ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდის ცვლილებები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უცხო ენის გამოცდის ჩაბარება შეცვლილი ფორმატით და შინაარსით მოუწევთ. 100-ქულიანი ტესტის ნაცვლად გამოცდა 90-ქულიანი იქნება. აბიტურიენტებს 10 დავალების მაგივრად 9 დავალების შესრულება მოუწევთ. მეორე დავალება, რომელიც განცხადებებს შეეხებოდა და სელექციური კითხვის უნარს ამოწმებდა, სიმარტივისა და მოძველების გამო საერთოდ ამოღებულია ტესტიდან.
რა გახდა ცვლილებების მიზეზი და რა უნდა გაითვალისწინონ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისას აბიტურიენტებმა, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ესაუბრება:
–ქალბატონო რუსუდან, რატომ გახდა უცხო ენის ტესტში ცვლილებების შეტანა აუცილებელი?
–ძალიან უმნიშვნელო ცვლილებებია, რომელიც შეეხო პირველ დავალებას. ეს არის მოსმენა, რომელიც ქულობრივად იგივე დარჩა, ოდნავ შეიცვალა ფორმატი. ანუ 10 პატარა ტექსტის ნაცვლად იქნება 5 უფრო დიდი ზომის ტექსტი. თითოეულ ტექსტს მოსდევს 2 კითხვა. საბოლოოდ, მოსმენის ნაწილი ისევ 10-ქულიანი დარჩა. ისევ 15 წუთში ჩაეტევიან აბიტურიენტები. ეს დრო იყო მოსმენის ნაწილისთვის გამოყოფილი. ამ შემთხვევაში არაფერი შეცვლილა. ეს დავალება ცოტა უფრო გართულებულია, რადგან აბიტურიენტი ისმენს ტექსტს და მას ორ შეკითხვაზე უწევს პასუხის გაცემა და არა ერთზე. რაც მისგან მოითხოვს უფრო სწრაფი აზროვნების უნარს. სწრაფი მოსმენის და გააზრების უნარებს, ანუ ამაზე მოუწევთ ვარჯიში. აღნიშნული ცვლილება განაპირობა ჩვენმა სტატისტიკურმა ანალიზმა, რომელსაც ყველა გამოცდის შემდეგ ვატარებთ. რომელმაც დაგვანახა, რომ იმ ფორმატით, ისეთი სახის დავალებებით გამოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან მარტივი დავალება. რეალურად, 10-დან 7 აბიტურიენტი ამ დავალებას წარმატებით აკეთებდა, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ დავალება ვერ განასხვავებდა სუსტ და ძლიერ აბიტურიენტებს ერთამანეთისგან. ოდნავ გართულდა, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს დრამატული ცვლილებაა.
იგივე შემიძლია ვთქვა განცხადებებზე, რომელიც ტრადიციულად მეორე დავალება იყო. ეს საერთოდ ამოვიღეთ. ეს ძალიან კარგი დავალებაა თავისთავად. სელექციური კითხვის უნარს ამოწმებს. სტატისტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ესეც ძალიან მარტივი იყო. იმდენად მარტივი იყო, რომ 10-დან 9 ბავშვი წარმატებით ართმევდა თავს ამ დავალებას. თან ცოტა მოძველდა ტესტში ეს დავალება და ამოვიღეთ.
გრამტიკის დავალების ნაწილში ვარჩიეთ მრავალჯერადი არჩევანის საშუალება მიგვეცა აბიტურიენტებისთვის. რადგანაც ეს უფრო ცალსახად ასახავს ბავშვის ცოდნას. ამ დავალებით კარგად არის გამოხატული ბავშვმა რა იცის გრამატიკაში. ამ შემთხვევაში გამარტივებულია ეს დავალება.
რაც შეეხება დროს, გამოცდის ხანგრძლივობა არ შეცვლილა და 2 საათი და 40 წუთი დარჩა.
–შეცვლილი ფორმატით გამოცდის დავალებების ნიმუშების ნახვა სად და როდის შეეძლებათ აბიტურიენტებს?
–ჩვენ აღარ ვბეჭდავთ ტესტებს. ამ ფორმატის ნიმუშს სადღაც იანვარ-თებერვალში დავდებთ ინტერნეტში და ყველას ექნება საშუალება, მოსმენის დავალებაც ნახოს და გააკეთოს. მთლიანი ტესტის ფორმატს დავდებთ, ალბათ, თებერვალში. მანამდე აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ არაფერი შეცვლილა, მათ შარშან და შარშანწინდელი ტესტებით იმუშაონ, რომელიც ჩვენს საიტზე დევს. მომზადების და ცოდნის მიღების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. იგივე ცოდნას ოდნავ სხვა მეთოდით ვამოწმებთ.
მე თუ მკითხავთ ცოტათი გამარტივდა უცხო ენის გამოცდა, ვინაიდან 10 დავალების ნაცვლად 9 დავალებაა. ამის გამო 90-ქულიანი იქნება მთლიანი ტესტი 100 ქულის მაგივრად. ერთი დავალების ამოღების მიუხედავად ჩვენ გამოცდის დრო არ შეგვიმცირებია. ეს სასიამოვნო ინფორმაციაა აბიტურიენტებისთვის.
–რომ დავაზუსტოთ, განცხადებების დავალება, რომელიც მეორე ნომრად იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში, საერთოდ ქრება და სხვა რამით აღარ ჩანაცვლდება?
–არ ჩანაცვლდება. საერთოდ ამოვიღეთ. თუმცა მე აბიტურიენტებს ვურჩევ, ამ დავალებაზეც იმუშაონ, რადგან ის ძალიან კარგად ავარჯიშებს მათ წაკითხულის გააზრებაში, სელექციურ კითხვაში, ინფორმაციის მოპოვებაში. ანუ ეს სავარჯიშოდ თავისთავად ძალიან კარგი დავალებაა.
–რაც შეეხება უცხო ენების გამოცდაში ზღვარს, რამდენი უნდა აიღოს 90 ქულიდან აბიტურიენტმა, რომ ჩაბარებულად ჩაეთვალოს გამოცდა?
–უცხო ენებში გამსვლელი ქულა პროცენტულად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საგნებში. აბიტურიენტმა უცხო ენაში უნდა აიღოს 19 ქულა, გამოცდა ჩაბარებულად რომ ჩაეთვალოს. ცვლილება შეეხება ოთხივე უცხო ენის გამოცდას: ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს, გერმანულს.
20% უნდა აიღოს აბიტურიენტმა, გამოცდის ზღვარი გადალახულდა რომ ჩაეთვალოს. ამ შემთხვევაში დაანგარიშება 90 ქულიდან ხდება და ამიტომ 21 ქულის ნაცვლად 19 გახდა უცხო ენის გამოცდის გამსვლელი ქულა.
–წერით ნაწილში არაფერი შეიცვლება? თემა ისევ 16-ქულიანი იქნება?
–თემა 16-ქულიანია, წერილი 6-ქულიანი. აქ არაფერი შეიცვლება.
–რას ურჩევდით აბიტურიენტებს როგორც უცხო ენების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი?
აბიტურიენტებს ვურჩევდი რაც შეიძლება ბევრი იკითხონ უცხო ენაზე. მარტო სავარჯიშოების კეთება, პროგრამული საკითხები აუცილებლად უნდა გააკეთონ, მაგრამ კომპეტენცია რომ აიმაღლონ უცხო ენაში, ბევრი უნდა იკითხონ. ეს იქნება მხატვრული ლიტერატურა თუ სასწავლო ტექსტი, მნიშვნელობა არ აქვს. ასევე ბევრი ისმინონ ავთენტური მასალა ინტერნეტში. უნდა ისწავლონ, რასაკვირველია, ის გრამატიკის წესები, რომელიც უცხო ენაში არსებობს. ეს იქნებოდა ჩემი ზოგადი რჩევა. მარტო პროგრამულ საკითხებს ნუ მიეჯაჭვებიან. ზოგადად ბევრი იკითხონ და ისმინონ უცხო ენაზე.
რა სიახლეებია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტებში
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება