GE

ქართულის წლევანდელ გამოცდებზე ორი სამწუხარო ტენდენცია გამოვლინდა

„ცდილობენ, იოლი გამოსავალი მოძებნონ და დაზეპირებული, დაშტამპული ტექსტები მოარგონ იმ სათაურს, რაც მას არ ეხება. თითქოს ზეპირი „შპარგალკებით“ უნდათ ფონს გასვლა,“ – ასე აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ქართულის გამოცდის შედეგებს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ 2016 წლის ეროვნულმა გამოცდებმა სამწუხარო ტენდენცია აჩვენა – პედაგოგებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული, რომ მთავარი არა მასალის დაზეპირება, არამედ მისი გააზრებაა და აბიტურიენტებს შაბლონურ ტექსტებს სთავაზობენ, რომელთაც ისინი გამოცდაზე ხშირად უადგილოდ იყენებენ.

შედეგად, ჯამბურია მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას რაღაცები შესაცვლელია, რამაც მომავალში შეიძლება საგამოცდო მოდელის ცვლილებაც კი განაპირობოს.

-არის თუ არა უკვე ცნობილი თუ რომელი ვარიანტი, ან რომელი დავალება ერთულათ წელს ყველაზე მეტად აბიტურიენტებს?

კახა ჯამბურია: სანამ ჩვენი ცენტრის კვლევის ჯგუფი სტატისტიკური ანალიზს არ გააკეთებს, მანამდე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი ვარიანტი უფრო რთული, ან მარტივი იყო. ზოგადი შთაბეჭდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავალებები დაახლოებით იმავე სირთულის იყო, როგორიც წინა წლებში. თუმცა, წელს  უცნაურ რაღაცებსაც წავაწყდით.

-რას გულისხმობთ?

კ.ჯ: მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტის შესწორებისას აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების დიდ  ნაწილს არ ესმის თუ რას ნიშნავს სიტყვა დემოკრატია. ეს ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო. ბევრს ეგონა, რომ დემოკრატია დამოუკიდებლობას ნიშნავს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდა.

გარდა ამისა, უცნაური  ტენდენცია იყო ისიც, რომ ხშირად ბავშვები არა დავალებაში მოთხოვნილს, არამედ სხვა რაღაცას წერდნენ. თავიდან ამის მიზეზს ვერ ვხდებოდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ, ალბათ, მასწავლებლები ბავშვებს აძლევდნენ გამზადებულ რაღაც ესეს, თხზულებას, აზეპირებინებდნენ და ცდილობენ, ასე გასულიყვნენ იოლას.

ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან თუკი ბავშვმა დავალებას არ უპასუხა, აუცილებლად ნულ ქულას მიიღებს, თუნდაც ძალიან კარგად და ენობრივი თვალსაზრისით უშეცდომოდ იყოს დაწერილი. შეგვხვდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ვაჟას ნაცვლად ილიას „მგზავრის წერილებზე“ მსჯელობდნენ. ცხადია, რომ ასეთი თემები არ შეფასდება.

თემები  თითქოს დაზეპირებული ჰქონდათ. ეს იყო ტესტის ლიტერატურულ ნაწილშიც და ენის ნაწილშიც, სადაც, მაგალითად, არგუმენტირებულ ესსედაც გამზარდებულ, შაბლონურ რაღაცებს წერდნენ. ძალიან ცუდი იქნება თუ მასწავლებლები ამ გზით წავლენ- შეეცდებიან შაბლონები შექმნან და ბავშვებს ისინი დააზეპირებინონ, რადგან ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოვა – ბავშვების ნაშრომები არ შეფასდება.

სისტემა, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიქმნა, სწორედ რომ შაბლონების საწინააღმდეგოა. იგი თხზულებების დაზეპირებასა და მერე იმის დაწერას გამორიცხავს და თუ ამას პედაგოგები ვერ ხვდებიან, სამწუხაროა. ალბათ, იფიქრეს, რომ შესაძლებელია შემუშავდეს რაღაც სქემები, რომლითაც ბავშვებს მოამზადებენ. ეს სწორი პოზიცია არაა, ჩვენმა პედაგოგებმა უნდა სცადონ, რომ ბავშვებს კრიტიკული აზროვნება ასწავლონ და ანალიზის უნარი განუვითარონ. მაშინ დაზეპირება საჭირო აღარ იქნება. ცუდია, რომ წლევანდელ გამოცდებზე  ორი ასეთი სამწუხარო ტენდენცია გამოვლინდა.

-ხშირი იყო ასეთი შემთხვევები და ამის გამო  ბევრი ნაწერი არ შეფასდა?

კ.ჯ: არც ისე იშვიათი. კი, ხშირი იყო. ჩვენი გამსწორებლების ნაწილი ამის გამო შეწუხდა კიდეც და რამდენიმემ გვითხრა, რომ არაერთი ასეთი თემა შეხვდათ. მერე ეს ჩვენც ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ ამას უკვე ტენდენციის სახე აქვს.

რაკი ტენდენციის სახეს იღებს, ვალდებულები ვართ, მასწავლებლებს მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს არასწორი გზაა.  აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებლად არ გამოადგებათ, რომ მათ რაღაცები დააზეპირებინონ და მერე ეს გამოცდებზე წერონ. მშობლებიც, მასწავლებლებიცა და ბავშვებიც უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ დაზეპირებით იოლას ვერ გავლენ.

-შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე და წაკითხულის გააზრება აბიტურიენტების სუსტ წერტილად რჩება?

კ.ჯ: ვერ გეტყვით, რომ მაინცადამაინც ესსე და ლიტერატურული ანალიზი რჩება სუსტ წერტილად, რადგან რომ ვერ წარმოვიდგენდით ისე კარგად დაწერეს ანალიზი ისეთი რთული ტექსტისა, როგორიც დავით წერედიანის ლექსია. ჩემი აზრით, ეს დანარჩენ ტექსტებს შორის ყველაზე რთული იყო. ორი იმდენად გამორჩუელად კარგი ნაწერი იყო, რომ მეეჭვება პროფესიონალმა ფილოლოგებმა ამ ლექსის ანალიზი ამაზე უკეთ დაწერონ.

ანუ, უბრალოდ ჩვენი მასწავლების დამოკიდებულება სხვაგვარი უნდა იყოს. დაზეპირებასა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული დავალებები კი არ უნდა მისცენ, არამედ აზროვნებისა და ანალიზის უნარი, წერის კულტურა უნდა განუვითარონ. ჩვენი სასწავლო პროცესი ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მარტივი გამოსავლები არ უნდა ეძებონ.

-წინა წლებში ამ დავალების შესრულებას ბევრი არიდებდა თავს. წელსაც იგივე შეინიშნება?ბევრი იყო ისეთი, ვინც ესე და წაკითხულის გააზრება არ შეასრულა?

კ.ჯ: არა, არ ერიდებიან. წერენ, მაგრამ როგორც გითხარით, ცდილობენ, გამოსავალი მოძებნონ და დაზეპირებული, დაშტამპული ტექსტები მოარგონ იმ სათაურს, რაც სინამდვილეში მას არ ეხება. თითქოს ზეპირი „შპარგალკებით“ ცდლობენ ფონს გასვლას.

-რამდენად ბევრი მაღალი ქულა დაიწერა და დაახლოებით რამდენმა ვერ გადალახა ზღვარი ქართულის გამოცდაში?

კ.ჯ: სამწუხაროდ სტატისტია ჯერ არ მაქვს. ალბათ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება იმას, რომ ჩვენმა კვლევის ჯგუფმა ეს გააკეთოს.

-დაახლოებითი პროცენტიც არ იცით გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობისა?

კ.ჯ: არა, სამწუხაროდ არ ვიცი.

-იცვლება თუ არა წლიდან წლამდე აბიტურიენტების მომზადების დონე ქართულ ენასა და ლიტერატურაში?

კ.ჯ: მე სულ მგონია, რომ უკეთესი და უკეთესი ნაწერები უნდა იყოს და მომზადების დონემ უნდა მოიმატოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას მაინცადამაინც ვერ ვხედავ. სტატისტიკური ანალიზის მომზადებამდე კატეგორიულად ვერ ვიტყვით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მომზადების დონე, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილებით იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა წელს.

-რამდენადაც ვიცით, ნაწერებში ლექსიკური მხარე მოიკოჭლებს. ასეა?

კ.ჯ: დიახ. ეს იმის ბრალია, რომ ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის, რასაც ტელევიზიით ისმენენ. წინადადების წყობა უმახინჯდებათ. მაგალითად, ამ ზაფხულს ფეხბურთის ჩემპიონატს ბევრი ბავშვი უყურებდა და ხშირად ესმოდათ ისეთი გაუმართავი ფრაზები, როგორიცაა „განახორციელა დარტყმა“. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ასეთი გაუმართავი ქართული რომ ისმის, ეს, რა თქმა უნდა,  მათზე მოქმედებს – ქართულ-ინგლისური სიტყვები, ჟარგონი – „ბურთი გაისროლა“, „მეკარემ ცხრიანიდან გამოაძრო“ და ა.შ. მეკარის ნაცვლად რატომღაც „კიპერის“ დამკვირდებას ცდილობენ,  სხვა ინგლისური სიტყვები შემოდის და ეს ლექსიკურ  მარაგს აღარიბებს.

ამას ისიც ერთვის, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეები იმდენს არ კითხულობენ, რამდენიც სასურველია. ეს ყველაფერი ერთად იწვევს ლექსიკურ სიმწირეს, რაც ნაწერებში გვხდება.

-აზრის გამოხატვაში თუ იჩენენ აბიტურიენტები სითამამეს? რამდენად უჭირთ არგუმენტირებულად მსჯელობა?

კ.ჯ: ერთადერთი, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და ძალიან გამახარა, ის იყო, რომ ნამდვილად რომ ვერ ვიფიქრებდი ასე თავისუფლად, დამოუკიდებლად და კარგად თუ აზროვნებს ზოგი. მართალია, მათი პროცენტული წილი მცირეა, მაგრამ  ჩვენს შვილებს ხანდახან ჩვენზე თავისუფლად და კარგად შეუძლიათ აზრის გამოხატვა.

ზემოთ ხსენებული რთული ტექსტის ანალიზი, რაც ამ ბავშვებმა შეძლეს, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი შვილების თაობაში ძალიან დიდი პოტენციალია და ამის გამოყენება შეიძლება, თუკი სასწავლო პროცესიც კარგად დაიგეგმება და დაზეპირებაზე ორიენტირებული არ იქნება. მოგვიანებით საუკეთესო ნაწერებს, ალბათ, ჩვენს ვებგვერდზეც გამოვაქვეყნებთ.

-ანუ, ამაში ლომის წვლილი პედაგოგებს ეკუთვნით?

კ.ჯ: არა, მხოლოდ პედაგოგებს ვერ დავაბრალებთ. ეს მაინც უფრო სასწავლო პროცესის თავისებურებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ გამოსული საბჭოთა პედაგოგიკის ფარგლებიდან. სამწუხაროდ, პროგრამებსა და სახელმძღვანელებში ჯერ კიდევ ბევრი რამაა ორიენტირებული მეხსიერების გავარჯიშებაზე და ნაკლები – უნარების განვითარებაზე.

ის, რომ ადამიანი ბევრ რამეს იმახსოვრებს, არ ნიშნავს, რომ იგი განათლებულია. რა თქმა უნდა, ინფორმაცია აუცილებელია და უნდა აითვისოს, მაგრამ, პირველ რიგში, მოსწავლეს აზროვნების, გააზრების უნარი უნდა განვუვითაროთ. ეს სხვა რამეა და დაზეპირებით ვერ მივაღწევთ. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას რაღაცები ცოტა შესაცვლელია.

-იგეგმება თუ არა მომავალი წლისთვის რაიმე სიახლის შეტანა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?

კ.ჯ: ჯერჯერობით არ იგეგება, სანამ სასწავლო გეგმა არ შეიცვლება. თუ უმაღლესების დაფინანსების წესი ან სისტემაში რაიმე არსებითი შეიცვლება, ამან შეიძლება ავტომატურად საგამოცდო მოდელის ცვლილება მოიტანოს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ ჩემთვის ცნობილი არ არის.

აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის და ფიზიკის გამოცდის შეფასების სქემები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური