GE

„ისტორიის საგამოცდო ტესტები თამაში რა? სად? როდის? არ არის!“

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამომცდებზე ისტორია დამატებით საგნად 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა. როგორც Aris.ge – განათლებასთან საუბარში გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობდნენ, ყველაზე მეტად მათ ვიზუალური მასალის შემცველი დავალებების შესრულება გაუჭირდათ. მათი თქმით, კარიკატურებსა და პლაკატებს არც სკოლაში, და ზოგიერთ შემთხვევაში, არც რეპეტიტორთან არ სწავლობდნენ, დავალებებში მოცემული იყო საფოსტო მარკაც. ისტორიის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე ჯერ დიდი დროა. იქამდე კი Aris.ge-განათლება ტესტის შედგენის და მასში მოცემული დავალებების კონტექსტურ დატვირთვასა თუ ავ-კარგიანობაზე, პოლიტოლოგის მოსაზრებას გთავაზობთ. 

დაუდევრობა?..

ყურადღებით გავეცანი 2015 წლის ისტორიის საგამოცდო ტესტების ორივე ვარიანტს, რა თქმა უნდა იგრძნობა, რომ დიდი შრომაა გაწეული და მიზნად ისახავს აბიტურიენტის ცოდნის სხვადასხვა მხრივ წარმოჩენას – როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ გარკვეული ისტორიული ფაქტების თარიღებისა თუ მოვლენების მექანიკური დაზეპირების შედეგად ვერ ჩააბარებდა მას წარმატებულად, დიდი ყურადღება მიექცა მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარს. ეს კარგია, მაგრამ შეუძლებელია, რომ არ წარმოგეშვას შეკითხვები ტესტების ილუსტრაციების ნაწილთან დაკავშირებით, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ მის ავტორებს, რამდენად ლოგიკური და აქტუალური იყო ეს საკითხები და რეალურად, შესაძლებელია თუ არა, რომ აბიტურიენტი, ილუსტრაციებიდან გამომდინარე, შეკითხვებზე სწორის პასუხის გასაცემად შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობდეს.

დავიწყებ თავად ილუსტრაციების აგებულებიდან და მყისვე მიჩნდება კითხვა  – ამ ილუსტრაციების შედგენაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ბატონ გიორგი მოსიძეს ხომ არ სთხოვა დახმარება?

,,რა? სად? როდის?“ საწინააღმდეგო, ცხადია, არავის არაფერი აქვს, მაგრამ გამოცდები ისტორიაში, ინტელექტუალური თამაშები არ არის. ზუსტად ანალოგიური პრინციპით არის აგებული შეკითხვები რა? სად? როდის? სპორტულ ვერსიებში, როდესაც გუნდებს ურიგდებათ ვიზუალური მასალები, სადაც არსებული მინიშნებების მიხედვით, გუნდმა სწორი პასუხი უნდა გასცეს. ეს, იდეაში, ცუდი არ არის, უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი შეკითხვების სპეციფიკისა და ლოგიკის ათვისებაზე გუნდები წლების განმავლობაში ვარჯიშობენ და ამასთან, გუნდში 6 მოთამაშეა. ეს ისე, უბრალოდ.

ახლა უფრო კონკრეტულად, დავეთანხმები ილუსტრაციების ავტორებს, რომ ილუსტრაციებში ტესტების ორივე ვარიანტში მინიშნებები არსებობდა.

11759644_1031277636891626_1590553710_nპირველ ვარიანტში (II მსოფლიო ომზე,) ეს იყო სსრკ-ზე მინიშნება. აბიტურიენტს შეეძლო იმის მიხვედრა, რომ ილუსტრაციაზე საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ პერიოდზე იყო საუბარი – ანუ, 1922 წლის 30 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე, ამას დამატებულია წარწერა ფრონტის თაობაზე და საბრძოლო ჭურვები.10152843_1031277616891628_138311989_n

მეორე ვარიანტი უფრო რთული იყო, სახეზეა მითითება გერმანიის იმპერიაზე და ირიბი მინიშნებაა თვითმფრინავის სახით (ალბათ, უნდა ჰქონდეს 17 წლის ახალგაზრდას

წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა პირველი მსოფლიო ომისდრინდელი ფრანგული  სამხედრო თვითმფრინავი, თუმცა სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში ასეთი თვითმფრინავი გამოსახული იყო, ოღონდ სხვა რაკურსით და წარმოდგენილ ილუსტრაციაში მეტად რთული იყო მისი აღქმა).

unnamedაბსოლუტურად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკეთის მოვლენების ამსახველ ილუსტრაციებთან.

ამდენად, ზემოაღნიშულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამდი შეშფოთებას და დაჟინებით გავიმეორებდი, რომ ტესტი ისტორიაში არ უნდა იყოს თავსატეხი. ამასთან ერთად, უნარებში ცალკე გამოცდა ტარდება და ყველა გამოცდაზე აბიტურიენტის უნარების შემოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი არგუმენტის მოსმენა იქნებოდა მიზანშეწონილი.

რაც შეეხება ტესტების ,,რუსეთის იმპერიულ ნაწილს“, ამ სტატიის დასათაურების სურვილი – „დაუდევრობა“, ჩემში სწორედ ამ ილუსტრაციებმა გამოიწვია.

poltavaაქაც, დასაწყისშივე, ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს, რომელიც პოლტავის და ბოროდინოს ბრძოლების იუბილეს შეეხება: მსოფლიო ისტორიაში, ქართველი აბიტურიენტებისთვის რაიმე უფრო საინტერესო არ არის, გარდა  რუსეთის იმპერიის 2 რეალურად უდიდესი და უბრწყინვალესი გამარჯვების განხილვისა რუსეთის იმპერიის იმპერატორების დასახელებასთან ერთად?

ბუნებრივია, რუსეთის იმპერიის ისტორია, მსოფლიო ისტორიის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც სხვა ერებისა თუ სახელმწიფოების ისტორია, ეს საკითხი არც განიხილება სხვა კუთხით, მით უფრო, რაიმე ტიპის პოლიტიკურ თემებზე გადაყვანის მანიპულირების მცდელობას, ადგილი არ აქვს. უბრალოდ, საინტერესოა ამ ილუსტრაციების ავტორების ლოგიკა, სახელდობრ:

ილუსტრაციებში, შეკითხვები უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკეთზე ლოგიკურია და თანაბარია – ერთი იდეა აქვს, იგივე ითქმის პირველ და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ შეკითხვებზეც.

borodinoთუმცა, რუსეთის თემატიკაში, ავტორები ცალსახად გასცდნენ ლოგიკურ დამაკავშირებელ ჯაჭვს, კერძოდ, თუ ბოროდინოს ბრძოლასთან დაკავშირებით შესაძლებელია მსჯელობა მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, რომ ეს იყო რუსეთის იმპერიის სტრატეგიული გამარჯვება ბონაპარტისტულ საფრანგეთზე, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ნაპოლეონს, (თუმცა აქაც საინტერესო დეტალია, როცა დასმულია დამატებითი შეკითხვა, თუ რომელ მონარქის სახელს უკავშირდება ბოროდინოს ბრძოლა, აქ შესაძლებელია ორივე პასუხის გაცემა, როგორც ალესანდერე I-ის, ასევე ნაპოლეონის. ისევ რა? სად? როდის? თამაშს ვუბრუნდებით, ასეთ კითხვას დუალისტური შეკითხვა ჰქვია, კი ფილტრი იყო რუსეთის იმპერიის მარკა, ალბათ, შეეძლო აბიტურიენტს ევარაუდა, რომ მისი გამოშვება უფრო ალექსანდრე I-ს, უკავშირდება, მაგრამ ამ შემთხევაშიც ინტელექტუალურ თამაშამდე მიგვიყვანა ტესტების ავტორმა), მაშინ როდესაც პეტრე I-ის გამარჯვება შვედებზე პოლტავის ველზე მხოლოდ რუსეთის ,,საშინაო საქმე“ იყო და საბოლოოდ პეტრე I-ის მიერ წარმოებული ომი, რუსეთის იმპერიის ბალტიის ზღვის საშუალებით ევროპაში გასასვლელის მოპოვებას ემსახურებოდა.

ამ ლოგიკით, ხომ არ გვეკითხა ბავშვებისათვის რუსეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა თუ შექმნა-აღდგენის სხვა მაგალითები –  1242 წლის ყინულზე ბრძოლა, კულიკოვის ბრძოლა, ,,დგომა მდინარე უგრაზე“ .. აღარ გავაგრძელებ, პათოსი ნათელია.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში ორივე შეკითხვა შინაარსობრივადაც და თავისი იდეითაც ლოგიკას აცდენილია და მათ შორის პარალელის გავლება პრინციპულად შეუძლებელია.

ამდენად, ოპტიმისტურად ვიტოვებ იმედს, რომ პეტრე I-თან დაკავშირებული შეკითხვები შთაგონებული იყო იმდროინდელი რუსეთის ევროინტეგრაციის იდეით, რა იდეაც – ევროინტეგრაციას ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია დღეს ჩვენთვის და ამ იდეის ასე სიღრმისეულად და ვირტუოზულ-შენიღბულად აბიტურიენტებისათვის მიწოდების საპირირისპირო, ბუნებრივია, არაფერი გამაჩნია.

შენიშვნა: სტატიაში მისი შინაარსიდან გამომდინარე მოცემულია ტესტების რამდენიმე შეკითხვაზე სავარაუდო პასუხი, რაც მხოლოდდამხოლოდ ამ სტატიის ავტორის ვერსიებია, ამდენად ეს არც ერთ შემთხვევაში მკითხველის მიერ არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სწორი პასუხების ოფიციალური დადასტურება.

„ყველაზე ძნელი კარიკატურები იყო“ – რას ამბობენ ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა – ეროვნული გამოცდები 2015

ავტორი: დავით ჯაფარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური