12 წლის ასაკში მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში და ნინიკო ჯინორიძის სამომავლო გეგმები
ინგლისური ენის ცოდნა დღეს გასაკვირი აღარ არის, თუმცა ენის ფლობა ისეთ დონეზე, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი – First Certificate in English (FCE) მოიპოვო, რომელსაც მსოფლიოში ათასობით უნივერსიტეტი და წამყვანი კომპანიები აღიარებენ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სწორედ ასეთი წარმატება ხვდა წილად British Council Georgia-ს კურსდამთავრებულს, სულ რაღაც 12 წლის ნინიკო ჯინორიძეს, რომელიც დღეს EDU.ARIS.GE-ს სტუმარია. მან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი – First Certificate in English (FCE) B2 დონეზე, უმაღლესი 172 ქულიდან 171 ქულით მოიპოვა.
მცირე ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ
ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი – First Certificate in English (FCE), გაცემულია Cambridge English-ის მიერ და ადასტურებს, რომ Nino Jinoridze-მ წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე (საშუალოზე მაღალი, საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს – CEFR მიხედვით). აღნიშნულ სერტიფიკატს გასცემს Cambridge University Press & Assessment, რომელიც უშუალოდ კემბრიჯის უნივერსიტეტის (University of Cambridge) ოფიციალური და არაკომერციული სტრუქტურული ქვედანაყოფია.
– ნინიკო, პირველ რიგში, გვითხარი, რას ნიშნავს ამ სერტიფიკატის ფლობა ენის მცოდნესთვის ასეთ პატარა ასაკში და რამდენად ელოდი მსგავს მიღწევას, როდესაც საერთაშორისო გამოცდაზე გახვედი?
– ველოდი, რომ აუცილებლად ჩავაბარებდი, თუმცა თავიდან ცოტა მეშინოდა. გამოცდის დროს საერთოდ არ ვნერვიულობდი. არ ვიცი, თავისით მოხდა ასე. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მიფიქრია ან მინერვიულია გამოცდის გამო.
– როგორც ჩვენ ვიცით, სერტიფიკატს აქვს მუდმივი ვადა, რას ნიშნავს ეს?
– როგორც ვიცი, ამ სერტიფიკატით ნებისმიერ უცხოურ უნივერსიტეტში და კოლეჯში შემიძლია სწავლის გაგრძელება.
ჩემთვის ამ გამოცდის ჩაბარება დიდი გამოცდილება იყო. ასევე, იყო პირველი სერიოზული გამოცდა. ბრიტანეთის საბჭოში მასწავლებლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ასაკისთვის დიდი ვიყავი (ცოდნით და აზროვნებით). ამიტომ გადავწყვიტე მეცადა, ჩავაბარებდი თუ არა ამ გამოცდას. კიდევ იყო ერთი მიზეზი, ინგლისურის ერთ-ერთ ოლიმპიადაზე მითხრეს, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი მე-6 კლასის დონეზე. ამან ცოტა გამაბრაზა და გადავწყვიტე, რომ დამემტკიცებინა ჩემი ცოდნა. ვფიქრობ, საბოლოოდ, ეს ნამდვილად შევძელი 😊
– შესანიშნავი დამატებითი მოტივაცია გქონია. ისიც გვითხარი, რა პერსპექტივებს გიხსნის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა დონეზე ასეთი პრესტიჟული სერტიფიკატის ფლობა, გვიამბე შენი მიზნების, გეგმებისა და ოცნებების შესახებ, სად ხედავ შენს მომავალს კარიერული თვალსაზრისით დღეს?
– ჩემი ოცნებაა, ვიმოგზაურო ინგლისში, ვნახო შოტლანდია, ირლანდია, ლონდონი და მოვხვდე ბუკინგემის სასახლეში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საკუთარ თავს მედიცინაში ვხედავ, მომავალში მინდა, რომ სტომატოლოგი გავხდე.
ვინაიდან ვსწავლობ გურამ რამიშვილის სახელობის №20 სკოლაში, სადაც გერმანული ენის გაძლიერებული პროგრამა გვაქვს, ჩემი მიზანია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გავიღრმავო გერმანული ენის ცოდნა და გერმანულშიც ავიღო B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი.
– რა შეგიძლია უთხრა თანატოლებს, რომლებსაც ასეთი წარმატების მიღწევა სურთ, როგორ შეიძლება ამისთვის მოემზადონ და შენ რა დაგეხმარა ამაში?
– ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ არ გაფლანგონ დრო უქმად. ასევე არ დაუჯერონ ოლიმპიადების შეფასებებს. თუ თვითონ თვლიან, რომ მეტი შეუძლიათ, იმეცადინონ და აუცილებლად გამოსცადონ ცოდნა კემბრიჯის გამოცდაზე.
FCE გამოცდისთვის მოსამზადებლად ბრიტანეთის საბჭოში ვმეცადინეობდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში FCE-ის საგამოცდო ჯგუფის წევრი ვიყავი, სადაც ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად, განსაკუთრებით შემიყვარდა წერა. ეს გამოცდილება მეხმარება, რომ ჩემი აზრები უფრო თავისუფლად, გამართულად და ლამაზად გადმოვცე.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩემი მშობლების მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ყოველთვის მიწყობდნენ ხელს, მამხნევებდნენ და მოტივაციას მაძლევდნენ, რომ დასახული მიზნისთვის მიმეღწია.
შვილის წარმატებაზე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ ნინიკოს მშობლები – სანდრო ჯინორიძე და ეკატერინე ჯიბღაშვილი:
– რა ემოციაა შვილის პატარა ასაკში მოპოვებული საერთაშორისო წარმატება, გაიზარდა თქვენი მოლოდინები?
– როდესაც გამოცდის დრო მოვიდა, სიმართლე რომ გითხრათ, მეშინოდა.
მეშინოდა, ზედმეტს ხომ არ ვითხოვდით 12 წლის გოგონასგან. ამავდროულად, მაინტერესებდა, ზედმეტად მიკერძოებული ხომ არ ვიყავი როცა მეგონა, რომ ნინიკოს ეს შეეძლო. ჩვენი მოლოდინები კი არ გაიზარდა, არამედ გამყარდა. ახლა ვიცი, რომ რაც არ უნდა დაისახოს ნინიკომ, აუცილებლად საუკეთესო შედეგზე გავა.
– დაგვიხასიათეთ ნინიკო, როგორი ბავშვი იყო პატარაობაში და როგორია თქვენი, მშობლების როლი მის მიღწევებში?
– ნინიკო ჩვენს ოჯახში ყველაზე პატარაა და ყოველთვის ვანებივრებდით. ის პატარაობიდან ჭკვიანი იყო – ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა ყველაფერს. თავისით ისწავლა ყველა ენის ანბანი, კითხვა (ქართული, ინგლისური, გერმანული) და არასდროს გვიმეცადინია მასთან ერთად. ჩვენ ვცდილობთ, ყოველთვის მხარი დავუჭიროთ და მოტივაცია მივცეთ. ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად ვერევით. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავად გამოხატოს ინტერესები და ჩვენ მხარი დავუჭიროთ. ჩვენი, როგორც მშობლების როლი მის მიღწევებში მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლება.
აი, რა გვითხრეს თავიანთ კურსდამთავრებულზე British Council Georgia-ში:
„ჩვენთვის ეს ნიშნავს კიდევ ერთ გამართლებას იმისა, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოსამზადებელი კურსები მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ასევე, რადგან კემბრიჯის გამოცდებს ბავშვები ჩვენივე ცენტრში აბარებენ, სტრესიც ნაკლები აქვთ და იციან, რომ მათი ცოდნა სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტია, რომ ნინიკო პატარა ასაკის არის, მაშინ, როცა 15-17 წლის მოსწავლეებთან ერთად მეცადინეობდა და ისე ჩააბარა გამოცდა, რომ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია. რაც ყველაზე მეტად გვახარებს, გარდა იმისა, რომ ნინიკომ ჩააბარა გამოცდა, გაიუმჯობესა წერის ტექნიკა და უნარები, მან თავისი ჰობიც იპოვა – ის წერს ჩანახატებს ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ნინიკო არა მხოლოდ კურსზე მოემზადა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა, არამედ თავისი ჰობიც აღმოაჩინა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდა, ბევრად უფრო მეტია ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ რაიმე კონკრეტული შედეგის დადება“.
EDU.ARIS.GE ნინიკოს კიდევ უფრო დიდ სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან

