თსუ-ის სენატი: „ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) მიიჩნევს, რომ თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა „დასაბუთებული და მიზანშეწონილი არ არის“. ამის შესახებ ნათქვამია სენატის განცხადებაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლით დათარიღებულ სხდომის ოქმში ჩაიწერა.
სენატის წევრებს მიაჩნიათ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდეს.
განცხადებას, რომელსაც მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს 39-მა წევრმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა, EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ეხმიანება თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხს. მიგვაჩნია, უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ცალკეული დაუგეგმავი ინიციატივით გამოწვეული ვნებათაღელვა და მიმდინარე პროცესები ნათლად ასახავს საკითხის მნიშვნელობას, მის სენსიტიურობას და გამჭვირვალობის აუცილებლობას.
სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.
სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში. გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს.
გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.
გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც
პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვლად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი. სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ოქმში აღნიშნულია, რომ თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების საკითხის განხილვის გარდა, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საკითხიც განიხილეს. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთია: „თსუ-ის სენატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გატანას, გაუქმებას ან მილევად რეჟიმში გადასვლას“.
ასევე იხილეთ:
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება