„განათლების რეფორმის კომპლექსური განხორციელების შემდეგ, სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“ – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაწყებული განათლების რეფორმა საქართველოში უმუშევრობის მიმართულებით პრობლემებს სრულად მოხსნის.
ამის შესახებ მან დღეს, 25 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც მას კომენტარი სთხოვეს შემდეგზე: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი მონაცემებითა და 2026 წლის ივნისის განახლებული ანგარიშით, საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და მიმდინარე წლის საპროგნოზო საშუალო მაჩვენებელი 13.9%-ს შეადგენს”.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრისთვის მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის ცვლილებაა:
“როდესაც ბიზნესასოციაციის კვლევების პრეზენტაციები იმართება, ნომერ პირველი პრობლემა არის სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის განათლების სისტემის გაუმჯობესება და თქვენ იცით, რომ სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით.
მას შემდეგ, რაც კომპლექსურად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება”.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 14.4% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით არის შემცირებული.
უახლესი ინფორმაციით, შრომის ბაზარზე ფიქსირდება შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებში: 12.1%. უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში: 16.2%.
აღსანიშნავია, რომ რეგიონულ ჭრილში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი დედაქალაქში ფიქსირდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, თბილისში მაჩვენებელი 17.5%-ს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი (მხოლოდ 7%) სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია.
ასევე იხილეთ:
საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი: „უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს“
-
ცვლილებები განათლების სამინისტროს სსიპ-ში – EMIS-ის ახალ უფროსს ოთხი მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
by ARIS.GE-განათლება
-
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე