GE

139 აღსრულებული საქმე და დახარჯული 210 ათასი ლარი – აუდიტის სამსახურს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეისწავლოს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაწესებულება საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა ნიკა გოგბერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ შეისწავლეს ცენტრის 2017-2019 წლების საქმიანობა და მიაჩნიათ, რომ გაღებული ხარჯები არ შეესაბამება ე.წ. ქამრების შემოჭერის სახელისუფლებო პოლიტიკის ტენდენციებს.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, სამივლინებო ხარჯების სახით, სულ 171,208.03 ლარი დახარჯა. კერძოდ, ქვეყნის შიგნით დაიხარჯა, მთლიანობაში – 13,473.72 ლარი, ქვეყნის გარეთ – 157,734.31 ლარი. მივლინებაში გამოხატული ღირებულება გულისხმობს სასტუმროს ხარჯს. უფრო კონკრეტულად, ცენტრმა ქვეყნის გარეთ სასტუმრო მომსახურებაში გასწია 2017 წელს – 60,571.20 ლარი, 2018 წელს – 77,429.26 და 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით – 19,733.85 ლარი, ხოლო ქვეყნის შიგნით, 2017 წელს – 7,508.44 ლარი, 2018 წელს – 5,286.28 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით – 679.00 ლარი. რაც შეეხება ცენტრის დირექტორის, მისი მოადგილეების, სამსახურისა და სამმართველოს უფროსების მიმართ გაცემულ თანამდებობრივ სარგოს, პრემიებსა და დანამატებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2017-2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით, ჯამში შეადგინა 985,677.14 ლარი.

„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოითხოვა ინფორმაცია ცენტრის დირექტორის, მოადგილეების, აგრეთვე სამსახურების და დეპარტამენტების უფროსების ხელფასების, პრემია-დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების თაობაზე“, – ამბობს ნიკა გოგბერაშვილი.

იურისტი ასევე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სტატისტიკისა და საერთო სასამართლოებში მოსარჩელე – მოპასუხე სტატუსით ცენტრის ჩართულობის შესახებ, ასევე აღსრულებული საქმეების და გაღებული ხარჯების ჩამონათვალი.

„მოკვლეული მასალების მიხედვით, 2017 წელს არც ერთ დაწესებულებას არ მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა  ერთს. 2018 წელს, ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას, ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს სასწავლებელს, ხოლო 2019 წელს მიენიჭა – ორს და გაუუქმდა ერთ დაწესებულებას. მიღებული ინფორმაციის თანახმად, აგრეთვე დგინდება, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის და მოპასუხის სტატუსით ცენტრი მონაწილეობს 382 დავაში, საიდანაც მის წინააღმდეგ 2017-2018 წლებში აღსრულებულია 139 საქმე და ამ აღსრულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებულია 210 ათასი ლარი, რაც არის საგანგაშო მაჩვენებელი. სახელმწიფოს უხდება ხარჯების გაღება სწორედ ცენტრის უკანონო გადაწყვეტილებების გამო“, – ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სამ დავას აწარმოებენ, მათგან ერთ-ერთი სასამართლომ შეაჩერა, ცენტრი კი სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს.

„ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ბერკეტები გადავამოწმოთ ინფორმაცია, რომ ყველა დავა, რომელიც სასამართლოში  მიმდინარეობდა ავტორიზაციის კუთხით, გადაწყდა ცენტრის სასარგებლოდ, თუმცა საერთო სასამართლოებში არსებობს დავები, სადაც ცენტრის გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების შესახებ შეჩერდა. გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე: ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს შეუჩერდა ავტორიზაცია და აეკრძალა სტუდენტების მიღება 2019-2020 წლებში, ეს გადაწყვეტილება სასმართლომ გააუქმა და მიიჩნია, რომ მნიშვნელოვნად დააზარალებდა უნივერსიტეტის ეკონომიკურ ინტერესებს. ამდენად, შეჩერებული გადაწყვეტილებების შესახებ ცენტრი ინფორმაციას არ გასცემს. სახელმწიფო უწყების მხრიდან ადგილი აქვს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ და რაც მთავარია, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება მენჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს.

“რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით ნაწილს, აქაც არსებობს ეჭვები, ჩვენ ვაპირებთ განცხადებით მივმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ საბოლოოდ გაირკვეს რას ემსახურება ამ ცენტრის საქმიანობა, არის ეს რეალურად განათლების ხარისხის განვითარება, თუ ორიენტირებულია მოგებაზე და შემოსავლების მიღებაზე და შემდგომ ამ შემოსავლების ხელფასებში და სამივლინებო ხარჯებში გადანაწილებაზე“, – აცხადებს ნიკა გოგბერაშვილი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი