GE

სასარგებლო ვებრესურსები სკოლის მასწავლებლებისათვის

რუსუდან თაყაიშვილი

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ყველა სკოლა კომპიუტერიზებულია. მათთვის ინტერნეტიც ხელმისაწვდომია. ეს პირობები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, პროფესიული საქმიანობისათვის ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ, დაამუშავონ და გამოიყენონ სხვადასხვა საიტზე განთავსებული ფოტო, აუდიო, ვიდეო მასალა. ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს, მრავალფეროვანსა და ეფექტიანს ხდის. თუმცა მასწავლებლებთან შეხვედრების დროს ირკვევა, რომ მათ გარკვეული პრობლემები აქვთ ამ მხრივ, განსაკუთრებით, გრაფიკული, აუდიო და ვიდეო რესურსების მოძიებისა და დამუშავების პროცესში. ჩვენი სტატიის მიზანია, რეკომენდაციები მივცეთ მასწავლებლებს ამ მიმართულებით.

1. ვიდეო–აუდიო ფაილების ჩამოტვირთვა
1

როგორც ცნობილია, აუდიო და ვიდეო მასალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რესურსია youtube.com. როგორც ირკვევა, მასწავლებლებს გარკვეული სირთულეები აქვთ მოძიებული რესურსების ჩამოტვირთვისას. მათ გადასაჭრელად გთავაზობთ, გამოიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროგრამა, Easy YouTube Video downloader 6.5

ეს რესურსი უფასოა, ადვილად ინსტალირდება და მარტივი ინტერფეისი აქვს: ფაქტობრივად, ერთ ღილაკზე დაწკაპუნებით ჩამოიტვირთება მოძიებული მასალა. ჩამოტვირთვისას შესაძლებელია მასალის სხვადასხვა ხარისხის აუდიო ან ვიდეო ფაილის სახით შენახვა.

                                                   

2. Offline ვებ საიტები

მასწავლებლებს ვთავაზობთ, გააკეთონ მათთვის სასარგებლო ვებსაიტების ოფლაინ ასლები, რომლებიც შემდგომი ხმარებისას აღარ მოითხოვს ინტერნეტს. ამისათვის ვთავაზობთ, გამოიყენონ ე.წ. ოფლაინ ბროუზერები. ოფლაინ ბროუზერი არის პროგრამა, რომელიც კომპიუტერში ვებსაიტის ლოკალურად ჩამოტვირთვის და ავტონომიურ რეჟიმში დათვალიერების საშუალებას იძლევა. ჩამოტვირთული საიტი სრულად ინარჩუნებს შიდა ბმულების სტრუქტურას მის სხვადასხვა დირექტორიებს შორის, ასე რომ, ნავიგაცია მასზე ხორციელდება ისევე, როგორც ვებში განთავსებულ ორიგინალურ საიტზე. აღვნიშნავთ, რომ ასეთი პროგრამები, მათი ფუნქციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ინტერნეტზე წვდომის საშუალების მიუხედავად, ძალიან პოპულარულია.

ამ ტიპის პროგრამებიდან გამოვყოფთ რესურსს HTTrack Website Copier 3.43-9. ეს არის მცირე ზომის ეფექტური პროგრამა (უტილიტა), რომელიც უფასო ლიცენზიით ვრცელდება. პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისი შემქმნელების საიტიდან. უფასო ლიცენზიის გარდა, ჩვენს არჩევანს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ისიც, რომ HTTrack კარგადაა მორგებული „საშუალო“ მომხმარებლის დონეს – მუშაობს ფართოდ გავრცელებულ Windows და Vista პლატფორმებზე, აქვს მულტილინგვური ინტერფეისი, კარგადაა კონფიგურირებული, მასში არის ინტეგრირებული დახმარების HELP სისტემა. საჭიროების შემთხვევაში, ადვილია მისი დეინსტალაცია. გააჩნია Resume ფუნქცია, ანუ სამიზნე ვებსაიტის ჩამოტვირთვა ინტერნეტ-კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში იწყება არსებული მდგომარეობიდან და არა თავიდან. ვებსაიტის ჩამოტვირთვის ორგანიზება ხორციელდება პროექტების სისტემის ფორმით, რომელიც თანამიმდევრულად იმართება სპეციალური „ვიზარდი“–ს მეშვეობით. აქ შესაძლებელია მიეთითოს ჩამოტვირთვის სიღრმე, მოხდეს ჩამოსატვირთი ფაილების გაფართოებების სელექცია და ა.შ.

3. ვიდეო–აუდიო ფაილების მონტაჟი
2

youtube-დან ჩამოტვირთული ფაილები ხშირად დიდი ზომისაა, მასწავლებელს კი შესაძლოა, მხოლოდ რაიმე ფრაგმენტი, ან ამ ფრაგმენტების ერთობლიობა სჭირდებოდეს. ფაილების დაჭრა და მონტაჟი მასწავლებლებს განსაკუთრებით უჭირთ. ამის გადასაჭრელად გთავაზობთ ერთ-ერთ მარტივ და უფასო პროგრამას – VirtualDub,  რომლის სასარგებლო ფუნქციებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

 

  • მარტივი მონტაჟი – მონიშვნისა და ამოჭრის მექანიზმი შემდგომი გადაბმების საშუალებით;
  • ვიდეო ფაილების გადაკოდირება.

მართალია VirtualDub–ს აკლია ისეთი ტიპის სერიოზული ფუნქციები, რომლებიც გააჩნია, მაგალითად, Adobe Premiere – ს, მაგრამ მისი ღირსება სწორედ მის სიმარტივეშია. მისი მეშვეობით მასწავლებლები ადვილად შექმნიან შთამბეჭდავ ეფექტებს ვებსაიტების, ილუსტრაციების, მულტიმედია პროექტებისა და პრეზენტაციებისათვის.

4. ფაილის ფორმატის კონვერტირების პროგრამა
3

როგორც ცნობილია, არსებობს აუდიო და ვიდეო ფაილების მრავალი სხვადასხვა გაფართოება (AVI, MP4, AVC, MPEG, WMV, MOV, FLV და სხვა HD ვიდეო ფორმატები). მედია ფლეიერები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ, არ მუშაობს ყველა სახის გაფართოებაზე. ამ დროს საჭირო ხდება ფაილების კონვერტირება, ანუ გაფართოების შეცვლა.
ერთ–ერთი გამოსავალია, რომ გამოვიყენოთ უფასო ონ–ლაინ კონვერტორები. მაგალითად: http://www.zamzar.com/, http://www.online-convert.com/ და სხვა.
ისინი საშუალებას იძლევა, მარტივად მოვახდინოთ ფაილების გადაკოდირება. ეს კონვერტორები მასწავლებლისათვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

მეორე მიდგომის მიხედვით, ამ პროცესისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კომპიუტერში ინსტალირებული პროგრამა, რაც აღარ იწვევს შემდგომი ინტერნეტწვდომის აუცილებლობას. ასეთი პროგრამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ერთ-ერთი მარტივი და მძლავრი უფასო პროგრამა – Simple Video Converter. მას აქვს ადვილად აღსაქმელი ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფს მარტივ კონვერტაციას სხვადასხვა ფორმატის მედია ფაილებს შორის. მოსახერხებელია “drag and drop” ფუნქციაც. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ აუდიო ინფორმაციის ექსტრაქციაც ვიდეო ფაილებიდან, და მისი კონვერტაცია სხვადასხვა აუდიო ფორმატში.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა აკონვერტირებს ვიდეო ფაილებს ისეთი მობილური საშუალებებისათვის, როგორიცაა iPod, iPhone, და android ტელეფონები.

5. არატიპური ბროუზერები
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს Google და Yahoo, ასევე Msn, Yahoo, Altavista, Excite, რომლებიც დომინირებს ინტერნეტის მეშვეობით ძიებაში, ვხედავთ, რომ მრავლად ჩნდება ახალ–ახალი საძიებო სისტემები. ასეთი სისტემები ორიენტირებულია განსხვავებული, სპეციფიკური მასალის გამორჩეული მეთოდით ძიებაზე, რაც მეტ მოქნილობას და ეფექტურობას ანიჭებს მათ კონკრეტულ სფეროში. სწორედ ეს არის მათი უპირატესობა ე.წ. „მონსტრებთან“ შედარებით. მასწავლებლებისთვის გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს:
4ა) განსაკუთრებით საინტერესოა საიტი FindSounds.com, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოიძიოთ სამყაროში არსებული ხმების ჩანაწერები, დაყოფილი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ცხოველები, ფრინველები, დღესასწაულები, სახლის ხმები, მწერები, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური საკრავები, ბუნება, ხმაურის გამომწვევი საშუალებები, სპორტი და დასვენება, ხელსაწყოები, ტელევიზია და ფილმები, ტრანსპორტი და სხვა. ყოველი კატეგორია, თავის მხრივ, მრავალფეროვანი ქვეკატეგორიებისგან შედგება, რომლებშიც თითოეული ხმა რამდენიმე განსხვავებული ფაილის სახითაა წარმოდგენილი.
შენიშვნა მშობლებისათვის: აუდიო ფაილები იფილტრება უხამსი და არაეთიკური შინაარსისაგან, ასე რომ, საიტი უსაფრთხოა ბავშვებისათვის.

ბ) საძიებო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ფოტო მასალის მოძიებაზე: http://www.picsearch.com/
მოძებული ფაილის გამოტანა შესაძლებელია მომხარებლისთვის მოხერხებული ორიენტაციით (Landskype, Portrait,), ზომით (Large, Medium, Small), ფერით (ორიგინალი, შავ-თეთრი, სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტილი). სამუშაო ინტერფეისი მულტილინგვურია. ინფორმაცია სტრუქტურირებულია მრავალფეროვანი დირექტორიების სახით:
ძიება მიბმულია თავიდანვე ფოტოზე და არა შესაბამის საიტზე. თუმცა ფოტოს არჩევის შემდეგ შესაძლებელია მისი ვებმისამართის აღდგენაც.
შენიშვნა მშობლებისათვის: საიტი საოჯახო მოხმარებაზეა ორიენტირებული – ფაილები იფილტრება უხამსი და არაეთიკური ფოტოებისაგან.
5როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მცირე გზამკვლევი შეიქმნა იმ სირთულეების დასაძლევად, რომლებიც ბოლო დროს მასწავლებლებთან შეხვედრებსა და ტრენინგებზე გამოიკვეთა. შევეცადეთ, განგვეხილა რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელია მასწავლებელთა იმ ფენისათვის, რომელიც, ერთი მხრივ, ორიენტირებულია, ისწავლოს და გამოიყენოს თანამედროვე მულტიმედია საშუალებები, მეორე მხრივ კი, არ წარმოადგენს ე.წ. „წინწაწეულ მომხმარებელს“. ვფიქრობთ, ამ საკითხებში გარკვევა მათ უფრო დააახლოებს მოსწავლეებთან, რომლებიც ადრეული ასაკიდან ითვისებენ კომპიუტერს და კარგად ერკვევიან ამ სფეროში.
ამასთან ერთად, მასალის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ისიც, რომ ეს გზამკვლევი სასარგებლო ყოფილიყო ყველა საგნისა და ყველა საფეხურის მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ორიგინალი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური