GE

,,აბიტურიენტებს ვიზუალურ მასალაზე მუშაობა უჭირთ”, – მანანა ჯავახიშვილი

ისტორიის საგამოცდო ტესტებში აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი თარიღები და მეხსიერების სავარჯიშო დავალებები არ უჭირთ, თუმცა, როგორც სხვა საგამოცდო ტესტებში, ისტორიაშიც აქილევსის ქუსლი ის დავალებებია, რომლებიც ლოგიკურ მსჯელობასა და კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. 12 ათასია იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც წელს არჩევით საგნად ისტორია ჩააბარა. მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 8.5%-მა ვერ გადალახა. EDU.ARIS.GE–ს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი გამოცდის შედეგების ანალიზის შესახებ ესაუბრა:

ორი ვარიანტი შევთავაზეთ წელს იმ აბიტურიენტებს, ვინც არჩევით საგნად ისტორია ჩააბარა. 12 ათასამდე აბიტურიენტი გვყავდა. პირველ ვარიანტში 8% ჩაიჭრა, მეორეში 9%. ანუ, საერთო ჯამში, 8.5%-მა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა.

– ქალბატონო მანანა, ისტორიის ტესტის რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული და სად შეიცვალა ამის გამო გამსვლელი ქულა? 

– ოდნავ უფრო რთული იყო პირველი ვარიანტი. მეორე შედარებით მარტივი. თუმცა ქულათა გათანაბრებით ორივე ვარიანტში გამსვლელი ქულა 18 დაჯდა.

– დაიწერა თუ არა წელს მაქსიმალური ქულები?

– დიახ, დაიწერა. მეორე ვარიანტში ერთი 70 ქულა გვაქვს. ამავე ვარიანტში 69 ქულა 9 აბიტურიენტმა აიღო. პირველ ვარიანტში 70 ქულა არ დაწერილა, თუმცა გვაქვს რვა 69 ქულიანი ნაშრომი.

– რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად წლევანდელ ტესტში აბიტურიენტებს?

– ტრადიციულად არ უჭირთ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების თარიღები და ის დავალებები, რომელიც მეხსიერების გავარჯიშებასთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ, უჭირთ ღია დავალებები, ანუ ის, რომელიც მსჯელობას და კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. ვიზუალურ მასალაზე მუშაობა უჭირთ, რუკის ანალიზი… ეტყობა ვიზუალურ წყაროებთან სკოლაში ნაკლებად აქვთ კავშირი.

– აპელაციის პროცესმა საბოლოო სურათი ძალიან შეცვალა?

– ტრადიციულად ბევრი სააპელაციო განაცხადი არ მიგვიღია. სულ 100-120 ნაშრომი გადაიხედა თავიდან. ყოველთვის გვაქვს მომატება-დაკლების ფაქტები. წელს 20-მდე აბიტურიენტს ქულა მოემატა, 2-3-ს კი დააკლდა.

– ქალბატონო მანანა, წლიდან-წლამდე როგორია აბიტურიენტების მომზადების დონე, უმჯობესდება?

– ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესება და პროგრესი. შედარებით უკეთ აყალიბებენ თავის აზრს და მსჯელობაც უფრო გამართულია. წინა წელს 10% გვყავდა ჩაჭრილი. იყო წლები 12 და მეტი პროცენტი ვერ ლახავდა ბარიერს.

– და ბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა 2017 წლის აბიტურიენტებისთვის?

– ჩემი რჩევაა მეტი ყურადღება მიაქციონ ღია ტიპის დავალებებზე მუშაობას. იმ დავალებებს, სადაც მეტი აზროვნება და კრიტიკული ანალიზია საჭირო.

აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულის დაგროვება წელსაც ვერ შეძლეს

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა ,,დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური