GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეებთან თუ სხვა უფლებამოსილ პირებთან ამ ტიპის ვიზიტების მიზანია, ახალგაზრდებმა სფეროში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები პირველწყაროსგან შეიტყონ.

გიორგი კახიანის განმარტებით, დარგობრივი კომიტეტისგან განსხვავებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს სპეციფიკური ფუნქციები აქვს. კომიტეტი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას. ასევე, კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების დროულად შესრულებას.

გიორგი კახიანი ახალგაზრდებს 30 000 მოქალაქის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის პროცედურაზეც ესაუბრა. ასევე, კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების თაობაზე, რომლისთვისაც 200 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სტუდენტებმა კომიტეტის თავმჯდომარესთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური