GE

რომელი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ლიდერობს მობილობის შედეგებით

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა.

Aris.ge-განათლებამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.

მობილობაში სულ 56 უმაღლესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა, რომელთაც 8370 ვაკანტური ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული.

განათლების ხარისხის განვითარების ერონული ცენტრის მიერ Aris.ge-განათებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მობილობაზე განაცხადი 2418-მა სტუდენტმა გააკეთა, მათგან სასურველ სასწავლებელში გადასვლის  უფლება 2007-მა სტუდენტმა მოიპოვა, ვაკანტური დარჩა 6363 ადგილი.

ყველაზე დიდი მოთხოვნა, პირველი პრიორიტეტით გაკეთებულ განაცხადის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე დაფიქსირდა, სადაც 204 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე, სურვილს 503 სტუდენტი გამოთქვამდა. ილიაუნი ერთადერთი უმაღლესი აღმოჩნდა, რომელსაც მობილობის დასრულების შემდეგ არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა თავისუფალი.

ილიაუნი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ლიდერია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის კუთხითაც. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაზე ყველაზე მეტი – 186 განაცხადი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც ბიზნესის სკოლაში ილიას უნივერსიტეტს მხოლოდ 55 ვაკანტური ადგილი ჰქონდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, პირველი პრიორიტეტით შევსებული განაცხადების მიხედვით ყველაზე დიდი მონაცემი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა, თუმცა უნივერსიტეტში მაღალი კონკურსი არ დაფიქსირდა, რადგან 557 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი მხოლოდ 443 აღმოჩნდა.

პირველი ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც პირველი პრიორიტეტით ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა ასე გამოიყურება:

1.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი –  ბიზნესის სკოლა – 186 განაცხადი

  1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა – 147 განაცხადი
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მეცნიერებათა და ხელოვნების – 134 განაცხადი
  3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ინფორმატიკა და მართვის სისტემები – 127 განაცხადი
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართლის სკოლა – 124 განაცხადი

გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობდნენ:  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ); თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია; ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი; საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი და ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი.

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლის მსურველი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 23 იანვრიდან 5 თებერვლის 18:30 საათამდე რეგისტრირდებოდნენ.

2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის ჯამური შედეგი ასეთია:

Untitled

ქეთი არის© გიგოლაშვილი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური