GE

16 ჩინელი მოხალისე მასწავლებელი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩინურ ენას შეასწავლის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 16 ჩინელი მოხალისე მასწავლებელი შეუერთდა. მოხალისეები საჯარო, კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩინურ ენას ასწავლიან.

პროგრამის ახალი მონაწილეებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ქვეყნის კულტურული თავისებურებების, ისტორიის და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დღესვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გაფორდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროგრამას, გარდა ინგლისურენოვანი და ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებლებისა, დაემატა ფრანგულენოვანი მოხალისე მასწავლებელი. ასევე დაიხვეწა მოხალისეების შერჩევის კრიტერიუმები. ცენტრის განმარტებით, შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, გაიზარდა მოხალისეების კონტრაქტის ვადები: მოხალისეები სრულ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში, რაც ენის შესწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კანადელი, ფრანგი, ბრიტანელი, ამერიკელი და ჩინელი მოხალისე-მასწავლებლები, რომელთათვისაც მშობლიურია ინგლისური, ფრანგული და ჩინური ენები.

მოხალისეები განაწილებულნი არიან თბილისში, აჭარის, იმერეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური