GE

2016-2017 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ელექტრონული ფორმატით ჩატარდება – დეტალები სიახლის შესახებ

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების შემდეგ 2016 წელს დაგეგმილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაც ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. რატომ ელექტრონული ფორმატი? როგორ მოხდება ოლიმპიადაზე რეგისტრაცია? როგორ გასწორდება მოსწავლეთა ნამუშევრები? – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-ს დეტალურად ესაუბრა.

–ბატონო ივა, რატომ გადაწყდა ოლიმპიადის ელექტრონული ფორმატით ჩატარება?

–ზოგადი ტენდენციაა, რომ გამოცდებში ელექტრონული ფორმატი სულ უფრო და უფრო ჩავრთოთ. გამოცდებში, რომლებსაც ვატარებთ, ვცდილობთ, გამოვიყენოთ ელექტრონული ფორმატი იმისთვის, რომ აპლიკანტებს მივცეთ ყველა იმ საშუალების გამოყენების შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს ზოგადად კომპიუტერული ტექნოლოგიები. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ტესტები შევთავაზოთ ოლიმპიელებს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ელექტრონული ფორმატი მყისიერი შედეგის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს. რაც ასევე ამ პროცესის დაჩქარებას იწვევს. ადრე ხდებოდა ნიშნების შეტანა პროგრამაში, რაღაც გარკვეული შეცდომები და  ხარვეზები იყო. ეს დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვდა, რასაც ამ შემთხვევაში ავცდებით.

–ოლიმპიადა მხოლოდ ტესტებით ტარდება? მისი გასწორება არ არის საჭირო გამსწორებლის მიერ?

–პირველ ეტაპზე არა. პირველი ეტაპი ყველაზე მასიურია, რამდენიმე ათეულათასი მოსწავლე მონაწილეობს. ძალიან დიდი რაოდენობა, რაც ძალიან სასიხარულოა. პირევლ ეტაპზე არის ე.წ. არჩევითი დავალებები, უნდა მონიშნო სწორი პასუხები. ხოლო მეორე, მესამე ტურში იქნება ღია დავალებები, რომლებსაც გამსწორებლები გაასწორებენ.

–დანარჩენი ტურებიც ელექტრონული ფორმატით ჩატარდება?

–არ გამოვრიცხავთ რიგ საგნებში კვლავ ელექტრონული შევთავაზოთ და რიგ საგნებში ქაღალდით და პასტით იყოს შესასრულებელი დავალებები.

–სად ჩატარდება ოლიმპიადა?

–პირველი ტური ჩატარდება სკოლებში, როგორც ადრე იყო. მეორე ტური ჩატარდება რაიონული მუნიციპალიტეტების ცენტრებში მდებარე სკოლებში. მაგ: ზუგდიდიში, ქუთაისში, თელავში და ა.შ. მესამე დასკვნითი ტური ჩატარდება, სავარაუდოდ, თბილისში. ან თბილისში და დასავლეთ საქართველოში.

–ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით?

–სკოლა უკვე რამდენიმე წელია, გამოსაშვებ გამოცდებს ატარებს ელექტრონული სახით. ზუსტად იგივე ინფრასტრუქტურას ვიყენებთ ოლიმპიადის შემთხვევაში.

–ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეთა კლასებად მითითებულია X-XII. მეცხრეკლასელები ადრე იღებდნენ მონაწილეობას და წელსაც ექნებათ ეს შესაძლებლობა?

–წელსაც შეუძლიათ  გამოვდიდნენ ზედა კლასის ოლიმპიადაზე. მათ აქვთ რეგისტრაციის საშუალება. არის შესაძლებელი სკოლამ დაარეგისტრიროს ოლიმპიადაზე მეცხრეკლასელი ბავშვი. იმ შემთხვევაში,  თუ სურვილი აქვს თავად ბავშვს და სკოლაც თუ გადაწყვეტს, რომ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, დარეგისტრირდება.

ადრეც სკოლები არეგისტრირებდნენ მოსწავლეებს ოლიმპიადაზე, ახლაც სკოლები დაარეგისტრირებენ. სპეციალური საიტია, სადაც უნდა დაარეგისტრიროს სკოლამ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლე. სკოლის დირექტორმა ელექტრონულად უნდა მონიშნოს უჯრაში, რომელი მოსწავლე გამოდის ოლიმპიადაზე.

–დარეგისტრირებისას რა სახის საბუთებია საჭირო?

–არაფერი. ჩვენ ვიყენებთ იმ მონაცემებს, რომელიც ყველა სკოლაში ისედაც არსებობს. ყველა მოსწავლის სია არის სკოლაში და ამ სიაში უნდა მონიშნოს დირექტოტრმა მოსწავლეები, რომლებიც გამოდიან ოლიმპიადაზე. რაც მარტივი პროცდეურაა და ავტომატურად დაინახავს ჩვენი ცენტრი.

–სახელმწიფო ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია?

–არა. თეორიულად ყველა მოსწავლეს შეუძლია გამოვიდეს ოლიმპიადაზე.

–როგორ ხდება ტესტების მიწოდება სკოლებისთვის?

–ელექტრონულად, ცენტრალიზებულად მოხდება ამ დავალებების მიწოდება სკოლებისთვის.

–ოლიმპიადის დღეს გაიხსნება ტესტები?

–გამოცდის დღეს გაიხსნება და პაროლების სისტემა იქნება, რომელსაც სკოლას მივაწვდით ცალკე.

პირველად ვატარებთ ელექტრონული ფორმატით ოლიმიადას და იმედი გვაქვს, მოეწონებათ სკოლებსაც და მოსწავლეებსაც.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური