GE

როგორ შევიმსუბუქოთ აბიტურიენტობის სტრესული პერიოდი – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

შფოთი, ნერვიულობა, დაღლილობა, უძილობა – ეს ასობით აბიტურიენტის ყოველდღიური მდგომარეობაა. მათი უმრავლეობა მთელ დროს და ენერგიას საგამოცდო საკითხების სწავლაზე ხარჯავს.

აბიტურიენტების უმრავლესობა გამოცდებისთვის მზადებას რამდენიმე თვის ადრე, სასწავლო წლის დაწყებისთანავე იწყებს. თითოეულ მათგანს, სკოლის ატესტატის მისაღებად მეთორმეტე კლასში 4 გამოცდის ჩაბარება უწევს. ხოლო მოსწავლეთა იმ ნაწილმა, რომელსაც სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში სურს, ატესტატის აღების შემდეგ, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს.

unnamedერთ-ერთი, ვისაც წლის ბოლოს მინიმუმ 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევს, სალომე ხარაულია. სალომე 17 წლის არის და გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობს.

„სამედიცინოზე მინდა ჩაბარება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამჟამად, სულ 4 საგანში ვემზადები, მაგრამ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი საგნის დამატებას ვაპირებ”, – გვეუბნება სალომე, რომელსაც საკმარისი დრო გართობისა და დასვენებისთვის ამჟამინდელი გრაფიკითაც კი არ რჩება.

სალომეს თქმით, მის სკოლაში აკადემიურ მოსწრებას დიდ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, სკოლას ვერ აცდენს და იძულებულია, რეპეტიტორებთან სკოლის დასრულების შემდეგ იაროს.

„სკოლის შემდეგ დაახლოებით ერთ საათიანი შესვენება მაქვს, ხოლო შემდეგ რეპეტიტორებთან მივდივარ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სახლში საკმაოდ გვიან ვბრუნდები, რაც საშინლად მღლის. ამიტომ გართობისთვის არც დრო და არც ენერგია, პრაქტიკულად, აღარ მრჩება”, – ამბობს სალომე.

სალომეს მსგავსად, დამამთავრებელ კლასში გართობასა და დასვენებაზე უარის თქმა აბიტურიენტების დიდ ნაწილს უწევს. რამდენად მნიშვნელოვანია განტვირთვა და დასვენება ადამიანისთვის, როგორ აისახება გადაღლა ადამიანის პროდუქტიულობაზე – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს ფსიქოლოგი ეკა მენაბდიშვილ ესაუბრა.

unnamed (1)„ადამიანის ფსიქიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია  შრომის, დასვენების და ძილის დროის სწორი გადანაწილება. სრულად გახარჯული ენერგია, რაც გულისხმობს მხოლოდ შრომას, დისბალანსს იწვევს ორგანიზმში და თავს იჩენს  სხვადასხვა სახის სომატური ჩივილებით. ადამიანისათვის ფიზიოლოგიური ნორმაა 8 საათიანი ძილი. ღრმა ძილი აღადგენს ძალას. ძილის პრობლემა სერიოზულია, 4-5 უძილო ღამის შემდეგ ადამიანში ფსიქოლოგიური დარღვევები იწყება“, – გვითხრა ეკა მენაბდიშვილმა.

მისი თქმით, დაღლილობა ერთ-ერთია, რაც ადამიანის პროდუქტიულობას ამცირებს. კერძოდ, ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანს ძალების აღსადგენად, 24 საათის განმავლობაში 8 საათიანი ძილი სჭირდება.

„უძილობა იწვევს გადაღლას, ტვინი ვერ ახერხებს დასვენებას და ძალების აღდგენას. რაც იწვევს გამოფიტვას. შედეგად, მოსწავლე ხდება აგრესიული, ნაკლებად პროდუქტიული; უჭირს ყურადღების კონცენტრირება; ღიზიანდება ნებისმიერ წვრილმანზეც კი. ეს ყოველივე ხდება სტრესის მიზეზი, რასაც თან სდევს ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა შფოთი, დაძაბულობა და წარუმატებლობის შიში“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, სასურველია, მოსწავლემ სწავლის დროს რეგულარულად გააკეთოს პაუზები – „განტვირთვა აუცილებელია 50 წუთიანი მეცადინეობის შემდეგ; 1, 50 წუთიანი გადაბმული მეცადინეობის შემდეგ ვეღარ ხდება ახალი ინფორმაციის აღქმა”.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ეკა მენაბდიშვილი ყურადღებას იმ გარემოებებზეც ამახვილებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში უშლის ხელს. ფსიქოლოგის თქმით, ამ გარემოებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ხანგრძლივი უძილობა და დაღლილობაა.

„გადაღლილი ადამიანი ძნელად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. იმისთვის, რომ გადაღლა თავიდან ავიცილოთ, სასურველია, შევადგინოთ სწავლისა და დასვენების გრაფიკი. ზუსტად განვსაზღვროთ, ყოველი დღე რა დროს ვუთმობთ მეცადინეობას. აუცილებელია, დღის გრაფიკის შედგენისას, რამდენიმე საათი იმ საქმისთვისაც გავითვალისწინოთ, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს. აქ არ ვგულისხმობ კომპიუტერულ თამაშებს და სოციალურ ქსელებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება“, – ამბობს მენაბდიშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ გამოცდის წინა პერიოდს, ფსიქოლგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ინფორმაციის ათვისება აღარ ხდება და სჯობს, ეს დრო დასვენებასა და განტვირთვას დავუთმოთ.

საინტერესო რჩევები აბიტურიენტებს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური