GE

სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება

იმ მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც საჯარო სკოლების მშენებლობა ან სრული რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა და უკვე განსაზღვრულია ადგილები, სადაც 10 მოდულური სკოლა უნდა მოეწყოს.

ამის შესახებ 17 ოქტომბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მოდულური სკოლების თემა ბევრისთვის ქილიკის საგანი აღმოჩნდა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება რეგიონებს, სადაც რეაბილიტაციის დროს ბავშვებს მეზობელ სოფლებში უწევთ სკოლაში სიარული.

მისივე განცხადებით, მოთხოვნა ამ პროექტზე ძალიან დიდია და სამინისტროში უკვე იციან, სად იქნება პირველი 10 მოდულური სკოლა.

“სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და განსაზღვრულია ადგილები, სადაც მოდულური სკოლების მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად, დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.

მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო”, – განმარტა რევაზ სოხაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მინისტრი ამბობს, რომ მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში.

„ჩვენ დავიწყეთ სკოლების ტიპური პროექტების შექმნა – ამჟამად 10-მდე ასეთი მოდელი მუშავდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ, მაგალითად, 500-ბავშვიანი სკოლის აშენების საჭიროებისას, დაპროექტებაზე ერთი წელი კი არ დავკარგოთ, არამედ ორ-სამ თვეში მოვარგოთ მზა პროექტი კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და მშენებლობა დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ცალკეული კომპანიები ერთდროულად იღებდნენ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე რეალურად შესრულება შეეძლოთ, რაც მრავალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი გახდა, იცვლება მიდგომა კონტრაქტორებთან ურთიერთობაზე და დასრულდება პრაქტიკა, როდესაც კომპანიებს ვადების მრავალჯერადი გადავადების შესაძლებლობა ჰქონდათ:

„თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება. კონტრაქტის შეწყვეტა აღარ იქნება უკიდურესი და იშვიათი შემთხვევა. ჩვენი მიზანია პროექტები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს“.

ამავე თემაზე:

მოდულური დროებითი სკოლები მთელ საქართველოში – ახალი გამოსავალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური