GE

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის საბუთების მიღება დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის დოკუმენტაციის მიღება უკვე დაწყებულია და 3 ოქტომბერის ჩათვლით გაგრძელდება. სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა წარადგინონ.

იხილეთ განცხადების ფორმა და დოკუმენტაციის ნუსხა

2016-2017 სასწავლო წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი გამოყოფილია იმ სტუდენტების დაფინანსებისთვის, რომლებიც 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიას:

ა) 206 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტი;

ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტი;

ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტი;

ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტი;

ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 10 სტუდენტი;

ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტი;

ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტი;

ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტი;

ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16 სტუდენტი;

ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში – 14 სტუდენტს; ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში -10 სტუდენტს);

ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი.

ბ) 170 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წე­სით; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტი;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტი;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტი.

გ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ე) 26 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.

ვ) 5 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები.

ზ) 50 სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა).

თ) 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები.

ი) 30 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

კ) 50 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ლ) 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

მ) 170 სტუდენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2014 ან 2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, აქედან:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

ბ) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, დაფინანსდებიან:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;

მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2015 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის N310 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №585 ბრძანებით.

რაც შეეხება მაგისტრებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 ან 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.

ბ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

გ) 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №311 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №584 ბრძანებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური