GE

სკოლა და მშობელი – რას ნიშნავს მშობლის ჩართულობა და როგორ უნდა გაძლიერდეს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში?! 

თუ თქვენ სკოლის მოსწავლის მშობელი ხართ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სამუშაო დღეებში  დილით ოჯახში ყველაზე ადრე იღვიძებთ (დიდი ალბათობით დასვენების დღეებშიც);  შემდეგ აღვიძებთ ოჯახის წევრებს, შვილებს სკოლისთვის ამზადებთ, მიგყავთ სასწავლო დაწესებულებაში, ხვდებით მათ პედაგოგებს და ინტერესდებით ბავშვების აკადემიური მოსწრებით. ან ამ უკანასკნელ პროცედურას  სკოლიდან გამოყვანის დროს აკეთებთ. სახლში დაბრუნებულ პატარებს კი დავალებების მომზადებაში ეხმარებით – სავარაუდოდ ამ სტატიის მკითხველი მშობლების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა. თუმცა არის კი საკმარისი ეს ჩართულობა იმისთვის, რომ თქვენი შვილების აკადემიური მოსწრება გაიზარდოს ან მთლიანად სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო დემოკრატიული და წარმატებული  გახდეს?! EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორია სტანდარტულად მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში დღეს და როგორი უნდა იყოს უფრო მეტი ეფექტიანობისთვის?

2010 წელს, მშობელთა ჩართულობის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ქევინ უოკერმა, მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი პროექტის დამაარსებელმა სკოლებს მოუწოდა:  “ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ მოიწვიეთ, დაპატიჟეთ და სთხოვეთ მათ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი“.

რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ მშობელი უფრო მეტად აქტიური გახდეს და რა უნდა გააკეთოს თავად მშობელმა საკუთარი როლის გაძლიერებისთვის?

როგორც გაირკვა, საქართველოში ბევრ სკოლას აქვს მიზანი და სურვილი გაზარდოს მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა არ გააჩნია კონკრეტული სტრატეგია თუ როგორ და რა ნაბიჯებით შეუძლია მიაღწიოს მიზანს. როგორც გავარკვიეთ, ყველაზე მეტად სასკოლო ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების  მშობლები არიან ჩართულები.

მშობელთა ჩართულობის კუთხით განათლების სამინისტრომ აქტივობები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა რა შედეგი აჩვენა ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით ამ აქტივობებმა, ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ,,უწყება არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების, მშობელთა ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით”.

მათივე ინფორმაციით, ახლო მომავალში იგეგმება მშობლებისთვის როგორც გზამკვლევის, ასევე ვებ-პორტალის შექმნა სადაც თითოეულ დაინტერესებულ მშობელს ექნება საშუალება კითხვები დასვას, მიიღოს პასუხები და სხვებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.  

EDU.ARIS.GE დანტერესდა რა დოზით არის მშობლის როლი ინტეგრირებული  ეროვნულ სასწავლო გეგმაში?  

ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით, “დამრიგებლებისათვის სავალდებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია; იწყება პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელსა და სკოლას შორის რეგულარულ, ორმხრივ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება; 2015 წლის იანვრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდა, მოხდა  მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა; ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება მშობელთა განათლების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:  ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვ” – რამდენად გატარდება ზემოაღნიშნული საკითხები სკოლის რეალურ ცხოვრებაში ამას დრო გვიჩვენებს.

იქამდე EDU.ARIS.GE ეცადა გაერკვია, თუ როგორი უნდა იყოს მშობლის როლი მოსწავლის სწავლის პროცესში და მშობლის როლი ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში?

შვილის განვითარების რომელ ეტაპზე როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში? როგორც EDU.ARIS.GE-მ   ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილთან საუბრისას გაარკვია, მშობლის დამოკიდებულება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პერიოდულად უნდა იცვლებოდეს.

,,აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ზოგადად, მშობელი არ უნდა იყოს შვილის აკადემიური მოსწრების მაკონტროლებელი. ის უფრო მეტად  უნდა იყოს ინტერესის მქონე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მშობლის მიერ ინდეფერენტული დამოკიდებულება ძალიან ცუდად მოქმედებს შვილის მოსწრებაზე. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ჩართულობა მხოლოდ კონტროლი ჰგონიათ. კონტროლი კი მხოლოდ დაწყებით კლასშია საჭირო, თუ კონტროლი მაღალ კლასებშიც  გადადის, ეს სერიოზულ ბზარს აჩენს და იწვევს მოსწავლის აგრესიას. ამიტომ 11-12 წლის ასაკში მეტი ხვედრითი წილი და პასუხისმგებლობა მოსწავლეზე უნდა გადავიდეს ხოლო დამამთავრებელ კლასში მშობელი მხოლოდ დაინტერესებას უნდა გამოხატავდეს. ეს არის მშობლის ჩართულობის ყველაზე ოპტიმალური ფორმა,”- განაცხადა ფსიქოლოგმა ჩვენთან საუბარში.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მშობლის როლი გაიზრდოს სასკოლო ცხოვრებაში და დღეს რა ხარვეზებია აღნიშნული მიმართულებით  EDU.ARIS.GE კოალიცა ,,განათლება ყველასათვის” გამგეობის თავმჯდომარე ირინე ხანთაძე ესაუბრა.

,,ზოგადად, ვადასტურებთ, რომ მშობლის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლის მოსწრების კუთხით. ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად გვაქვს. სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანი კვლევა, მშობლის ჩართულობაზე  არ ჩატარებულა, თუმცა ჩვენ გაკეთეთ კვლევა ფოკუსჯგუფებთან. როგორც კვლევამ გვაჩვენა, მშობლების ჩართულობა და აქტიურობა სამეურვეო საბჭოს ფარგლებშიც კი საკმაოდ დაბალია, არადა, სწორედ სამეურვეო საბჭოებია ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სადაც მშობელიც არის გაწევრიანებული. საერთოდ ასეთი ტიპის ჩართულობა და გამოცდილების პრაქტიკა ნაკლები გვაქვს. შესაბამისად,  ამ საკითხის განხილვა მრავალხრივ პრიზმაში უნდა მოხდეს. ერთის მხრივ, თავად საბჭოებიც უნდა გაძლიერდეს,  მშობლებმაც სურვილი უნდა გამოხატონ გააქტიურების და  ცნობიერების დონეც უნდა გაიზარდოს. მხოლოდ სამინისტრო ვერაფერს შეცვლის თავად მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში, შეცვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ,”- განაცხადა ირინე ხანთაძემ.

რაც შეეხება ერთგვარ გამოსავალს მშობლების გააქტიურების თვალსაზრისით ექსპერტები თვლიან, რომ აუცილებელია გამოიკვეთოს და შეიქმნას  ლიდერი მშობლების ჯგუფები, კლუბები ან თუნდაც ასოციაციები,  რომლებიც ნაკლებ აქტიური მშობლების  გაძლიერებაზეც იზრუნებენ და სკოლის მმართველობის პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან.

და რას გვეტყვით თქვენ, როგორც მშობელი რა ფორმით ხართ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

საინტერესო ინფორმაციები მოსწავლის მშობელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური