GE

17 ათასზე მეტი მოქმედი პედაგოგი საგნობრივ გამოცდას წელს ივლისის დასაწყისში ჩააბარებს

პედაგოგების რეგისტრაცია საგნობრივი გამოცდებისათვის 25 მარტს 18:00 საათზე დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, რომელ საგანზე რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდა ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მოქმედი 65 ათასი პედაგოგიდან საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასმა გამოთქვა.

რაც შეეხება ტესტების ცვლილებას, მინდაძის თქმით, რადიკალური ცვლილებები არ გახორციელებულა.

,,ტესტებში რადიკალური ცვლილებები არ არის. შეიცვალა ტესტირების წონა და დატვირთვა, მაგრამ თვითონ ტესტის სპეციფიკა არ შეცვლილა. სერტიფიცირების პროცესი აქამდე ორ კომპონენტს მოიცავდა: ეს იყო საგნობრივი ცოდნის ტესტი და პროფესიული უნარების ტესტის ჩაბარება. ამის შემდეგ პედაგოგი ხდებოდა სერტიფიცირებული. არ მოწმდებოდა როგორ მუშაობდა პედაგოგი პრაქტიკაში. ახლა ეს სქემა გაფართოვდა და სწორედ ამ ნაწილში, უფრო დიდი ყურადღება ეთმობა უშუალოდ პრაქტიკაში როგორ მუშაობს მასწავლებელი. გამოცდა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება და ერთადერთი”- განაცხადა ივა მინდაძემ Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

2015 წელს საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ. როგორც ცნობილია, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგისათვის სავალდებულო ხდება საგნობრივი გამოცდის ჩაბარება (ამ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს)

საგნის გამოცდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ტარდება : ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია (VII-XII კლასები); გეოგრაფია (VII-XI კლასები); სამოქალაქო განათლება. ფიზიკა (VIII-XI კლასები); ქიმია (VIII-XI კლასები); ბიოლოგია (VIII-XI კლასები). ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული. ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

2015 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კრებულები

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური