GE

ქობულეთის სამ საჯარო სკოლაში სტიქიის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ქობულეთის სამ საჯარო სკოლაში წყალდიდობის გამო სწავლა ვერ განახლდა. პირველი, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები გუშინ დილიდან წყალმა მოიცვა, რის გამოც პედაგოგებმა და მშობლებმა სკოლაში შეღწევა ვერ შეძლეს. პირველ და მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლა დღესაც ვერ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. 

აჭარის განათლების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა ვადაჩკორიას განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია და დღესაც გაგრძელდება. გაცდენილი სასწავლო საათები კი, მისივე განმარტებით, მომავალ შაბათს ანაზღაურდება.

„დღეს მეხუთე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება. #1 და #6 საჯარო სკოლებში კი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, ვინაიდან წყალდიდობის დროს შენობები შიგნიდანაც დაიტბორა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხვალ დასრულდება. გაცდენილი სამუშაო საათები კი მომავალ შაბათს ანაზღაურდება,“ – განუცხადა Aris.ge-განათლებას თეა ვადაჩკორიამ.

წყალდიდობის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ასევე ქობულეთის მე-3 და მე-5  ბაბაღებში, ასევე ქაქუთის საბავშვო ბაღში. როგორც შესაბამისი სამსახურები განმარტავენ, სასწავლო პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს.

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური