GE

გაუქმდა თუ არა „შერლოკის ოლიმპიადა“? – რა პასუხი აქვთ ორგანიზაციაში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შერლოკის ოლიმპიადა“ გაუქმდა, გათიშულია მათი ვებ-გვერდი და აღარ იძებნება “facebook” – ის ოფიციალური გვერდიც.

Aris.ge – განათლება „შერლოკის“ მესვეურებს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, მოესწრო თუ არა მიმდინარე ოლიმპიადების ყველა ტურის დასრულება და შეასრულა თუ არა ორგანიზაციამ მონაწილეების მიმართ არსებული ვალდებულებები, გადაეცათ თუ არა წინა ოლიმპიადის გამარჯვებულებს დაგვიანებული პრიზები, როგორც ეს გასულ თვეებში იყო დაგეგმილი.

ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა რუსა ჯიქიამ, Aris.ge-განათლებას განუცხადა, რომ ის „შერლოკში“ აღარ მუშაობს და სხვა, ორგანიზაციის მოქმედ თანამშრომელთან გადაგვამისამართა, რომელმაც ჩვენს კითხვებს უპასუხა, თუმცა საკუთარი ვინაობის სტატიაში დაკონკრტებისგან თავი შეიკავა.

„შერლოკის“ დახურვის ან გაუქმების შესახებ  ინფორმაციას ოლიმპიადის თანამშრომლები არ ადასტურებენ. როგორც Aris.ge -განათლებას ორგანიზაციაში განუცხადეს, ზაფხულის პერიოდი ოლიმპიადისთვის დასვენებისაა, რაც შეეხება პრიზებს, რაც დარჩათ გასაცემი, სექტემბერში დაარიგებენ.

„დასვენების პერიოდი გვაქვს. არ დახურულა ოლიმპიადა, ზაფხულის პერიოდში ყოველთვის ვითხოვთ ხოლმე თანამშრომლებს. ოქტომბრიდან, მერე ისევ ახლიდან აგვყავს. რაც შეეხება ვებ-გვერდს, ბაზები იწმინდება და ჩაირთვება დაახლოებით ერთ კვირაში. პრიზების უმრავლესობა გაცემულია, დაანონსებულია,  ვებ-გვერდზეც იდო და ყველა მონაწილემ იცის, რომ ნაწილი დაჯილდოვდება სექტემბრის მეორე ნახევარში.  ყოველთვის ასეა, სადღაც მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე ოლიმპიადა ისვენებს, არამარტო ჩვენ,  არამედ ყველა ოლიმპიადა. ყველა  მომხმარებელი ინფორმირებული გვყავს ამის შესახებ, პერსონალურად დავურეკეთ, ყველა საქმის კურსშია“, – განაცხადეს „შერლოკის ოლიმპიადაში“.

„შერლოკის ოლიმპიადის“ დახურვა-არდახურვაზე ორგანიზაციაში ასეთი პასუხი აქვთ, რომელსაც ოლიმპიადის მონაწილეები და მათი მშობლები თავადაც უკეთ შეაფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში, „შერლოკის ოლიმპიადის“ მისამართით მონაწილეებისა და მათი მშობლების მხრიდან არაერთი პრეტენზია გამოითქვა, მაშინ განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „შერლოკის“ მიერ ჩატარებული ინგლისური ენის ოლიმპიადის შესახებ Aris.ge-განათლებას მიმართა და პროცესით დაინტერესება სთხოვა, რაზეც ვრცელი რეპორტაჟი მომზადდა და მას Aris.ge-განათლების მკითხველი კარგად იცნობს.

„არასოდეს არ მიაღებინოთ თქვენს შვილს მონაწილეობა შერლოკის ოლიმპიადაში“ – სიმონ ჯანაშია

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური