GE

„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“

„ვაღიარებთ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას, რომელიც სასკოლო ინფრასტრუქტურას და განათლების მიმდინარე რეფორმას უკავშირდებოდა.

როგორც მარიამ ლაშხმა დღეს, 29 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ამ გამოწვევების სრულად აღმოფხვრას, პოლიტიკური ოპონენტების კი – „ფუჭ ხმაურს“ ემსახურება.

„ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევებია. მე პირადად, როგორც საჯარო სკოლის მოსწავლის დედა, აღმოვჩნდი ამ ფაქტის წინაშე და ჩართული ვარ რეალური საქმის კეთებით, რის საშუალებასაც მანდატი მაძლევს. ის, რომ სკოლადაწყებულზე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ეს აღიარებულია და ამ საკითხზე უწყებათაშორისი კომისიაა შექმნილი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევები იქნას სრულად აღმოფხვრილი…

რეფორმით რეალურად ვცვლით იმ დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც წლების განმავლობაში ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ საკმაოდ რთული დაღი დაასვა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ აფორიაქდნენ ისინი, ვინც სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს, მათ შორის თვითგამოცხადებული სკოლის დამცველებიც“, – განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ: 

„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური