GE

ვიდეორგოლების კონკურსის „ევროპა ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“ ჩაატარა. კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა დააჯილდოეს.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ასეთი კონკურსების მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ღირებულებების არსი და მისი მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში, გაანალიზონ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, გამოხატონ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 66 ვიდეორგოლი განიხილა, რომელთაგან 10 საუკეთესო შეირჩა.

საკონკურსო პირობების მიხედვით I, II, III ადგილებზე გასული რგოლების ავტორი/ავტორთა ჯგუფი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდა:

I ადგილი – 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
II ადგილი – 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
III ადგილი – 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველომ და ევროკავშირის პროექტმა „ერთად შევეგებოთ ევროპას“ გამოავლინა ათ საუკეთესო ვიდეორგოლს შორის მათი რჩეული, რომელსაც სამხსოვრო პრიზი გადასცეს. პრიზის მფლობელი გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზაზა თევთიძე.

დანარჩენი 7 ვიდეორგოლის ავტორს/ავტორებს წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან, ხელვაჩაურიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისდან, გორიდან, რუსთავიდან, ქობულეთიდან, ხაშურიდან და თბილისად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური