GE

„კითხვა არის სულის მოგზაურობა“ – ზაზა კორინთელი რუბრიკაში ჩემი წიგნი

არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან მუსიკას, კითხვისა და წერის პარალელურად. მეტიც, ზოგიერთი მათგანისთვის კითხვა არის სულის მოგზაურობა და ახალი შეგრძნებებით ტკბობის პროცესი. ერთ-ერთი, ვინც ასე ფიქრობს ზუმბა – ზაზა კორინთელია.

ზაზას ბევრი ჩვენგანი ჯგუფიდან  ”ZUMBALAND” იცნობს. ყველას გვახსოვს, რომ ეს იყო ზუმბა-მოძრაობა, რომელიც 1994 წელს დაიწყო და აქცია-კონცერტებით თუ ქუჩის ფესტივალებით მალევე მიწიქვეშა გადასასვლელები, პარკები, სკვერები და თავშეყრის ადგილები მოიცვა.

ზაზას მუსიკალური შემოქმედება არასოდეს ყოფილა დაცლილი სამოქალაქო აქტივიზმისგან. პირიქით, მისი მუსიკა ყოველთვის სოციალურ-პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა.

ზაზა ახლა კალიფორნიაში მოღვაწეობს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად წერს, ვიდრე კითხულობს.

unnamed (1)„ჩემთვის ორივე ძალიან სასიამოვნო პროცესია წერაც და კითხვაც. თუმცა, სიმართლე გითხრა, ბოლო წლებია, უფრო აქტიურად ვწერ და წერის ახალ-ახალი ფორმების და ტექნოლოგიების ძიებაში ვარ. მითუმეტეს, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ამოუწურავი საშუალებებია ვირტუალურ-სოციალურ სამყაროში, თუმცა ჩემთვის მელნიანი კალმით ფურცელზე წერა ყველაზე დიდი ბედნიერებაა.“

ზუმბას არანაკლებ დიდ ბედნიერად მიაჩნია კითხვა. ფიქრობს, რომ კითხვა ავარჯიშებს ტვინს და აფართოებს აზროვნების არეალს. ერთ-ერთი წიგნი  კი, რომელიც ამას დიდებულად ახერხებს, ზუმბასთვის „ვეფხისტყაოსანია’’.

„მთელი ცხოვრება მსურს, ვიკითხო შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც ვიცი, ვერასდროს ამოვწურავ ბოლომდე. იმდენად გაჯერებულია მნიშვნელოვანი სულიერი ინფორმაციით და ცხოვრებისეული ფორმულებით, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას, ერთიდაიგივე თემებსაც კი სხვადასხვა ჭრილში ვხედავ. ასევე, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის მუსიკალურადაც ძალიან მნიშვნელოვანია შოთას პოეზიის რითმა და მუსიკალურობა. მოკლედ, მიყვარს და არასდროს მბეზრდება. აპლიკაციაც მაქვს ტელეფონში გადმოწერილი და ხშირად გადავხედავ ხოლმე, როცა გამახსენდება.“

ზუმბასთვის არსებობს წიგნები, რომელსაც გადაშლილი რვეულის ფონზე კითხულობს. რვეულში წიგნის იმ თავებს, გვერდებს და აბზაცებს ინიშნავს, რომელიც მასში ახალ შეგრძნებებს აღვიძებს.

„წიგნს უდიდეს პატივს ვცემ, ჩემთვის ის ძვირფასია, ამიტომაც ჩემი მინაწერი კომენტარებით მას შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ. თუ რამის მონიშვნა-ჩანიშვნა მინდა, არსებობს ცალკე რვეული ასეთი კომენტარებისთვის, სადაც შესაბამისი წიგნის შესაბამის თავს, გვერდს და აბზაცს მიუთითებ თუ ეს გჭირდება და ისე დააფიქსირებ შენს კომენტარს, შენიშვნას თუ ნააზრევს.’’

უჭირს უპასუხოს კითხვას, თუ რა კრიტერიუმებით აფასებს ლიტერატურას. ამბობს, რომ მთავარი თხრობის სტილი და ინტელექტუალური სიღრმეა.

„ჟანრობრივად არ ვაფასებ ლიტერატურას. ალბათ უფრო ინტელექტუალური  და  სულიერი ღირებულების, სწორად და გასაგებად გადმოცემული ფორმების, წერის ორიგინალური კულტურის მიხედვით ვაფასებ ამა თუ იმ ნაწერს.’’

მიუხედავად იმისა, რომ კითხვის მოყვარულია, უარს ამბობს შეგვიდგინოს იმ წიგნების სია, რომლის წაკითხვასაც აუცილებლად მიიჩნევს.

„წიგნებს და ავტორებს არ ჩამოვთვლი შეგნებულად. რაც შეეხება ჟანრებს და მიმართულებებს, ალბათ ყველაფერი უნდა იკითხო ღრმა შემეცნებით – ფილოსოფიურიდან დაწყებული,  მარტივ, გასართობამდე დამთავრებული, შენი განწყობების და მოთხოვნილებების მიხედვით. თუ კითხვისკენ მიდრეკილი ხარ, უკვე კარგია. მაშ, იკითხე ყველაფერი. კითხვა ზრდის, ანათლებს.’’

ზუმბა ემხრობა აზრს, რომ თუ კითხვა გვიყვარს და გვინდა, აუცილებლად გამოვნახავთ ამისთვის დროს და ვერც ხმაური, ვერც ხალხმრავლობა ვერ გვათქმევინებს ამ ერთ-ერთ დიდ სიამოვნებაზე უარს.

რუბრიკის სხვა სტუმრები

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური