GE

კიდევ ერთი წარმატებული წელი – გპფ-ს საგანმანათლებლო ფილანთროპია

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი იმ ერთეულ კერძო ფონდებს შორისაა, რომლიც ქვეყანაში ფილანთროპიულ საქმიანობას ეწევა. ბოლო 8 წლის მანძილზე მისი მხარდაჭერით არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და ზოგადი განათლების მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 60-ზე მეტი პროექტი. მასშტაბურია ყოველწლიურად ჩადებული ფინანსური რესურსიც, რაც ჯამში 6 მილიონ ლარს აღემატება. და ეს მხოლოდ თანხა ან გრანტიორებისა და პარტნიორების მიერ განხორცილებეული ინიციატივების ჩამონათვალი როდია. ესაა მიზანმიმართულად, სტრატეგიულად, საჭიროებებზე გათვლილი, გრძელვადიან პრიზმაში დანახული მიმდინარე, ან დასრულებული პროექტების ნუსხა, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაში.

ეს პროექტები კი თავის მხრივ მიზნად ისახავს: საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, მასწავლებლისა და მომავალი მასწავლებლის როლის გაძლიერება-მოტივირებას, მათ წახალისებას, პროფესიული განათლების მხარდაჭერას, ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას, მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობასა და სხვა თემატური პროგრამების დანერგვას. ფონდისთვის განათლებაში ქველმოქმედება არ ნიშნავს იდეის ერთჯერად დაფინანსებას ან დახმარებას — ყველა პროექტი გათვლილი და დაგეგმილია ისე, რომ შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში აისახოს სისტემაზე და რეალური, მდგრადი ცვლილებები მოიტანოს.

ამ ყველაფრის საწყისი კი 2017 წელს ქალბატონი ინა გუდავაძის კეთილი სურვილი გახდა – გაეგრძელებინა მისი მეუღლის, ბადრი პატარკაციშვილისა და ოჯახის ფილანტროპული ტრადიცია და დაეფუძნებინა საქველმოქმედო ფონდი. ფონდს დაარსების დღიდან ზურაბ კერვალიშვილი ხელმძღვანელობს. მასაც, დამფუძნებლის მსგავსად სჯერა, რომ განათლება არის ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველი და ამ მიმართულებით მეცენატობა — ყველაზე ღირებული, მადლიანი და საშვილიშვილო საქმეა.

“განვლილი წლების შეჯამებისას ყოველთვის ვაკვირდებით რამდენ ადამიანს მისწვდა ის სიკეთე, რომელსაც ფონდი უჭერს მხარს, რა შეიცვალა უკეთესობისაკენ, რამდენად მივაღწიეთ იმ მიზნებს, რაც პროექტის დაწყებამდე იყო დასახული. ჩვენი თვითმიზანი არ გახლავთ უბრალოდ საგრანტო პროექტის დაფინანსება, ჩვენთვის მთავარია დავინახოთ, სად სჭირდება დახმარება განათლებას, სად ჩავერთოთ და ჩვენი რესურსის პირობებში ხელი შევუწყოთ არსებული გამოწვევის დაძლევას, რათა ფრაგმენტულად კი არ მოახდინოს პროექტმა რეაგირება, არამედ ეს იყოს გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროცესი, რომელიც მომავალ თაობას უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას შეუქმნის”, – ამბობს ფონდის დირექტორი გასული წლის შედეგების შეჯამებისას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა პროფესიული განათლების მხარდაჭერა. ამ მიზნით გპფ ცდილობს დააფინანსოს პროექტები, რომელიც მიმართულია პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიულ განათლებას, ასევე დანერგოს ახალი პროგრამები, შექმნას რესურსები და ყველა ის პირობა, რომ საზოგადოებამ თავად გამოსცადოს პროფესიული განათლების სიკეთე. გასულ წელს დაფინანსებულ ინიციატივებს შორისაა რაჭაში, კოლეჯ “ერქვანში” დანერგილი შვეიცარიული სტანდარტებით შექმნილი მეცხოველეობის პროფესიული პროგრამები. ასევე „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“, რომლის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში საუკეთესო სტუდენტების, მასწავლებლების, პროგრამებისა და ბიზნეს-პარტნიორების გამოვლენა. დღეს კონკურსს ათობით გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც საუკეთესო მაგალითს აძლევენ სხვებსაც, რათა მიიღონ პროფესიული განათლება და წარმატებით დასაქმდნენ, დანერგონ ახალი სასწავლო პროგრამები, ბიზნეს-ორგანიზაციების შემთხვევაში კი, მხარი დაუჭირონ პროფესიულ განათლებას,
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მათთვის სათანადო სასწავლო რესურსების შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს, რომ სკოლის მოსწავლეებმა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება მიიღონ. ყველა ამ მიმართულებით გპფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები 2025-შიც შთამბეჭდავია.

2025 წელს დასრულდა ფონდის მიერ მხარდაჭერილი 6-ეტაპიანი პროექტი, რომელიც დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება მოსწავლეებსა და სტუდენტებში. პროექტის დახმარებით გადამზადებული ათეულობით პედაგოგი ასეულობით მოსწავლესა და სტუდენტს დებატების ხელოვნებას აზიარებს. დებატ-კლუბების გარდა, ის არჩევით საგნადაც კი დაინერგა არაერთ სკოლასა და უნივერსიტეტში. გვიხარია, რომ ინიციატივა გაფართოვდა და უკვე პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროგრამების მქონე სკოლების პედაგოგების გადამზადების გზით ხელმისაწვდომი ხდება პროფესიული განათლების სტუდენტებისთვისაც.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გპფ-ს გენერალური სპონსორობითა და მხარდამჭერით გასულ წელს მეცხრედ ჩატარდა. კონკურსმა ამ დროის განმავლობაში თანდათან მოიპოვა პოპულარულობა. პროექტი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს პედაგოგის როლის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, აცნობს და ახალისებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით ცვლიან გარემოს, სკოლას და მოსწავლეს.

გასულ წელს ასევე გაგრძელდა 2020 წელს ფონდის მიერ წამოწყებული სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგი“, რომელიც რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიით აჯილდოვებს. გპფ-ს ინიციატივით ჩატარებული კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, რომ კურსდამთავრებული სტიპენდიატები საქმდებიან კერძო და საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტში მიღებულ თანამედროვე განათლებას აქტიურად იყენებენ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

ამ რთულ პროცესში მომავალ პედაგოგებს ესაჭიროებათ იცოდნენ სოციალურ-ემოციური უნარების იმთავითვე შესწავლა და გამომუშავება, რომ შეძლონ საკუთარი ემოციების მართვა და მიღებული უნარების პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება. ფონდის მხარდაჭერით 2025 წელს წარმატებით დასრულდა პროექტი „ფსიქო-ემოციური უნარების სწავლება“, რომელშიც ექვსი უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი იყო ჩართული და სადაც პროგრამა არჩევით საგნად ისწავლება.

გასულ წელს ასევე დაგვირგვინდა ფონდისა და UNHCR-ს მიერ ერთობლივად მხარდაჭერილი მასწავლებლის სახლის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას არაქართულენოვან და დევნილ მოსწავლეებში. პროგრამის ფარგლებში პირველად შეიქმნა კურიკულუმი და სახელმძღვანელო, მოხდა მისი ალტერნატიულ სასწავლო რესურსად აღიარება, რომლითაც უკვე არაერთი მოსწავლე და პედაგოგი სარგებლობს. ეს მხოლოდ რიგითი საგნის სახელმძღვანელო არაა, იგი საშუალებაა, რომელიც ჩვენ სახელმწიფო ენასთან, ჩვენს იდენტობასა და კულტურასთან აზიარებს, ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს არაქართულენოვან მოსწავლეებს, იქნებიან ისინი უცხო ქვეყნიდან ლტოლვილები თუ დაბრუნებული ემიგრანტების შვილები. ქართული ენის სწავლების გაძლიერების კუთხით პროექტი მასწავლებლის სახლისა და ფონდის თანამშრომლობის მეოთხე შემთხვევაა.

წლების განმავლობაში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სხვადასხვა ფორმით მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბა გრანტიორ ორგანიზაციებთან, განათლების სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან, რომელთა ძალისხმევით, მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით გასულ წელსაც განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი.
„2025 წლის, ისევე როგორც ფონდის რვაწლიანი საქმიანობის შედეგები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს განათლების სფეროში გაწეული ქველმოქმედების მნიშვნელობას. სტუდენტი, რომელიც სიამაყით და მოტივაციით ივსება, როცა ფონდის სტიპენდიატი ხდება და უფასდება გაწეული შრომა, მოსწავლე, რომელიც გიზიარებს, რაოდენ შეცვალა ის დებატების შესწავლამ, მასწავლებელი, რომელიც გრძნობს მისი ღვაწლის დაფასებას ჯილდოს ფინალისტობით, ქართულად ამეტყველებული უცხოელი მოსწავლე, კოლეჯის ხელმძღვანელის სიამაყე, როცა მისი სასწავლო პროგრამა გამარჯვებულად ცხადდება, სტუდენტი, რომელსაც თანამედროვე პროფესიული პროგრამა გზას უხსნის წარმატებული დასაქმებისაკენ არის ის წყარო, რაც გვაძლევს სტიმულს.

გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევითა და მონდომებით შევძლებთ მთავარის მიღწევას — გვყავდეს განათლებული კრიტიკულად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული, ბედნიერი და ახალი თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის“, —დასძენს ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.

2026 წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი გააგრძელებს განათლების მხარდაჭერას ქვეყნისათვს ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური