GE

სამინისტრო: მე-12 კლასელებს გაცდენილი საათები საპატიოდ აპრილის ბოლოდან ჩაეთვლებათ

მე-12 კლასელებს გაცდენილი საათები საპატიოდ აპრილის ბოლოდან ჩაეთვლებათ, ისე, როგორც ეს შარშან განხორციელდა.

როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება და გაცდენილი საათების არდაანგარიშება (საპატიოდ ჩათვლა), დიდი ალბათობით, 23 აპრილით განისაზღვრება.

მინისტრის მიერ გასული სასწავლო წლისთვის მიღებული ბრძანების თანახმადაც, გაცდენები 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით უკვე აღარ იანგარიშებოდა და მოსწავლეებს აღნიშნული საათები საპატიოდ ეთვლებოდათ ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით: “თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განსაზღვრულია, რომ პირველი და მეთორემეტე კლასის მოსწავლეები სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები – ივნისის შუა რიცხვებში.

მკითხველთა საყურადღებოდ: Aris.ge-განათლების მიერ, სამინისტროს პოზიციის თანახმად, ამავე თემაზე გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ გაცდენების არდაანგარიშების შესახებ წელს გამონაკლისი არ დაიშვებოდა, რედაქციამ ვებ-გვერდიდან სამინისტროს პირვანდელი პასუხის ცვლილების შემდეგ იმ მიზნით ამოიღო, რომ ჩვენი მკითხველი და საზოგადოება შეცდომაში არ შეგვეყვანა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური