GE

15 ფაქტი ფინეთის სასკოლო განათლებიდან, რომელიც ჩვენთან მშობელს, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც გააკვირვებს

არახალია, რომ მრავალი კვლევისა და გამოკითხვის მიხედვით, ფინეთის სასკოლო განათლება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამასთანავე, ის სრულად უფასოა, ბავშვები სახლში საშინაო დავალების შესასრულებლად ძალიან ცოტა დროს ხარჯავენ, მასწავლებლებს კი უზარმაზარი ხელფასები აქვთ, თუმცა მათ ანგარიშების, გეგმებისა და პროგრამების გაწერა არ უწევთ.

წარმოგიდგენთ ფინეთის საშუალო განათლების სისტემის 15 უპირატესობას:

1. ფინური განათლება სრულად უფასოა. ბავშვებს არ უწევთ კვების, სასკოლო ავტობუსით მგზავრობის, სხვადასხვა წრისა და ექსკურსიების, სახელმძღვანელოებისა და საკანცელარიო ნივთების საფასურის გადახდა. ყოველწლიურად სასკოლო განათლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 12%-ზე მეტი იხარჯება.

2. მესამე კლასამდე ფინეთის სკოლებში ნიშნებს საერთოდ არ წერენ. მესამიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მოსწავლის ცოდნა ათქულიანი სისტემით, თუმცა არა ციფრებით, არამედ სიტყვებით ფასდება. თუ მოსწავლე კარგად სწავლობს და დავალებებს უშეცდომოდ ასრულებს, მასწავლებელი მას ეტყვის, რომ ,,ყველაფერი კარგადაა“. სხვა შემთხვევაში პედაგოგი ბავშვს მიუთითებს, რომ ,,რაღაც რიგზე არ არის“ და მას მდგომარეობის გამოსწორების ხერხს შესთავაზებს. აქ სწავლების იმდენად ინდივიდუალური მიდგომაა, რომ თითოეულმა მოსწავლემ მხოლოდ თავისი ნიშანი იცის.

3. ფინეთში არ არსებობს სასკოლო ფორმა. მოსწავლეს გაკვეთილზე ნებისმიერი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, თუნდაც ფეხშიშველს შეუძლია გამოცხადება. ბავშვები სასწავლო პროცესს იმ ტანსაცმელში ესწრებიან, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

4. ფინეთში სხვა ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავებულ სასკოლო კაბინეტებს შეხვდებით. აქ არ არის მერხები და ბავშვები ოთახში თავიანთი სურვილისამებრ განლაგდებიან. გაკვეთილზე ზოგი მოსწავლე პირდაპირ იატაკზე ზის, სხვები კი დივანზე არიან წამოწოლილნი. თუ გარეთ თბილი და მზიანი ამინდია, პედაგოგს ბავშვები სკოლის ეზოში გამოჰყავს, სადაც ისინი თემებს ფანჩატურში ან პირდაპირ ბალახზე განიხილავენ. ბავშვებს ეს ძალიან მოსწონთ!

5. ფინეთში მასწავლებლები თვლიან, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილების შემდეგ უნდა დაისვენონ და რაც შეიძლება მეტი დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაატარონ. ამიტომ მოსწავლეებს საშინაო დავალებად მინიმუმს აძლევენ. ბავშვები სამუშაოს 20-30 წუთში ასრულებენ.

6. ფინეთის სკოლებში არ არის გამოცდები. ხანდახან მასწავლებლები, თავიანთი შეხედულებისამებრ, შესამოწმებელ სამუშაოებს ატარებენ. მოსწავლეები საბოლოო ტესტს სკოლის დამთავრებისას, 16 წლის ასაკში აბარებენ. ამგვარად, მასწავლებლები მოსწავლეებს არა გამოცდებისთვის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებენ.

7. აქ ერთ გაკვეთილზე სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვები სხედან. ძლიერ მოსწავლეებს მასწავლებელი – რთულ დავალებებს, შედარებით სუსტებს კი უფრო მარტივ ამოცანებს აძლევს. ფინეთის სასკოლო განათლებაში ინდივიდუალურ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩამორჩენილი და/ან ემიგრანტი მოსწავლეებისთვის აქ დამატებითი მეცადინეობები ტარდება.

8. კვება ფინეთის სკოლებში ე.წ. ,,შვედურ მაგიდაზე“ გაწყობილ ნაირფეროვან კერძებს წარმოადგენს. მასში მოსწავლეების ვეგეტარიანული მიდრეკილებებიც არის გათვალისწინებული და სასადილოში დიეტურ კერძებსაც შეხვდებით. შემდეგი თვის პოტენციური მენიუ სკოლის საიტზე წინასწარ თავსდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში მოსწავლეების მშობლებს საფასურის გადახდა არ უწევთ.

9. ფინეთის ზოგ სკოლაში საგნები გააუქმეს და 6 კვირიანი ,,დანაყოფები“ შემოიტანეს. დავუშვათ, თვენახევრის განმავლობაში ისწავლება დანაყოფი ,,ევროპა“. აღნიშნული დროის განმავლობაში ეს თემა ისტორიის (ევროპული ცივილიზაციის ისტორია), გეოგრაფიის (ქვეყნები, მდინარეები, ევროპის კლიმატი), ლიტერატურის (გამოჩენილი ევროპელი მწერლები და მათი ნაწარმოებები) და სხვა კუთხით ისწავლება.

10. ბავშვები შესვენებებზე გიჟდებიან. ამ დროს მათ გართობა, ხტუნვა, თამაში და მეგობრებთან საუბარი შეუძლიათ. ფინეთის სკოლები ამ საკითხშიც გამორჩეულები არიან. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთია, მოსწავლეებს 15 წუთიანი შესვენება აქვთ.

11. ფინეთის სკოლებში მიღებული ტრადიციის მიხედვით, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ღამეს სასწავლო დაწესებულების კედლებში ათევენ. პედაგოგი ბავშვებთან ერთად საინტერესო ისტორიებს ისმენს. ისინი შემეცნებით ფილმებს უყურებენ და ფიზიკურად აქტიურ თამაშებს თამაშობენ, შემდეგ კი სკოლის ფიზკულტურის დარბაზში საძილე ტომრებში იძინებენ. დილით მოსწავლეები საუზმეზე ნაყინს მიირთმევენ. მსგავსი აქტივებობი პატარებს სკოლას აყვარებს და ისინი გაკვეთილებს სიამოვნებით ესწრებიან.

12. ფინეთში უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგიურ ფაკულტეტებზე ძალიან დიდი კონკურსია. მაგალითად, ჰელსინკის უნივერსიტეტში ადგილზე 10-15 მსურველი მოდის. ყველაფერი ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ქვეყანაში პედაგოგების შრომა ძალიან დაფასებულია. მასწავლებლის ყოველთვიური ხელფასი 3500 ევროდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ყველა მასწავლებელს თავისი დამხმარე ჰყავს. ის პედაგოგს დისციპლინის დაცვასა და საჭირო მასალების დარიგებაში ეხმარება.

13. ფინურ სკოლებში უპირატესობას თეორიულთან შედარებით, პრაქტიკულ ცოდნას ანიჭებენ. განათლების სფეროს სპეციალისტების თქმით, ბიოგრაფიების, თარიღებისა და სხვა მონაცემების მოძიება ინტერნეტ ენციკლოპედიებში სწრაფად შეიძლება, ამიტომ მსგავსი მასალის დასწავლა აუცილებლობას არ წარმოადგენს. გაკვეთილებზე მოსწავლეები პრაქტიკულ უნარებს ითვისებენ: მაგალითად ცურვასა და პირველადი დახმარების აღმოჩენას, კერვას, ქსოვასა და სახლის საქმეების წარმოებას. ასევე დიდი დრო კომპიუტერული უნარების ათვისებას ეთმობა.

14. ფინეთში ძლიერი და სუსტი სკოლები არ არსებობს. უკლებლივ ყველა სასწავლო დაწესებულებას კვალიფიციური პედაგოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჰყავს. თითოეული მათგანი საჭირო სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. ყველა სკოლის მატერიალური და ტექნიკური ბაზა ერთნაირია, ამიტომ მშობლები ბავშვებს სასწავლებლად სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში გზავნიან.

15. ფინეთის სკოლებში, ბავშვისთვის კითხვის შეყვარების მიზნით, ბიბლიოთეკებში ,,სამკითხველო ძაღლები“ ჰყავთ. ცხოველები ისე არიან გაწვრთნილები, რომ ისინი ბავშვების გვერდით სხედან და ყურადღებით უსმენენ, თუ როგორ უკითხავს მოსწავლე მას თავის საყვარელ წიგნს.

EDU.ARIS.GE-ს ვიზიტი ფინეთის სკოლაში – მითები და რეალობა

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური