„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
2026 წლის მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 5 ივლისს იწყება. წელს პირველად, პედაგოგებსა და ამ პროფესიაში შემსვლელებს შეუძლიათ, ერთდროულად სამი საგნის გამოცდა ჩააბარონ. სულ, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე 29 000-ზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული, მათ შორის არის ჩვენი რესპონდენტიც – თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ირინა ფუტკარაძე, რომელსაც EDU.ARIS.GE-მ მოახლოებულ მასწავლებლის გამოცდებთან დაკავშირებით კოლეგებისთვის რჩევებისა და ზოგადად, ტესტირების ჩატარების საჭიროებაზე მოსაზრების გაზიარება სთხოვა.
ირინა ფუტკარაძეს გასულ წლებში დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (I-IV) და სპორტის (I-XII) გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს, წელს კი სამოქალაქო განათლების (VII-XII) ტესტირებაზე გასვლა სურს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ მასწავლებლის მიერ კომპეტენციის დადასტურება არა გამოცდით, არამედ „სულ სხვაგვარად წარმოუდგენია“.
უფრო კონკრეტულად კი, პედაგოგი ფიქრობს, რომ ტესტირება „ცხოვრებამ და დრომ მოითხოვა“, თუმცა მასწავლებელი საგნობრივ კომპეტენციას არა გამოცდაზე, არამედ საკლასო ოთახში უნდა ადასტურებდეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კი, პედაგოგთა კორპუსისთვის სწორედ ასეთი ალტერნატივის შეთავაზება უნდა შეძლოს:
„შეფასება იმის, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, არა გამოცდით, არამედ კლასის შედეგით უნდა ხდებოდეს. აი, რატომ: შესაძლოა, მასწავლებელმა გამოცდა იდეალურად ჩააბაროს, თუმცა ამ ყველაფრის ტრანსფერი საკლასო ოთახში ვერ შეძლოს; ვერ ჩაატაროს იმის შესაბამისი გაკვეთილი, რა ქულაც გამოცდაზე აიღო. ამიტომ, უნდა არსებობდეს რაღაც ჯგუფი, რომელიც მოვა საკლასო ოთახში, დამესწრება და ნახავს, როგორ ვატარებ გაკვეთილს. მოსწავლეების შედეგებმა უნდა დაანახოს ადამიანებს, როგორ შრომობს მასწავლებელი. შენი მოსწავლე შენი სახეა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როდესაც კლასში არის 28-29 ბავშვი და 20-ს აქვს იდეალური აკადემიური მოსწრება, იქ უკვე დასამტკიცებელი აღარაფერია.
ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იქნებოდა განათლების სამინისტროსთვის – გამოცდის ალტერნატივა შეიმუშაონ და დააფასონ ის მასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს ყველა საგნობრივი და წამყვან-მენტორის გამოცდა. მათი შედეგები არ უნდა დაიკარგოს, უნდა შემუშავდეს განსხვავებული ალტერნატიული გზა, რომელიც პედაგოგებს შეფასებს და დააფასებს“.
როგორც ირინა ფუტკარაძე აღნიშნავს, პედაგოგი, გამოცდა იქნება ეს თუ მისი ალტერნატივა, სიახლეებისა და გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს – „თუ მასწავლებლობა გვსურს, განვითარებაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ განვითარება არ გვსურს, სხვა პროფესია უნდა ავირჩიოთ“:
„ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლებს სიახლეების ყოველთვის ეშინიათ – განსაკუთრებით 60+ მასწავლებლებზეა საუბარი. ყველა თაობის პედაგოგს ვეტყოდი – თუ შენ ამ პროფესიაში შედიხარ, უნდა იცოდე, რომ ძალიან ხშირად იქნება სიახლეც, გამოწვევაც, განვითარების ახალი გზაც და შენ უნდა შეხვდე ამას არა შიშით, არამედ მონდომებით… თუ განვითარება არ გვსურს, მაშინ სხვა პროფესია უნდა ავირჩიოთ.
ზოგი ფიქრობს, რომ მასწავლებლობა მარტივია და ამ პროფესიაში შევალ. რა უნდა მასწავლებლობას?! შუადღემდე ვიმუშავებ, ზაფხულში დავისვენებ. ასეთ ადამიანებსაც მივმართავ – ზაფხულშიც უნდა იფიქრო იმაზე, სექტემბრიდან რას გააკეთებ მოსწავლეებისა და საკუთარი პროფესიული ზრდისთვის. თუკი ასე არ იფიქრებთ, რა თქმა უნდა, პროგრესი არ იქნება… რაც დრო გადის, მით მეტად განსხვავებული ბავშვები მოდიან. და ასეთ შემთხვევაში, თუკი გადამზადება არ იქნება, თუ არ წავიკითხავთ უფრო მეტს, ამ ბავშვებისთვის მზაობა ვერ გვექნება. ამიტომ, თუ მასწავლებლობა გვინდა, განვითარებაზეც უფრო ვიფიქროთ“.
რეკომენდაციები მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებს
რაც შეეხება 2026 წლის მასწავლებლის გამოცდას და პედაგოგთა წინასაგამოცდო მღელვარებას, ირინა ფუტკარაძე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოცდების მომლოდინეთათვის არც რჩევებს იშურებს.
ამბობს, რომ მასწავლებელი ტესტირებისთვის კარგად უნდა მოემზადოს, უშუალოდ საგამოცდო პროცესში კი, საკითხების თანმიმდევრობა უნდა დაიცვას და დროის სწორად განაწილება შეძლოს:
„პედაგოგები ხშირად წინა წლების ტესტებს აკვირდებიან, წინასწარ ღელავენ და ფიქრობენ, რომ გამოცდა რთულია. თუმცა, ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ გაეცნონ არა წინა წლების მასალებს, არამედ იმ საკითხებს, რაც გამოცდებზეა შეტანილი. ამოიწერონ მნიშვნელოვანი თემები და გადახედონ გამოცდამდე ბოლო 15 დღით ადრე და არა გამოცდის წინა ღამეს. მასწავლებელი გამოცდისთვის კარგად უნდა მოემზადოს. თუ პედაგოგი ამ საკითხებს არ ჩაუჯდება, რაღაცებს არ მოიძიებს, არ წაიკითხავს, ჩაბარება გაუჭირდება. ზოგადად, ძალიან რთულია ხოლმე, უცებ გაიხსენო ყველაფერი, ამიტომ სჯობს, მთავარი საკითხები მონიშნული და გავლილი გქონდეს.
უშუალოდ გამოცდაზე მნიშვნელოვანია, რომ საკითხების თანმიმდევრობას მიჰყვე, რადგან ჯერ არის შედარებით მარტივი საკითხები, შემდეგ – საშუალო, ბოლოს – რთული. როდესაც შენ მუშაობას რთულით იწყება და ტვინი გეღლება, შემდეგ შესაძლოა, მარტივი საკითხიც კი ძალიან რთულად მოგეჩვენოს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ წერისას გადაიტანო პასუხები. შესაძლოა, ბოლოს დრო აღარ გეყოს და პასუხების გადატანაში შეცდომები დაუშვა“.
ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელებს ასევე ურჩევს, რომ კარგი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, საგამოცდო პროცესისადმი პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ.
„ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი, პროფესიონალი და თეორიულად თუ პრაქტიკულად თავისი საქმის მცოდნე მასწავლებელი გასულა გამოცდაზე და სტრესის გამო, საგანი ვერ ჩაუბარებია. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის უნდა შეიქმნა წინასწარი განწყობა, რომ გამოცდის ჩაბარებას შეძლებ. არ უნდა იფიქრო – „თუ ჩავაბარებ“ და არ უნდა იფიქრო, რომ ეს გამოცდა შენს ცხოვრებაში რაღაცას წყვეტს. უნდა იფიქრო, რომ ამით არაფერი არც მთავრდება და არც იწყება. უნდა ჩათვალო, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა – „თუ იქნება კარგი შედეგი – კარგია, თუ არადა – არაუშავს, თავს არ შევაკლავ და მომავალშიც ვცდი“. ნებისმიერ გამოცდაზე თუკი შესაბამის ქულას ვერ აიღებ, ეს არ ნიშნავს, რომ პროფესიონალი არ ხარ. არაფერს ვამტკიცებთ. ცხოვრებამ და დრომ მოითხოვა, რომ [კომპეტენცია] დაადასტურო. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და მივიღოთ „კარგი“ – ცოტა მეტი ანაზღაურება. შეხედეთ უფრო ზედაპირულად და უფრო გამოგივათ“, – აცხადებს ირინა ფუტკარაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება