GE

მომავალ წელს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოებს გამომცემლებისგან შეიძენს, გრიფირება კი ყოველწლიური გახდება

მომავალ წელს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის წიგნებს გამომცემლებისგან შეიძენს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების შეძენა  17-18 მილიონი ლარი დაჯდება.

აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო ,,გაბუტულების პოზიციაში“ მყოფ გამომცემლებს უკვე ესაუბრება. მინისტრის თქმით არსებობს რისკი, რომ მოლაპარაკებების პროცესი ,,გაიჭედოს“ თუმცა ჯერ-ჯერობით ამის საშიშროება არ დგას და ყველა პრობლემატურ საკითხზე გამომცემლებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

მათ შორის შეთანხმება მიღწეულია ერთ ერთ ყველაზე მტკივნეულ პუნქტზე, რომელიც საავტორო უფლებებს ეხება. მინისტრის თქმით, სადავო პუნქტი ამოღებული და ჩანაცვლებულია.

,,ჩვენ ჩავდეთ ახალი მუხლი ე.წ. ,,ზალოგი“ ანუ გირავნობა. თუ თქვენთან სახელმწიფომ მოლაპარაკება გააფორმა, მაგრამ თქვენ უეცრად გადაწყვიტეთ, რომ წიგნების ბეჭდვის ნაცვლად სამკერვალოს გახსნა გინდათ, მაშინ ჩვენ ვართმევთ მესამე მხარეს ბეჭდვის უფლებას.  როგორც კი თქვენ ბიზნესში დაბრუნდებით, თქვენ დაგიბრუნდებათ თქვენი საკუთრება. გასარჩევია, რომ ჩვენ ვიღებთ ბეჭდვის უფლებას და არა ინტელექტუალურ საკუთრებას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პუნქტი, თუმცა გავიარეთ,“- განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება და ორ კვირაშივე გამოცხადდება კონკურსი  ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნაზე.

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს მთლიანად იცვლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო. აღნიშნულ ცვლილებაზე EDU.ARIS.GE-ს  კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები შეიცვლება შინაარსობრივად და ვიზუალურად.

,,კონტენტი იქნება სხვა. სასწავლო გეგმა არის მთლიანად შეცვლილი, შეცვლილია სწავლების მეთოდიკაც. ამიტომ, პირველი-მეექვსე კლასის წიგნების კონტენტი თვისობრივად სხვა იქნება.  თუმცა, რომ გითხრათ, რომ გადასარევია და ზღაპრული მთლად მასეც არ გეგონოთ,“- განაცხადა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 53 სახელმძღვანელოს გრიფის ერთდროული შეცვლა რომ არ მოხდეს, საჭიროა, გრიფირება ყოველწლიურ სახეს ატარებდეს და ყოველწლიურად იქმნებოდეს ახალ-ახალი სახელმძღვანელოები, რათა სკოლებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზს, როგორ გააკონტროლებს სამინისტრო ფაქტს რომ არ მოხდეს ერთი ავტორის ლობირება სკოლების მიერ, მინისტრი ასე პასუხობს:

,,ეს საკითხი დასარეგულირებელია და მექანიზმი აუცილებლად შესაქმნელი. დღესაც გვაქვს სკოლები რომლებიც ხარისხიან გადაწყვეტილებებს იღებენ და იყვნენ სკოლები, რომლებიც ტელევიზორების სანაცვლოდ ირჩევდნენ სახელმძღვანელოს. ასეთი ლობირება რომ გამორიცხოთ, საუკეთესო ვარიანტია, ერთი სახელმძღვანელო შევთავაზოთ სკოლებს,  მაგრამ სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენს ყველა სკოლას მოერგება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც ერთი სახელმძღვანელო უფრო მეტი ცუდი შედეგის მომტანია, ვიდრე ბევრიდან ერთის არჩევა,“– აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც გრიფირებას შეეხება – ავტორები ვალდებულებას იღებენ, თავის თავზე აიღონ მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგების მიერ აღმოჩენილი შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. სწორედ ამიტომ სახელმძღვანელოები დიდი რაოდენობით არ დაიბეჭდება. მინისტრის თქმით, ის რომ მარაგები არ გაკეთდება და სახელმძღვანელოები დიდი ოდენობით არ იბეჭდება, ხარჯს 15-17%–ით ზრდის, თუმცა საბოლოო შედეგისთვის მნიშვნელოვანია.

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური