GE

დასაქმება გერმანიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შანსს აძლევს. „საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საზაფხულო არდადეგებზე გერმანიის სხვადასხვა მხარეში, არაერთ სფეროში იმუშავონ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ.

აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება. გერმანულმა კომპანიამ MitOst-მა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად პროგრამებში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას.

EDU.ARIS.GE კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს თამარ ჩახნაშვილს ესაუბრა და მისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ქალბატონო თამარ, რას გულისხმობს „საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამა”?

–ცნობილია, რომ გერმანიის მთავრობა ფართო შესაძლებლობას აძლევს უცხოელ სტუდენტებს   არამარტო სწავლისათვის, არამედ ლეგალურად დასაქმებისთვისაც. როგორც სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად თუ მოხალისეობრივი საქმიანობისთვის სოციალურ სფეროში.

აღნიშნული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა კი გერმანიაში სტუდენტების დასაქმებას საზაფხულო არდადეგების პერიოდში გულისხმობს. წინასწარ შერჩეულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ არდადეგებზე ამ ქვეყნის  სხვადასხვა მხარეში  იმუშავონ  და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.

–უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, როგორ უზრუნველყოფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების გერმანიაში დასაქმებას?

–ჩვენი პარტნიორის მეშვეობით. კერძოდ, გერმანულმა კომპანიამ mitOst-მა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2016 წლის 11 მაისს ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც  აღნიშნული კომპანია კსუ-ის სტუდენტების ლეგალურ დასაქმებას და მათ სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„საზღვარგარეთ პრაქტიკის და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამა” ახალგაზრდების ხელშეწყობას ემსახურება, ამ მხრივ კი ჩვენს პარტნიორს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია უკრაინის, ბელორუსიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა.

რომელი საფეხურის სტუდენტებისთვის არის ეს შანსი?

–ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ის ბაკალვრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, თუმცა სამომავლოდ მსგავსი შესაძლებლობა მიეცემათ ასევე დოქტორანტებსაც.

რა არის საჭირო მისთვის, რომ სტუდენტი ამ პროგრამაში მოხვდეს და გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეს?

–პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 18 დან 35 წლის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:  მას უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი, არ უნდა იყოს დამამთავრებელ სემესტრში, ანუ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ იგი უნდა აგრძელებდეს სწავლას და გერმანული ენა  B1 დონეზე უნდა იცოდეს.

 რა სფეროში შეეძლებათ იქ დასაქმება?

–დასაქმების სფეროები მრავალფეროვანია, მეტწილად საკურორტო და ტურისტულ ზონებში. ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენს სტუდენტებს ძირითადად მომსახურების სფეროში მოუწევთ მუშაობა, მაგ. სასტუმროებში, კაფე-რესტორნებში, სხვადასხვა სერვის-კომპანიებში. ამისათვის კი რაიმე პროფესიული გამოცდილება საჭირო არ არის.

რამდენი ხნით შეეძლებათ სტუდენტებს გერმანიაში მუშაობა?

–გერმანიის კანონმდებლობით სტუდენტებს 90 დღიანი სამუშაო ვიზა ეძლევათ.   საზაფხულო დასაქმების პროგრამა მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდება. სტუდენტი თავად ირჩევს სასურველ ვადას და დროს, ანუ მას შეუძლია ერთი ან ორი თვით  გერმანიაში დასაქმება, ან სულაც 90 დღით. კონკრეტული ვადები და პირობები დგინდება დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმებით, სკაიპ გასაუბრებით.

ამ ეტაპისავის არიან თუ არა უკვე მსურველები?

–მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა გერმანული ენის არასაკმარის დონეზე ცოდნა დამაბრკოლებელი ფაქტორია. ამიტომ, კსუ მსურველებს სთავაზობს გერმანული ენის ინტენსიურ კურსებს, რაც სტუდენტებს დაეხმარება მოკლე ვადაში ენის სხვადასხვა დონეზე დაუფლებაში.

თავის მხრივ „საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამა” შესანიშნავი საშუალებაა სტუდენტებისთვის როგორც ენობრივი კომპეტენციის გასაღრმავებლად და კულტურული თვალსაწიერის გასაფართოებლად, ასევე პროფესიული უნარების და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური