ბარიერი 5.5 ანუ ჩაჭრილი მოსწავლეების შესახებ
პაპუნა შუშანია – რეზიდენტი, უმცროსი ექიმი
ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, განათლების სისტემის განუვითარებლობის გამო, ყველაფერი უღიმღამო იყო. ნორმალური წინასაგამოცდო ციებ–ცხელებაც კი არ ვიცოდით რას ნიშნავდა, რადგან იმ თაობიდან ვარ, როცა “ბანბანერკა”, ლიქიორი და მარწყვის ტორტი საკმაირისი იყო ატესტატისთვის. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ ქართული ლიტერატურის გამოცდის თემის დასახელებას, ორი პროგრამული იყო, ერთი კი თავისუფალი. თავისუფალი თემის შერჩევის შემთხვევაში, ისიც მახსოვს, 2 ქულა გემატებოდა, დანარჩენ საგნებში „პტიჩკით“ მონიშნულ ბილეთს იღებდი და წინა ღამით ნამეცადინებ საკითხებს მოყვებოდი, ნიშანიც გარანტირებული გქონდა.
ახალი არავისთვისაა, რომ სახელმწიფო სკოლებში სწავლის ხარისხი კერძო სკოლისას ჩამორჩებოდა. ვინც კერძო სკოლაში სწავლობდა მას ჰქონდა ფუფუნება, რომ გამოცდები მცირედი კორუფციის გარეშეც ჩაებარებინა.
მაშინ ხდებოდა, წლების წინ, რადგან ასეთი მოცემულობა გვქონდა. გარემო–პირობები, რომელიც ცუდად აისახებოდა ყველა კურსდამთავრებულზე. შვილის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად კი ოჯახი მზად იყო ყველაფერი გაეღო. ფასიან სექტორზე მოხვედრისთვის „სტავკა“ დაბალი გახლდათ და პროცედურა(ც) მარტივი – სასურველ ნაცნობს იპოვნიდი და მოხვდებოდი, ხოლო უფასოს შემთხვევაში, დაგროვილ ფულს წინასწარ იხდიდი, შემდეგ კარგ ვახშამზე დაპატიჟებდი და საქმეც „ჩაწყობილი“ გქონდა.
ეს ერთგვარი პოსტსაბჭოური ნარჩენი გახლდათ, რომელიც ფუნდამენტურად ამოიძირკვა. გაჩნდა ახალი ხედვები, სტრატეგიები. გატარდა რეფორმები და განათლების დონემაც ოდნავ მოიმატა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერება ისევ იმ ბნელ სისტემაში ჩარჩა, რადგან ახლის შეგუება გაუჭირდა.
შემდეგ მავანს წარსულში დაბრუნება მოუნდა და სურვილიც გამოთქვა, რომ საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა, რომ თითქოს ის სისტემა კარგად ასწავლიდა გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც.“
”მომხრე ვარ დღესაც საბჭოთა განათლების სისტემისა, რომელიც რა საკვირველია არ არის რუსული, ეფუძნება დასავლურ ფასეულობებს. უბრალოდ, საბჭოთა განათლების სისტემას ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ნაკლი, ყველაფერი პარტიულზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო აგებული. მე მიმაჩნია, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა, როდესაც კარგად გასწავლიდნენ გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც,”– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი:
სკოლამ ნამდვილად უნდა მისცეს ბავშვს მრავალმხრივი განათლება, მიუხედავად ბევრი პრობლემისა თუ ხარვეზისა, რომლის წინაშეც დღეს განათლების სისტემა დგას. მოსწავლეებს ამის საშუალება აქვთ, რაც არა აქვთ ეს არის სწავლის სურვილი და ნებისყოფა, დაჯდე და ისწავლო ის, რაც არ იცი. არ მესმის რატომ უნდა ჩაიჭრას მოსწავლე კლასის გამოცდაზე და მინიმალური ზღვარი როგორ ვერ უნდა გადალახოს? მგონი, ამაზე დაბალი ზღვარი ბუნებაში არ არსებობს.
არადა, თითქოს ყველა გამუდმებით სწავლობს, გარკვეულ საგნებში ცალკეც ემზადება და ერთი შეხედვით თითოეული ბავშვის ცხოვრება მისი განათლების პროცესია, მაგრამ როგორც ჩანს საბოლოოდ მათი შესაძლებლობლები განუვითარებელია, პოტენციურია და ამის დასტური საატესტატო გამოცდების მძიმე შედეგია, სადაც სპონტანურობა და ცოტაოდენი ქცევის წესები საკმარისი არ არის. ეს არის ფორმალური განათლების, განსაკუთრებით, ინტელექტუალური ცოდნის სფერო, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრებისეული დაკვირვების გარდა, გონებრივი შესაძლებლობების გაცილებით მეტი ვარჯიში და საკმაოდ ხანგრძლივი სწავლა სჭირდება. თანმიმდევრულად მეცადინეობა, რომელიც ლოგიკურ საფეხურებად მიმდინარეობს და საბოლოოდ სისტემური ცოდნის სახეს იღებს.
ჩაჭრილი ბავშვების მშობლები საყვედურებით მასწავლებლებთან მიდიან, მასწავლებლები მოსწავლეებზე იხოცავენ ხელს, პასუხად კი შემდეგი გაცვეთილი ეპითეტებია – „მეტი შეეძლო, დაიბნა, არ მეცადინეობდა.“
ურთიერთბრალდებები და საყვედურები. საყვედურები და ურთიერთბრალდებები.
თუმცა, ჩემი შეფასებით, რეალურად ყველა მხარე დამნაშავეა, რადგან ამ საკითხში შუალედური საყრდენი არ არსებობს.
დიახ ამდენი ჩაჭრილი მოსწავლეზე, რომელთა რაოდენობის გამხელისგან განათლების სამინისტრო თავს იკავებს, პასუხისმგებლობა სკოლამ, მასწავლებელმა და მშობელმა უნდა აიღოს. რადგან მათ უნდა უზრუნველყონ საგანთა ცოდნის მინიმალური დონე, რათა თავიდან აიცილონ იმის საშიშროება, რომ 12 კლასამდე მიღწეული კლასიდან–კლასში გადასაყვან გამოცდათა თავსებადობა დაირღვევა საატესტატო გამოცდებზე, სწავლების ხარისხის კრიტერიუმების განსაზღვრისა და დანერგვის გადამეტებული ვარიანტულობით. რადგან მოსწავლეს, მისი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, არ შეუძლია სრული პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს, ვერ ხვდება მის პოტენციალს და უფროსებზეა დამოკიდებული.
ერთმა მხარემ, ანუ მშობელმა უნდა აკონტროლოს, რადგან ყველა უფლება და კონტროლის მექანიზმი მის ხელშია, მეორე მხარემ კი მოსწავლეს უნდა მისცეს ის, რასაც მშობელი ვერ აძლევს – ფუნდამენტური განათლება და მას ყველა რესურსი გამოაყენებინოს, რათა მოსწავლე იძულებული გახდეს თავის ტვინის ასოციაციური ბოჭკოები კითხით დაასველოს, შემდეგ მოსალოდნელი მარცხი თავიდან აიცილოს და წელგამართულმა აღნიშნოს ბოლო ზარი. მაგრამ თუკი ბავშვი ისეთი ინსტიტუტის ფრთებქვეშ გაიზრდება, რომელიც მის სიზარმაცესა და უმოქმედობას რაიმე სახით წააქეზებს, შედეგი ყოველთვის ისეთი ფატალური და სამარცხვინო იქნება, როგორიც მინიმალური ბარიერის ვერგადალახვაა. არადა, როგორც მათი, ასევე ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია მათ შესაძლებლობაზე, მოახერხონ ამ ღირებული ცოდნის ორგანიზება ეფექტიანად ისე, რომ მივიღოთ დადებითი შედეგი სიძნელეებისა და გაურკვევლობის ნაცვლად.
თუმცა, შენ რომ მოსწავლე ხარ, იცი წინ გამოცდები გელოდება, 12 კლასამდე მოხვედი, კლასიდან–კლასში გადასასვლელი ყველა გამოცდა მაღალი ქულებით გაქვს „ჩაბარებული“, როგორ უნდა ჩაიჭრა მე–12 კლასის გამოცდაზე და მინიმალურ ზღვარს როგორ ვერ უნდა ასცდე?..
არადა, როგორი მარტივია დღეს სწავლა, სწავლასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა. არის წამახალისებელი გრანტებიც. არც ბანბანერკაა საჭირო და არც ლიქიორი, არც მოსწავლეების დაყოფა–დალაგება ისე, როგორც წინად იყო, მენდელეევს რომ ბაძავდნენ და მოსწავლეებს ელემენტებთან ათანაბრებდნენ, რათა „ატომური მასის ზრდის მიხედვით დაელაგებინათ.“