GE

„ყველაზე ძნელი კარიკატურები იყო“ – რას ამბობენ ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ერთიან ეროვნული გამოცდებზე დღეს აბიტურიენტებმა ისტორია ჩააბარეს. ისტორია არჩევით საგნად 12 ათასზე მეტ აპლიკანტს ჰქონდა დაფიქსირებული, მათგან 3% შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდაზე არ გამოცხადდა. პირველ სესიაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. მეორე სესიაზე კი 3 აბიტურიენტი პირველი სესიის ნაცვლად დაგვიანებით გამოცხადდა.

როგორც ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა ჯავახიშვილმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განაცხადა, განაცხადა, გამოცდა მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ სიახლეებზე, რომელიც წელს ისტორიის გამოცდაზე იყო.

Untitled„გამოცდა 2 საათი და 30 წუთი მიმდინარეობს. ტესტი 70-ქულიანია, შარშან 80-ქულიანი იყო და შევამცირეთ, თუმცა დრო იგივე დარჩა. ანუ, პრინციპში ეს აბიტურიენტთა სასარგებლოდ გადაწყდა, დრო არ შეუმცირდათ. შარშანდელთან შედარებით დავალებებში არის განსხვავება. შარშან იყო ტექსტში ისტორიული ფაქტობრივი შეცდომები, რომლებიც უნდა გაესწორებინათ აბიტურიენტებს. წელს ასეთი ტიპის დავალება ამოვიღეთ, რამდენადაც ფაქტობრიობას ამოწმებდა და ჩავანაცვლეთ ისეთი ტიპის დავალებებით, რომელიც უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. კრიტიკულ აზროვნებაზე, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, ცოდნის გამოყენებაზე.

გამოცდაზე ჩვენ გვაქვს ვიზუალური ტიპის წყაროები. შარშან იყო კარიკატურა, წელს არის პლაკატი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ვიზუალური მასალა იქნება მოწოდებული. მთავარია, აბიტურიენტმა შეძლოს ამ ვიზუალური მასალიდან სათქმელის გამოტანა, ასევე მოცემული ისტორიული კონტექსტის წაკითხვა, თორემ კარიკატურა იქნება ეს, პლაკატი, საფოსტო მარკა, თუ ნახატი ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა მანანა ჯავახიშვილმა.

როგორც Aris.ge – განათლებასთან საუბარში გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობდნენ, ყველაზე მეტად სწორედ ვიზუალური მასალის შესრულება გაუჭირდათ. მათი თქმით, კარიკატურებს არც სკოლაში და ზოგიერთ შემთხვევაში არც რეპეტიტორთან არ სწავლობდნენ.

ხატია მელიქიძე: „24 კითხვა იყო ჩვეულებრივი, რაც გამიმარტივდა, მაგრამ სამ პლაკატზე, ჩემი აზრით, საკმარისი ინფორმაცია არ იყო მოცემული და ეგ კარგად ვერ დავწერე. ტექსტი იყო ასევე, სადაც უნდა დაგეწერა, მომხრეები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ აზრს და მოწინააღმდეგეები როგორ. ტექსტის ანალიზიც უნდა დაგეწერა. ქრონოლოგიები იყო 3. ეგ რთული არ იყო. რუკის დავალებაც გამიადვილდა. კარიკატურებს არ ვსწავლობდი სკოლაში. მე თვითონ მოვემზადე, საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა, ჯავახიშვილში მოხვედრა“.

ნინო მანჩხაშვილი: „ადვილები იყო, ცოტა პლაკატები გამიჭირდა. ბრძოლებზე იყო და უნდა აგეხსნა, შინაარსი დაგეწერა, რა იყო მოცემული. რუკის მიხედვით კი უნდა გაგეგო, რომელი საუკუნის იყო ეს რუკა, რომელი ქვეყნები ომობდნენ ერთმანეთში და რომელი ქვეყანა იყო დაყოფილი ორ ნაწილად. ტესტები ძალიან ადვილი იყო, ბრძოლები და წელი საერთოდ არ იყო მოცემული. რუკები და კარიკატურები კერძო მასწავლებელთან მაქვს ნასწავლი, თორემ კლასში მაგისთვის დრო არ რჩებათ“.

მარიამ ყავრელიშვილმა ახალციხის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა ისტორიის გამოცდა. როგორც თავად ამბობს, ეს მეოთხე გამოცდა იყო მისთვის და უკვე დაასრულა უშუალოდ საგამოცდო პროცესი.

„დღეს მოვრჩი ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ისტორიის ფაკულტეტზე ვაბარებ და ისტორიის გამოცდა მქონდა არჩევით საგნად დაფიქსირებული. ძალიან ძნელი იყო კარიკატურები ჩემთვის. ვინც გამოცდიდან გამოდიოდა, ყველა ამას ამბობდა, ყველას გაუჭირდა. რა იყო კარიკატურაზე, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი. სკოლაში საერთოდ არ ვვარჯიშობთ მაგაზე, მოსამზადებლად თუ დადიხარ, მარტო იქ გიხსნის მასწავლებელი“, – გვითხრა მარიამმა.

ლევან ცინცაძეს თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე უნდა მოხვედრა. მან ისტორიის გამოცდა 14 ივლისის პირველ სესიაზე ჩააბარა.

„ჩემთვის ძნელი იყო კარიკატურა, ავირიე რატომღაც. სკოლაში ძალიან იშვიათად ვმეცადინეობდით მაგაზე. იმ დოზით არა, რა დოზითაც გამოცდებზეა. წყარო იყო რუსუდან მეფეზე, არ იყო რთული. ძირითადად, ეს კარიკატურები იყო დამაბნეველი, მაგრამ ტესტები არ იყო რთული. პროგრამული იყო და უნდა გცოდნოდა წესით. ისტორია იმიტომ ავირჩიე, რომ მომწონდა, თან მიმაჩნია, რომ ჰუმანიტარი ვარ და მათემატიკის ჩაბარებას ეს ვარჩიე“, -გვითხრა ლევანმა.

როგორც ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, თუ აბიტურიენტებმა ვიზუალური დავალება არ დაწერეს, ძალიან ბევრი ქულა არ დააკლდებათ. ზოგი ასეთი დავალება 2-ქულიანია, ზოგი 5-ქულიანი. მაგრამ მანანა ჯავახიშვილის განმარტებით, ვიზუალური დავალებები რთული არ ყოფილა და აბიტურიენტებს მისი შესრულება არ უნდა გასჭირვებოდათ.

 „აქ არ მოეთხოვებოდათ კონკრეტული თარიღების ზეპირად ცოდნა. უფრო სააზროვნო დავალება იყო. სკოლაში თუ არ ვარჯიშობდნენ ვიზუალურ მასალაზე, ეს  სკოლის პრობლემაა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ისტორიულ წყაროებზე მუშაობა. ისტორიული წყარო სხვადასხვა სახის არსებობს, როგორც წერილობითი, ასევე ვიზუალური. ჩვენ ტესტში ორივე წყაროა მოცემული. ვიზუალური ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წერილობითი, უბრალოდ, სკოლებში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ მუშაობენ. იგივე, რუკაზე არ მუშაობენ და რუკა ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიაში. წელს 12 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ისტორიას, შარშანდელთან შედარებით ცოტა მეტია, შარშან იყო 11 ათასი, წელს მეტმა აბიტურიენტმა აირჩია“, -აღნიშნა მანანა ჯავახიშვილმა.

ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, 2-3 დღის შემდეგ დაიწყება ტესტების გასწორება და ორ კვირამდე გასტანს, ხოლო  შედეგები დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში იქნება.

ხვალ აბიტურიენტები გამოცდას კიდევ ერთ არჩევით საგანში, მათემატიკაში ჩააბარებენ. გარდა ამისა, არსებული განრიგის თანახმად, გამოცდები ჩატარდება შემდეგ არჩევით საგნებში: ფიზიკა, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ქიმია. 

საგამოცდო პროცესი აბიტურიენტებისთვის 22 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება შედეგებს, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ივლისის ბოლოს დაიწყება.

2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები – ქართული ენა და ლიტერატურა

2015 წლის ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

2015 წლის უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშები გამქვეყნდა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური