საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო
პაპუნა შუშანია – რეზიდენტი, უმცროსი ექიმი
მაშინ პატარა ვიყავი, იმ ასაკის, როდესაც რთულია მოვლენების ობიექტური შეფასება, თუმცა არსებობს მთელი რიგი ფაქტობივი დეტალები, რომლებიც კარგად მახსოვს. იმ დროს ცნება “ფული” პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო მატერიალური სიმდიდრე სახლში საჭმლის, ნავთის და სანთლის არსებობით განისაზღვრებოდა. დუხჭირი ყოფით გაღიზიანებული მოქალაქეები პურის რიგში ღამეებს ათენებდნენ და თუ ვინმეს სახლში პურთან ერთად კარაქიც მოეპოვებოდა, ეს ნამდვილი ფუფუნება იყო.
დედა მე და ჩემ ძმას სანთლის ან ლამფის შუქზე გვამეცადინებდა. ჩემში განსაკუთრებულ ყურადღებას ქიმია და ბიოლოგია იწვევდა, რადგან სამედიცინოზე ჩაბარებაზე ვოცნებობდი, მაგრამ სასკოლო წიგნებში ბევრს ვერაფერს ამოიკითხავდი, ცნობისმოყვარეობაც, კუჭის არ იყოს ადამიანთა უმეტესობას სულ მშიერო ჰქონდა..
მახსოვს, მე-9-ე კლასში გენეტიკის გაკვეთილები გოგოებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე ჩაგვიტარდა. კითხვაზე – თუ რატომ მოხდა ასე?! პასუხი შემდეგი იყო: „ერთად არ შეიძლება და იმიტომ.“
სახლში დაბრუნებული დედა ყურადღებას აღზრდის იმ დეტალებიზე გვიმახვილებდა, რომელიც, რატომღაც, თითქმის ყველა მშობელსა თუ პედაგოგს ავიწყდება – შედეგად კი ყველა მოზარდი სიძულვილის საზოგადოებაში იზრდება. მაგალითად მოზარდს რაღაცას უკრძალავენ და მბრძანებლური ტონით უყვირიან, რომ ის რაღაც არ შეიძლება. არავინ კარგავს დროს იმისთვის, რომ ბავშვს აუხსნან – რატომ არ შეიძლება, და ის რომ არ შეიძლება, სანაცვლოდ რა შეიძლება.
ბევრი მშობელი, ბევრი პედაგოგი არ ან ვერ მიდის ასეთ სულიერ სიღრმემდე და ბავშვი ისევ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მისი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში გრძელდბა და შედეგად თვითკმაყოფილების სასიცოცხლოდ აუცილებელ ზღვარს ვეღარ სცდება.
უფრო მეტიც, მაშინ, ჩემ ბავშვობაში, მასწავლებელსაც კი გარკვეულწილად უხერხულობის განცდა ეუფლებოდა და თამამად ვერც ბიჭ მოსწავლეებს გვიხსნიდა გენეტიკის საფუძვლებსა თუ გენურ -ინჟინერიას. ეს მაშინ იყო, წლების წინ, დღეს რომ პოსტსაბჭოური გადმონაშთებს ვუწოდებთ.. არადა..
დღეს როგორი რეალობაა? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან უკვე სამედიცინოზე სწავლაც დავამთავრე და ისე თამამად მესაუბრებოდა ლექტორი აღნიშნულ თემებზე, როგორც დედა ლამფის შუქზე, თუმცა დანამდვილებით რაც ვიცი, არის ის, რომ ჩვენ დროში ნაკლებად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომავალს გასცქერიან, მოსალოდნელ საფრთხეს აკვირდებიან და ახალ შესაძლებლობებსაც ხედავენ. უმრავლესობა წარსულს იცავს, ვისგან იცავს ან რისგან დაკონკრეტების შემთხვევაში პასუხი ზედაპირულია: ქართველობის წართმევისგან! იმ ქართველობის, სადაც ახალი არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით ისტორიის ფარატინა ფურცლებს და წინაპართა გმირობის დითირამბებს..
არ ვიცი დღეს როგორ ტარდება ანატომიის გაკვეთილები, მაგრამ ახალი სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება“ სკოლებში შემოტანის იდეაც კი 2 წელია ერისა და ბერის შფოთვას იწვევს. საგნის დასრულებულ პროექტს ჯერ მზის სინათლეც არ ენახა და ჯერ საპატრიარქოს განათლების ცენტრმა შეიტანა მასში ცვლილებები, შემდეგ ვრცელი პეტიციაც მომზადდა ახალგაზრდებს გადაგვიგვარებენო, „განგაშის ზარები“ შემოკრეს..
,,საგნის ,,მე და საზოგადოგადობა” სწავლების დაწყება გადაიწევს. ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში იგეგმება ამ საგნის შემოღებაც. ვგეგმავდით, რომ შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამოგვეცხადებინა გრიფირება. თუმცა განხილვა გრძელდება, როდესაც შევჯერდებით სრულყოფილად, მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდება ბეჭდვაზე კონკურსი. სახელმძღვანელოების დაბეჭვდის შემდეგ კი დაიწყება სწავლება. გეგმით განსაზღვრული იყო მომვალ სასწავლო წელს. თუმცა რადგან განხილვის პროცესი გაგრძელდა სავარაუდოდ ამ საგნის სწავლება კიდევ უფრო გადაიწევს.”
აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის. არადა, ზემოთხსენებული საგნისთვის, 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტე უნდა ყოფილიყო და საგნის სწავლება თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში იგეგმებოდა. 2016-2017 სასწავლო წლიდან კი “მე და საზოგადოება” მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდებოდა.
სხვა უმნიშვნელო მიზეზებთან ერთად, ძირითადი მნიშვნელოვანი მიზეზი ტერმინი: “გენდერული იდენტობა” გახლდათ, მიზეზების დადგენაზე კი საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრმა იმუშავა:
“ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია”
საპატრიარქო ვახსენე, გასაკვირი არაფერია, რადგან საზოგადოებრივი განწყობების სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, ქართული ეკლესია სადღეისოდ ქვეყანაში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუტად რჩება, შესაბამისად, ის, თუ რა დამოკიდებულება ექნება მას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავად თანამედროვე ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით სვლის მიმართ, შესაძლოა, ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ამ საქმეში. არადა, არც ისაა საიდუმლო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი, გარკვეული პოლიტიკური გაერთიანებების მსგავსად, პირდაპირ თუ ირიბად, ხშირად ეწევა სხვადასხვა განწყობებისა და იდეების პოპულარიზაციას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზოგადად ბავშვების ფსიქოლოგიაზე მათი მოზარდობის ასაკიდან გამომდინარე, ბევრი რამ ახდენს ზემოქმედებას – გარესამყაროდან დაწყებული, ფიზიკური მდგომარეობით დასრულებული.
შესაბამისად, სრულიად პრიმიტიულად, – ერთი გაკვეთილი, განსხვავებულებისადმი პატივისცემა და მისდამი შემწყნარებლური დამოკიდებულება სასკოლო სწავლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, არ ვგულისხმობ, რაიმე დამოკიდებულებისა თუ აზრის თავზე მოხვევას, რადგან ეს ისეთივე სამარცხვინო იქნება, როგორც საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლებაზე უარის თქმა და საგნის პროექტიდან ტერმინ – „გენდერული იდენტობის“ ამოღება.
ალბათ, ასაკიც შემთხვევით არ არის დადგენილი, რადგან 7-დან 13- წლამე ბავშვების ფსიქოლოგია ადვილად სამართავია. არადა უმჯობესი იქნებოდა ევროპული საქართველოს მომავალი თაობისთვის არჩევანის თავისუფლება მიეცათ, აი ის თავისუფლება, რომელსაც ქართველობის წართმევასთან არაფერი საერთი არ აქვს.
გავეცანით საპატრიარქოს განათლების ცენტრის შესწორებებს. გავიგეთ, რომ მათთვის ზემოთხსენებული ტერმინი მიუღებელია.
რატომ ?! თავი არავის შეუწუხებია და არ განუმარტავს.
არ შეიძლება და იმიტომ!!!
დღესაც, მაშინ როდესაც ელექტროენერგიაც უწყვეტად მოგვეწოდება, არც პურის რიგებია და შავი ხიზილალაც მაღაზიებში უპრობლემოდ მოიპოვება, ადამიანთა თანასწორობას მაინც ვერ ვაღიარებთ. გამოდის რომ არაფერი შეცვლილა.
იდეა – სწრაფვა ევროპული ორიენტაციისკენ იდეად დარჩა და მუდამ ასე იქნება მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღებები ხმამაღლა, მტკიცებით ფორმაში და არა სასხვათაშორისოდ ილაპარაკებენ აღნიშნული საკითხის შესახებ და არ ექნებათ ჩამოყალიბებული პოზიცია.
ჩემთვის ეს ლოგიკა შუასაუკუნეობრივ ობსკურანტულ აზროვნებას ასახავს და ქრისტიანულ თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს. იმ ქრისტიანულთან, რომელიც დღეს საქართველოში უდიდესი პოლიტიკური ძალით სარგებლობს.
საპატრიარქოს განათლების ცენტრის შესწორებები კი შინაარსობრივადაც და ფორმითაც გამოხატვის თავისუფლებასთან ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე – კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
კარუსელი ტრიალებს, ერთ წრეზე ვბრუნავთ.
მგონია, ისევ მეცხრე კლასში ვარ.
რატომ?! – სახარებისეულო პასუხი: კითხვაზე, რომელზეც პასუხი არ მოგეპოვებათ ნუ დასვამთ!
მხოლოდ ამიტომ!!!
სახალხო დამცველი საგნის „მე და საზოგადოება“ შესახებ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
სამინისტრო: „არ დავუშვებთ მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას“
საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს