დიაგნოსტიკური შეფასება ამ სასწავლო წელს არ ჩატარდება.
„სწავლა სკოლებში 15 ივნისამდე გრძელდება და ივნისის თვეში უკვე გასაჯაროვდება სამინისტროს მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როდის და როგორ ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება“, – განგვიცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
დიაგნოსტიკური შეფასება, რომელმაც უნდა დაადგინოს პანდემიის დროს მოტანილი ზიანი და შედეგად შესაძლებელი გახდეს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად, აპრილის თვეში დაანონსდა. თავდაპირველი გათვლით, სკოლებს, დიაგნოსტიკური დავალების წერა, მაისის 10 რიცხვამდე უნდა დაესრულებინათ. როგორც განათლების სამინისტროს რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ისინი აპირებენ სკოლებისთვის თითო საგანში თითო წერითი ვარიანტის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ერთსა და იმავე კლასში მყოფმა ბავშვმა ერთი და იგივე თემასა თუ საკითხებზე უნდა წეროს. ყველა მასწავლებელი საკუთარ საგანში შეაფასებს თავის მოსწავლეს და ამის შემდეგ ვალდებულია, განმავითარებელი კომენტარი ელექტრონულ ჟურნალში ატვირთოს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის წარმომადგენელი და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე, მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრისას ჯერ კიდევ 26 აპრილს არ გამორიცხადა პროცესის გადავადებას და ამბობდა, რომ შესაძლოა, სკოლებში დიაგნოსტიკური შეფასების დანერგვამ გადაიწიოს და ეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლები პროცესს სერიოზულად არ შეხედავენ და ისე აღიქვამენ, როგორც ვალდებულებას.
ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება