GE

საზაფხულო არდადეგები – მოჩვენებითი დასვენება თუ შეუზღუდავი თავისუფლება

ავტორი – თამთა დოლიძე ბავშვები მაისის დადგომისთანავე იწყებენ ზაფხულის არდადეგებზე ოცნებას. არაფერი სჯობს ზაფხულს – იღვიძებ მაღვიძარას გარეშე, დღის უმეტეს ნაწილს თანატოლებთან ატარებ, არ დადიხარ სკოლაში და სხვადასხვა დამატებით წრეზე და, რაც მთავარია, არ ამზადებ ყოველდღიურ ამოუწურავ საშინაო დავალებას… თუმცა შეუზღუდავი თავისუფლება ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ოცნების პრეროგატივაა.

ხშირად მშობლები ისე უგეგმავენ შვილებს დასვენებას, რომ შეუძლებელი ხდება სკოლის დავიწყება და ზაფხული, მთელი თავისი სილაღით, სადღაც ქრება. თავის მხრივ, ბავშვები ყოველთვის შეეცდებიან შეიტანონ მშობელთა გეგმებში კორექტირება და ეს სულაც არ გახლავთ სიჯიუტე, თავხედობა ან დაუმორჩილებლობა. არადა მშობლის შიში, რომ სამთვიანი არდადეგების დროს ბავშვი ნელ-ნელა დაივიწყებს ყველაფერს, რაც მთელი წლის განმავლობაში ისწავლა, არცთუ ისე უსაფუძვლოა. საკითხავი ისაა, როგორ დავაბალანსოთ ზაფხულის პერიოდში სწავლების პროცესი, ანუ როგორ დავგეგმოთ ზაფხული ისე, რომ შვილებს არც დასვენების შესაძლებლობა წავართვათ და გონების მოდუნების საშიშროებაც თავიდან ავიცილოთ?!

პირველ რიგში, ბავშვები უნდა დავარწმუნოთ, რომ საზაფხულო დავალებები სულაც არ ნიშნავს დასვენების დასასრულს. აუცილებელია საზაფხულო დავალებების თანაბრად გადანაწილება თითოეულ დღეზე და რეგულარული, ყოველდღიური მეცადინეობა.

ბავშვებისთვის დასვენების პერიოდი მისივე დაწყებამდე დასრულდება, თუ მათ საზაფხულო დავალებებზე მუშაობას სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვაიძულებთ. აუცილებლად უნდა მივცეთ მოზარდების გონებას დასვენებისა და მოდუნების უფლება… ორი-სამი კვირა რვეულების, წიგნებისა და კალმების გარეშე. ამ პერიოდში ბავშვს შეუძლია აინაზღაუროს თანატოლებთან ლაღ გარემოში ურთიერთობის დეფიციტი.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, არდადეგების დასაწყისში მოვიმარაგოთ ე.წ. ტვინის გასავარჯიშებელი საბავშვო კროსვორდები, რებუსები, პაზელები… ბავშვები მსგავსი თავსატეხების ამოხსნის პროცესს თამაშად აღიქვამენ, რაც შემდეგში სამეცადინო პროცესზეც დადებითად აისახება.

მსგავსი ამოსუნთქვის შემდეგ დაიწყეთ მეცადინეობისათვის მზადება – გადახედეთ დავალებების სიას, მოიმარაგეთ საჭირო მასალები, აარჩიეთ დროის მონაკვეთები, რომელსაც მოზარდი დღის მანძილზე ამა თუ იმ საგანს დაუთმობს (სასურველია, დავალების დღიური ულუფა გადაანაწილოთ 3-4 ჯერზე).

დილით, საუზმის შემდეგ, სანამ გონება ათასგვარი უსარგებლო ინფორმაციით არ დაბინძურებულა, მეცადინეობა ყველაზე სწრაფად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ზაფხულში, შუადღისას განსაკუთრებით ცხელა – ამ მიზეზით ადვილად შეძლებთ შვილის სახლში გაჩერებას და დღის მნიშვნელოვანი ნაწილის ეფექტურად გამოყენებას. ერთად შეადგინეთ დღის (კვირის) გეგმა, სადაც ჩამოწერთ საათობრივ ან სავარაუდო განრიგს. ჩემი დაკვირვებით, კარგად ჭრის ერთგვარი თვალის მოტყუების ფაქტორიც, ანუ საზაფხულო განრიგში ერთი შეხედვით უნდა ჭარბობდეს გართობის საათები. დღის რეჟიმის შედგენა, დავალებების სწორად გადანაწილებასთან ერთად, ბავშვებს დროის სწორად მართვის უნარ-ჩვევასაც უყალიბებს.

შემიძლია შემოგთავაზოთ საარდადეგებო დღის დაგეგმვის ჩემეული მაგალითი, რომელმაც ჩემს შვილზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა – ის დღემდე ადგენს დღის რეჟიმის მსგავს გეგმებს, ახლა უკვე ჩემგან დამოუკიდებლად:

9:00 სთ – საუზმე (გეგმაში მოცემული საათები პირობითია);
9:30 – 10:30 სთ – სამეცადინო საათი: მათემატიკა;
10:30 – 12:30 სთ – თამაშის საათი (თანატოლებთან);
13:00 – სადილი;
13:30 – კითხვის საათი , ქართულის საარდადეგებო დავალების მიხედვით (სასურველია თუ თქვენც გამონახავთ დროს თქვენთვის საინტერესო ლიტერატურის თუნდაც გაზეთის ან ჟურნალის კითხვისთვის);
14:30 – თამაში ოჯახის წევრებთან ერთად ( ქალაქობანა, ჭადრაკი, ლოტო და მსგავსი სამაგიდო თამაშები შვილებსა და მშობლებს შორის წლის მანძილზე ურთიერთობის დეფიციტს მეტ-ნაკლებად ანაზღაურებს);
15:00 სთ – სამეცადინო საათი: უცხო ენა;
16:00 სთ-დან – თავისუფალი დრო: თანატოლებთან ერთად მდინარეზე, ტყეში წასვლა ან მათთან თამაში სასურველ გარემოში; პიკნიკი ოჯახის წევრებთან ერთად და ა.შ.

საღამოს 7-8 საათისთვის, ვახშმის შემდეგ, შეგიძლიათ კიდევ მოაწყოთ კითხვის საათი, უყუროთ სატელევიზიო გადაცემებს, ფილმებს… თუ პატარებს გვიან დაძინების უფლებას მისცემთ, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით, მათ უფრო მეტი თავისუფლების შეგრძნებას მიანიჭებთ და მათ დღის მანძილზე საწერ მაგიდასთან გატარებული საათები უმნიშვნელოდ მოეჩვენებათ.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეგვიძლია თამაშ-თამაშით ვასწავლოთ, გამოვიყენოთ როლური თამაშები; პირველკლასელმა გოგონა-მასწავლებლებმა ამეცადინონ თავიანთი თოჯინა-მოსწავლეები. ბიჭუნებს კი, რომლებიც შეიძლება კომპიუტერულ თამაშებს ვერ მოწყვიტოთ, შეგიძლიათ სთხოვოთ, მოიძიონ და შეადგინონ კომპიუტერული თამაშების ისტორია, აღწერონ მათი საყვარელი კომპიუტერული თამაში და პერსონაჟი. კიდევ ბევრი, კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი გამოსავლის მოძებნა შეიძლება. მთავარია, თქვენი შვილები დაინტერესდნენ ამა თუ იმ დავალებით.

ვფიქრობ, მსგავსი გადახვევა მასწავლებლის მიერ მოცემული კონკრეტული სასკოლო დავალებისგან არ წარმოადგენს ტრაგედიას. მერე რა, თუ თქვენს შვილს წასაკითხი ლიტერატურის სიიდან რომელიმე წიგნი არ მოეწონა ან ვერ გაიგო. მიაწოდეთ რამდენიმე სხვა ვარიანტი მისი ასაკისთვის შესაფერისი ლიტერატურიდან – გადახედოს, აირჩიოს… იმ წიგნს, რომელსაც საკუთარი სურვილით გადაშლის, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, სიამოვნებით წაიკითხავს.

სჯობს, ბავშვს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ კითხვა არ ნიშნავს მეცადინეობას. ამ მხრივ ყველაზე კარგ მაგალითს დასასვენებლად მოკალათებული უფროსის ხელში წიგნის დანახვა წარმოადგენს. საღამოობით შეგიძლიათ მოაწყოთ დღის მანძილზე წაკითხული მასალის განხილვა; სთხოვეთ ბავშვს, დაგიხასიათოს რომელიმე პერსონაჟი, მოგიყვეს მისთვის ყველაზე საინტერესო თავის შინაარსი, ერთად მოიფიქრეთ ნაწარმოების სასურველი დასასრული… მსგავსი საუბრების დახმარებით მიხვდებით, იღებს თუ არა სიამოვნებას კითხვისას თქვენი შვილი. ჩემი აზრით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს კითხვის გაგრძელებას.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სამეცადინო პროცესში უფროსის დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებათ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დახმარება არ ნიშნავს ბავშვის ნაცვლად მუშაობას. შეეცადეთ არასდროს გაუსვათ ხაზი შესასრულებელი დავალებების ჭარბ რაოდენობას, ეს მათ მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

პირველ-მეორეკლასელებთან შინაგანი მოტივაციის ამაღლებას ყველაზე უკეთ მიღებული ცოდნის ყოველდღიურად გამოყენება ახდენს: ანგარიში გამყიდველობანას თამაშის დროს დასჭირდებათ; შეიძლება ხანდახან მშობლიური ენა “დაგავიწყდეთ” და თქვენს შვილს მოუწევს უცხო ენის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება. შეგიძლიათ დადგათ სპექტაკლები წაკითხული მოთხრობების ან თავად ბავშვების გამოგონილი ისტორიების მიხედვით… მოკლედ, იყავით ინიციატორი, მიეცით ბავშვებს მიმართულება და ისინი მალე შეძლებენ თქვენი დახმარების გარეშე გზის გაგრძელებას.

შეგვიძლია გარეგანი მოტივატორების ზომიერად გამოყენებაც. ვთქვათ, წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ, მულტფილმის ჩვენება ან ერთი ულუფა ნაყინი. ხშირად შეაქეთ შვილი მუშაობის დროს და თუ აღმოჩნდა, რომ საზაფხულო დავალების გარკვეული ნაწილის შესრულება ვერ მოასწრო, ამ ამბავს ტრაგედიად ნუ აქცევთ.

***

იმ უფროსებმა, რომლებიც პატარებს მეცადინეობაში ეხმარებიან, მაქსიმალურად უნდა მოიხსნან დაძაბულობა, ანუ მათი მონაწილეობა სამეცადინო პროცესში სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს. სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში ხშირია “დამხმარე ხელის” “დამსჯელ ხელად” გადაქცევის მაგალითები. უფროსების დიდი ნაწილი წყობიდან ადვილად გამოდის, როცა მათი შვილი ერთი შეხედვით მარტივ მაგალითს მისჩერებია და პასუხისთვის ვერ მიუგნია. უნდა გვახსოვდეს, ყვირილისა და ფიზიკური ანგარიშსწორების “დახმარებით” მაგალითი არ ამოიხსნება, ბავშვს კი უფრო მეტ შიშსა და ზიზღს ჩაუნერგავთ სამეცადინო პროცესის მიმართ.

შეცვალეთ ჩვეული სასწავლო გარემო: სამეცადინო კუთხის მოწყობა ეზოში ან ვერანდაზეც შეიძლება, მოაწყვეთ პიკნიკი საკუთარ ეზოში, ჩაწექით ჰამაკში, წამოგორდით მინდორზე, იკითხეთ, წერეთ, ისაუბრეთ… იქნებ თქვენმა შვილებმა მაინც შეძლონ საზაფხულო დავალებებისგან სიამოვნების მიღება.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური