სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და დღეს, 4 თებერვალს, 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
პარლამენტისთვის, უმაღლეს და ზოგად განათლებაში დაგეგმილი ცვლილებების დასამტკიცებლად, არასრული ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა. 3 თებერვლის 10:30 საათიდან 4 თებერვლის შუადღემდე.
ცვლილებები ზოგადი განათლება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.
ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი).
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს.
სამინისტრო ასევე დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.
ცვლილებები უმაღლესი განათლება:
კანონპროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.
ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო. (რაც გამოწვეულია ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებით).
კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.
ასევე იხილეთ:
რა პრობლემებს შეუქმნის ძველ და ახალ სტუდენტებს თსუ-ისა და სტუ-ის ერთ უნივერსიტეტად გაერთიანება
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება