რა კითხვები და არგუმენტები მიიღო განათლების მინისტრის მოადგილემ თსუ-ის პროფესურისგან და რა იყო პასუხი – დეტალები შეხვედრიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების მოწინააღმდეგეთაგან არგუმენტებს ითხოვს და ამბობს, რომ ასეთი არ მოუსმენია.
სამი თებერვლის გვიან საღამოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საზოგადოებამ ამცნო, რომ მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თსუ-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.
“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები”, – გვითხრა გივი მიქანაძის უწყებამ მოკლე რელიზში.
როგორც აღმოჩნდა, კითხვები ნამდვილად ბევრი დაისვა, მათზე პასუხების მიღების კი რა მოგახსენოთ…
ისტორიის დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი და სენატის ერთ-ერთი წევრი, თეა ქარჩავა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილესთან 3 თებერვალს გამართული შეხვედრის დეტალებს საკუთარ წერილში იხსენებს:
თსუ-ის სენატი: „ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს“
“მინისტრის მოადგილე თავდაპირველად მოჩვენებითი გულღიაობით შეგვხვდა, არ ვიცი მისი მოლოდინები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაუცრუვდა. თსუ-ის წარმომადგენლობის მხრიდან (ვინც ისაუბრა და ვინც არა, ამის მიუხედავად) განწყობა იყო საერთო და ცალსახა – აკადემიური საზოგადოება იყო აღშფოთებული მომხდარით, აბსოლუტური ინგორით და ცალსახად აფიქსირებდა უარყოფით პოზიციას როგორც უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, ისე ზოგადად, განათლების რეფორმის გაუაზრებლად მიმდინარეობაზე.
ყველა მოწოდება მინისტრის მოადგილისგან – მთელი ფაკულტეტის სახელით ნუ საუბრობთ, მთელი ინსტიტუციის სახელით ნუ საუბრობთ – ჩვენი მხრიდან შესმენილი არ იყო, რადგან რელევანტური არ იყო ეს მოწოდება.
რადგან განწყობები მინისტრის მოადგილემ ცხადად დაინახა, ამიტომ სადაც საჭიროდ მიიჩნია და რაც მის კოზირად ეჩვენებოდა, იქ გვაჭერდა. ვგულისხმობ იურიდიულ ჟონგლიორობას – ‘’სახელმწიფოს უფლება აქვს’’ , რომელიმე კანონიდან ციტირება და ამ კუთხით მსჯელობის განვითარება. როგორც კი შინაარსობრივ მსჯელობაში შევდიოდით, ხშირად პასუხი არ მაქვს, უფლებამოსილი არ ვარ – გვესმოდა (ამასთან, საკმაოდ მარტივად გადათქვამდა ხოლმე რამდენიმე წუთით ადრე ნათქვამს, იმდენადაც კი, რომ უკან ორი ქალბატონი ისე ბრაზდებოდა, გაუთავებელი პარალელური ხმები ჩამესმოდა ყურში). მით უფრო არაფრის უფლებამოსილება (მგონი ხმის ამოღებისაც კი) არ ჰქონდა თანმხლებ პირს, უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ჩემდა გასაკვირად, უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი აღმოჩნდა;
მინისტრის მოადგილემ დაგვტუქსა – ყველა ჭორს რატომ უსმენთ, პროფესორები არ ხართო? გეგონება, ჩვენი ბრალი იყო ბუნდოვანების, მიჩქმალვისა და მიკიბვ-მოკიბვის ის მასშტაბი, რასაც ვხედავთ. როცა ვუთხარით, რატოა პროცესი ასეთი გაუმჭვირვალე, რატომ არის ასეთი იმპერატიული და დაჩქარებული – პასუხი არ იყო;
კითხვაზე -ვინ არის/არიან განათლების კონცეფციის ავტორი/ავტორები; ჩამოწერილ თეზისებს რატომ არ ახლავს განხორციელების მექანიზმების აღმწერი გზამკვლევი – ავტორებზე დუმილი (მეტიც, გაღიზიანება) მივიღეთ, ხოლო გზამკვლევზე გვითხრა, რომ არსებობს და გვაჩვენებენ (დაგვრჩა განცდა, რომ არ აქვთ და რაღაცას ამ შეხვედრების მერე მოახლაფორთებენ);
უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ამოსავალი პრინციპებიდან გამომდინარე, აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური სივრცეში პოლიტიკური ჩაურევლობის საჭიროების საკითხი მწვავედ რომ დაისვა და ითქვა – რატომ ხდება უნივერსიტეტებში უხეში ჩარევა, რასაც ევროპული სამართალი იცავს – პასუხი არ იყო (რომ ჩამოვშორდებით ბოლომდე ევროპულ სივრცეს, არც არაფერი არ დაგვიცავს – ვიფიქრეთ ჩვენ);
ავტონომიურობის საკითხი მწვავედ იდგა გამომსვლელთა დღის წესრიგში და კონსტიტუციის 27-ე მუხლის შებღალვაც ჟღერდებოდა. 27-ე მუხლი კონსტიტუციისა არ არის სრული უფლება და ის მიემართება პროგრამებსა და ხარისხსო – მივიღეთ პასუხად;
პროცესის შესახებ პოსტ-ფაქტუმ რატომ ვიგებთ მიღებულ გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის აკადემიური სტაფი და მისი მმართველი ორგანოები – პასუხი არ არის. უფრო სწორედ, გვყავდა აკადემიური სფეროდანაცო დაცდა და როცა სასწრაფოდ კითხვა შევაგებეთ – აბა, ვინო? – როდის ვთქვი, აკადემიური სფეროდანო, გადათქვა და ინკოგნიტო ავტორები დარჩნენ ინკოგნიტოდ;
როცა ითქვა – თუკი იყო გზამკვლევი, რატომ თავიდანვე არ წამოჰყვა თეზისურ ნაწილს – რათა ის მღელვარება თავიდან ყოფილიყო არიდებული, რომელიც დარბაზშიც იგრძნობოდა, კიდევ რამდენი ადამიანი გაფაციცებული და ნერვებდაწყვეტილი ადევნებს თვალს – პასუხი არ მიგვიღია;
როცა დაისვა კითხვა – ‘’ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქი’’ რა ფენომენია და სად, მსოფლიოს რომელი კონტინენტის რომელ ქვეყანაში აქვს ანალოგი – განგვიმარტა, რომ ფიგურალურად იხმარეს ტერმინი და ფაკულტეტის ქვეშ პროგრამა მოიაზრებაო (ჩავასწორებთ კონცეფციაშიო); ანალოგზე პასუხი არ მიგვიღია. ამ თემას რომ ვატრიალებდით, შეწუხდა და ერთადერთი პასუხი იყო – სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს საგანმანათლებლო ქვოტებიო;
როცა დაისვა კითხვა – ბაზრის კვლევა რომ გიდევთ კონცეფციის ბაზისად, სადაა ეს კვლევა თვალით გვანახეთო, ხომ იცით რომ ბაზრის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო ატარებსო. მაგრამ როგორღაც განახებთო (ვადები არ თქმულა). შემხვედრ კითხვაზე, როდისაა ბაზრის კვლევა პირდაპირ ჭიპლარითაა მიბმული მეცნიერების განვითარებას რა სჭირდება იმაზე, მხოლოდ ტენდენციებს თუ აჩვენებსო – პასუხი არ იყო;
კითხვაზე – რატომ ჩაითვალა ხარისხის გაუმჯობესებად ორი უნივერსიტეტის გაერთიანების აუცილებლობა, ცალ-ცალკე ხარისხის აწევაზე დამიზნებული ინტერვენციები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა ყველა უნი-სთან მიმართებაში რატომ არ იქნებოდა უფრო უპრიანი? – პასუხი ხარისხის გაუმჯობესებასთან მიმართებაში არ იყო, თუმცა შემხვედრად ითქვა რომ ფლაგმანი უნდა გაკეთდეს და ის უნდა გაძლიერდესო;
მაგალითად იქნა მოყვანილი, რომ თსუ-ის ერთმა ფაკულტეტმა გამოკითხვა აწარმოა და სრული შემადგენლობით მისაღებად არ მიაჩნია თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება; რომ უახლოეს დღეებში სენატიცა და აკადემიური საბჭოც იკრიბება და თუკი იგივე პოზიცია იქნება დაკავებული (სხვა ფაკულტეტებიც გეგმავენ იგივეს) შეაჩერებთ თუ არა ამ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარე შერწყმას და შეისმენთ რაიმეს მეცნიერებისა და განათლების კვლევართა მხრიდან თქმულსო? – პასუხი იყო, რომ თავად ვერ გვეტყოდა ვერაფერს;
როცა მოვიყვანეთ როგორც შედარებით რბილი, ისე შედარებით უფრო ხისტი ჩარევებით ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანების პრეცენდენტები, თუმცა აღინიშნა, რომ ყველა პროცესს წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი სამუშაო; განხორციელების ვადა მინიმალური იყო 2 წელი, ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ პროფკავშირებიც, სახელმწიფო დაეხმარა ფულით პროცესის დასრულებამდე და ა.შ. და ეს ყველაფერი ჩვენთან რომ არ იქნა გათვალისწინებული, როგორაა ეგ საქმეო? – პასუხად მივიღეთ, განხორციელების ვადები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა, ვერ ვამბობთ ზუსტადო. ჩართულობაზე -დუმილი; ერთი რაც ითქვა- რატომ არ მოგწონთ, ერთი არგუმენტი მაინც თქვითო – ბევრი ვთქვით და რაც არ უნდოდა, არც ესმოდა – როცა შევუბრუნეთ კითხვა- თქვენ წამოიწყეთ პროცესი, ძალიან ჩქარობთ და არგუმენტების მოყვანაც თქვენი ვალიაო – პასუხი არ იყო, ან იყო – ‘’სამართლებრივად უფლება გვაქვს’’.
როცა ითქვა- ფლაგმანი თუ კეთდება და ყველა მიმართულებამ ერთად უნდა მოიყაროს თსუ-ში თავი, მედიცინის ფაკულტეტი რაღატომ უნდა გავიდეს თსუ-დან სადაა აქ ლოგიკაო? – უი, ეგ არ გამიგია, მართლაო? რაც არ ვიცი, არ ვიცი და რა გითხრათო;
როცა დაისვა კითხვა – ორივე უნივერსიტეტის საზოგადოება მკვეთრად უარყოფით აზრზეა. ნუთუ მიგაჩნიათ, რომ არ არსებობს იმდენი ინტელექტუალური რესურსი ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებში, რომ ვალიდაციისთვის მაგალითების მოკვლევით როგორც შერწყმა-არშერწყმის პლიუს-მინუსი, რისკები და ბენეფიტები თქვენზე არანაკლებად კარგად დათვალოს მეცნიერებისა და განათლების განვითარების პერსპექტივიდანო? – პასუხი არ იყო;
მინისტრის მოადგილის მხრიდან ითქვა, რომ პროფესურას, შენობების და სტუდენტების რაოდენობა არ უნდა შემცირდესო – როგორ, რა მაგიური მექანიზმებია ამის უზრუნველსაყოფად? -პასუხი ვერ მივიღეთ; 20 მილიონი გვაქვს უკვე 2026 წელს გამოყოფილიო, ვერ დავადგინეთ საიდან არის გამოყოფილი – უნი-ს ბიუჯეტი დეფიციტურია და არც განათლების დაფინანსება გაზრდილა სახელმწიფო ბიუჯეტში;
ფულის ჩადებაა მთავარი უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებშიო როცა ითქვა და დაისვა კითხვა: როგორი დაფინანსება ექნება უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს? – პასუხი იყო – არც ერთი არ არის თვითკმარი, ამიტომ ინსტიტუტები მეტად უნდა შეერწყას ფაკულტეტებს; ჯერ უნდა გაიფილტროს ინსტიტუტები, ბევრი ‘’ვითომ მეცნიერი’’ იქ და მერე ერთიანად იქნება მატებაო.;
სრულ დაფინანსებას რომ ამბობთ, თითო სტუდენტზე 2 225 ლარის ნაცვლად რამდენია გათვლილიო – კითხვაზე პასუხი არ იყო;
კითხვაზე – ბოლოსდაბოლოს, ამდენ ხალხს შეხვდით ორი დღის მანძილზე – ერთი ადამიანი თუ იპოვეთ აკადემიური პერსონალიდან, ვინც ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებასო – პასუხი დუმილი იყო;
შეკითხვაზე – საბაკალავრო პროგრამების ხისტად სამ წელზე გადაყვანა, მაშინ როცა სკოლას აკლდება სწავლების წლები, რანაირად აამაღლებს ხარისსხსო- პასუხი არ იყო;
ინტერდისციპლინურობის (განსაკუთრებით სტემის მიმართულებითაც) შენარჩუნების პერსპექტივაზე, ისევე როგორც მაინორის პროგრამებზე იყო შეკითხვა, რა ეშველება ამ საკითხსო – პასუხი არ იყო;
ვერ გავიგეთ როდემდე იმუშავებენ აკადემიური საბჭოები; მკაფიო არ იყო სტუდენტები იქ დაამთავრებენ სწავლებას, სადაც არიან და როდემდე გაგრძელდება ეს.
ორი უნის შერწყმა სარგებლიანობას მოიტანსო – რა მიმართულებით, რატომ, როგორ – მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. პროგრამების დადარების რეჟიმში ვართო- ეს გვითხრა;
კითხვა დაისვა – ფლაგმანობას კი გვიპირებთ, მაგრამ ჩვენგან მედიცინის ფაკულტეტის გარდა, კიდევ არის ორიოდ პროგრამის მეზობელ უნივერსიტეტში გადატანაზე საუბარი და ეს რამდენად მართალიაო? – არაო, საიდან მოვიდა ეგ ტექსტიო;
შეერთება-მიერთება-შერწყმის (ფორმა ვერ იქნა მონახული, თუ რა დარქმეოდა, რაც კეთდება) მერე საერთაშორისო და ადგილობრივ აკრედიტაციასთან მიმართებით სუბიექტი იქნება თსუ, საიდენტიფიკაციო კოდს ტექნიკურიც თსუ-სას გამოიყენებს, მაგრამ ორივე უნივერსიტეტის პარიტეტული წარმომადგენლობის ჩართულობით განხორციელდება პროცესი და ერთი მეორეს არამც და არამც არ შთანთქავსო. როცა დელიკატურად გაჟღერდა აზრი – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ეგ როგორო – პასუხი არ იყო.
… რაღაცები შეიძლება კიდეც გამომრჩა. საბოლოო მკაფიო რეზიუმე იყო – გადაწყვეტილება მიღებულია და პროცესი დაძრული, ბოლო 30 წლის უმთავრეს რეფორმას ვართ შეჭიდებული და აუცილებლად განხორციელდებაო”.
ასევე იხილეთ:
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება