GE

EDU.ARIS.GE-ს ვიზიტი ფინეთის სკოლაში – მითები და რეალობა

„სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული (იაკობ გოგებაშვილი)“ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით თავის მოწონება არ მიყვარს, მაგრამ ამ სტატიისთვის უკეთეს დასაწყისს ვერ მოვიფიქრებდი, რადგან ახლა ხანჯლის იმ პირზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ჩვენს სკოლას არც ისე კარგად აქვს ალესილი და ბევრის აზრით, დაჟანგვია კიდეც. უცხო არც იმის შეხსენება იქნება, რომ ჩვენი თაობის დიდ ნაწილს სკოლა ისე ეზიზღება, საკუთარი თავი საკლასო ოთახში სიზმრად რომ ნახოს, შეიძლება კოშმარმა გამოაღვიძოს. თუმცა, როცა ფინეთში ხარ და არათუ სიზმრად, ცხადად გაქვს შანსი ფინურ სკოლას ეწვიო და თავადვე გაავლო ზღვარი განათლების ამ მოდელის შესახებ გავრცელებულ მითებსა თუ რეალობას შორის, ყოველ მიზეზგარეშე შეაღებ უცხო ქალაქში შემხვედრ პირველივე სკოლის კარს და თავში აზრად  არ მოგივა, რომ იქ შესასვლელად სპეციალური ბარათი შეიძლება გჭირდებოდეს…

უიმედოდ მანამ ვაცეცებდი თვალებს, სანამ გარეთ მდგომმა მოსწავლემ თავისი საშვი არ გამოიყენა და  კარის გასაღებად რაღაც კოდი არ აკრიფა. ბავშვებისგან დაცლილ ფოიეში რომ მიმოვიხედე, ერთადერთი, რამაც თავი სკოლაში მაგრძნობინა, კუთხეში მდგარი უზარმაზარი კარადა იყო, უამრავი ბავშვის ქურთუკით და მეც სამასწავლებლოს ან დირექტორის კაბინეტის ძებნა დავიწყე. დირექტორის ნახვა არც შესაძლებელი იყო და არც საჭირო, რადგან აქ ყველაფერი ზედმეტად სტრუქტურიზებულია და როგორც მივხვდი, დირექტორს მხოლოდ გადაუდებელი საქმეების დროს მიმართავენ. ქალბატონი კი, რომელსაც თავი წარვუდგინე და გაკვეთილზე დასწრება ვთხოვე, დირექტორის მოადგილე უნდა ყოფილიყო. ერთ საათში მან გერმანულის გაკვეთილზე დასწრება შემომთავაზა.

დრო კი ამ სკოლის დათვალიერებასა და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში გავატარე.  ქალაქ ტურკუს საკათედრო სკოლა 1 276 წელს დაარსებულა. თავდაპირველად აქ ბიჭებს ღვთის მსახურებად ზრდიდნენ. ამჟამინდელი შენობა კი 1827 წელს ტურქუს დიდი ხანძრის შემდეგ აშენდა. აქ დაწყებითი საფეხურის კლასები არაა, მხოლოდ საშუალო და საბაზისო საფეხურის მოსწავლეები არიან, რომელთაც გაკვეთილები შვედურ ენაზე უტარდებათ (ეს სკოლა თავიდანვე შვედურენოვანი ყოფილა). თეორიულად, ის უძველესი ფინური სასწავლებელია, თუმცა აქაურ გარემოს  „უძველესობის“ არაფერი ეტყობა. „პუფებით“ სავსე მოსასვენებელი სივრცეები, ფანჯრებთან განთავსებული დივნები და სავარძლები,  დიდ კარადაში გამოყოფილი ჩამოსაჯდომი ადგილი, სამზარეულო – ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც დერეფანში არავინ დამჯახებია.

დათქმულ დროს კი გერმანულის პედაგოგი ბენიტა ლინდრსტომი გავიცანი. საკლასო ოთახი ნელ-ნელა ბავშვებით შეივსო და პირველი უცნაურობა პედაგოგსა და ჩემს შორის განსხვავებული მისალმების ფორმებმა მაგრძნობინა. მასწავლებელს – „ჰაის“, მე კი „ჰელოუს“  მეუნებოდნენ. არც მორიგმა გასაკვირმა ფაქტმა დააყოვნა და გაკვეთილი ზარის დარეკვის გარეშე დაიწყო. აქ ზარი არც მოსწავლეებისთვის და მით უფრო, არც პედაგოგებისთვის არ ირეკება.

კიდევ 5 რამ, რაც ორგზის უცხოენოვან  გაკვეთილზე შევნიშნე:

1. პედაგოგს არ მოუთხოვია დავალება და არც გაკვეთილი მოუყოლია ვინმეს. მთელი გაკვეთილი სამუშაო პროცესი იყო ასე რომ, ვერ მივხვდი, ახნსნა თუ არა მასწავლებელმა ახალი მასალა.

2. მოსწავლეები მთელი გაკვეთილის მანძილზე მუშაობდნენ ჯგუფურად და არა ინდივიდუალურად. არც ჯგუფებს შორის გადალაპარაკების გამო მიუღიათ საყვედური.

3. სხვადასხვა დავალების დროს რამდენჯერმე შეიცვალეს ადგილი და იმუშავეს სხვადასხვა კლასელებთან ერთად.

4. მოსწავლეებს არ აქვთ წიგნები და სარგებლობენ ქსეროასლებით. როგორც მითხრეს, წიგნები ძვირია შეძლებული ოჯახებისთვისაც კი.

5. ერთ-ერთი დავალება მოიცავდა ორ-ორად დაჯგუფებულ ბავშვებს, რომელთაგან ერთ-ერთი დაფას ხედავდა, მეორე კი მისგან ზურგით იდგა. ამ უკანასკნელს უნდა გამოეცნო დაფაზე დაწერილი გერმანული სიტყვა, რომელსაც მეწყვილე გერმანულადვე უხსნიდა. მასწავლებელი მათ ლექსიკონის გამოყენების საშუალებასაც აძლევდა. საინტერესოა, რომ მასწავლებელი სათითაოდ არ ამოწმებდა, ყველა მათგანმა შეასრულა თუ არა დავალება და მართლა გამოიცნო თუ არა სიტყვები. მოგვიანებით, როცა ბენიტას, ჩემი გაკვირვება გავუზიარე, მითხრა, რომ ის ენდობა მოსწავლეებს და იცის, რომ მათ მართლა უნდათ სწავლა:

„გერმანული არჩევითი საგანია და ვინც ირჩევს, ცხადია, აქვს მოტივაცია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ჩავატარო სხვადასხვანაირი გაკვეთილები, რადგან თუ ბავშვი ერთი და იგივე რამეს ერთი და იმავე გზით აკეთებს, მოსწყინდება. ენის სწავლების დროს, ასევე მნიშვნელოვანია, დააკავშირო გაკვეთილი გარე სამყაროსთან. რამდენადაც სასწავლო მასალა  ითვალისწინებს, საგაკვეთილო ფორმატი უნდა იყოს გამოყენებადი, ნამდვილი და ავთენტური“, – მეუბნება და მეც ვხედავ მის კეთილგანწყობას მოსწავლეების მიმართ, ის კი ენთუზიაზმით ანთებული თვალებით აგრძელებს: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე განვვითარდე მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით, რათა მათი გაკვეთილები უფრო საინტერესო და აზრიანი გახდეს. ასეთი მიდგომა, თავს მეც კომფორტულად მაგრძნობინებს. ათი წელია პედაგოგი ვარ და ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა დავეხმარო სტუდენტებს და ფანტასტიკურია იმის აღმოჩენა, როცა ხედავ, როგორ ვითარდება მოსწავლე გაკვეთილიდან გაკვეთილამდე“.

ფინურ განათლების სისტემაში განსხვავებულია მოსწავლეთა შეფასების მეთოდიც. ისინი ფასდებიან არა სხვებთან, არამედ საკუთარ თავთან შედარებით. ანუ რამდენად გაიზარდა მათი შედეგები წინა გამოცდასთან შედარებით. ბენიტას თქმით, მოსწავლეების აკადემიური მოსწრება მხოლოდ მცირედით განსხვავდება ერთმანეთისაგან (კვლევები ადასტურებს, რომ ფინელ მოსწავლეთა საბოლოო შედეგები ყველაზე ახლოსაა ერთმანეთთან მსოფლიოს მასშტაბით):

„მოსწავლეთა შედეგებს შორის ძალიან მცირე განსხვავებებია. მათ სკოლისგან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, მაგრამ ამას ფინური განათლების მოდელის საიდუმლოს ვერ დავარქმევ. აქ ყველა პედაგოგს მაგისტრის ხარისხი აქვს. დაწყებითების პედაგოგს  მაგისტრატურის გავლა პედაგოგიკის მიმართულებით მოეთხოვება,  საშუალო და საბაზისო საფეხურის მასწავლებლებს კი კონკრეტულ საგანში აქვთ მაგისტრის ხარისხი, ასევე კარგად სწავლობენ პედაგოგიკას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანს აქვს საგნის ძირფესვიანი ცოდნა და მასწავლებლური უნარ-ჩვევები“, – ღიმილით მეუბნება და ამით კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ მას ნამდვილად სწამს იმის, რასაც აკეთებს და თავის საქმეში თავს რეალიზებულად თვლის.

გერმანულის გაკვეთილის შემდეგ მათემატიკის გაკვეთილის კარი შევაღე და ანიკა ლინდბლედის გაკვეთილს დავესწარი. აქაც არაერთმა ფაქტმა გამაოცა:

1.როგორც აღმოვაჩინე, ყველა საკლასო ოთახში არის ონკანი, რომელსაც ბავშვები მასწავლებელთან შეთანხმების გარეშე იყენებენ –  იბანენ ხელ-პირს, სვამენ წყალს… ანუ კლასში გასეირნება ჩვეულებრივი ამბავია.

2.საკლასო ოთახიდანაც უნებართვოდ გადიან და დროს არავინ უნიშნავს.

3.გაკვეთილში მეტ-ნაკლებად ყველა მოსწავლე ჩართულია და ანიკასაც სწამს, რომ მისი საგნის მიმართ მოტივაცია დიდია:

„არ ვფიქრობ, რომ მათემატიკის სწავლას რაიმე ნიჭი სჭირდება და არ განვასხვავებ მოსწავლეებს ნიჭიერებითა თუ უნიჭობით. ვისაც აქვს მოტივაცია, მუშაობს საკუთარ თავზე და შედეგსაც აღწევს. პირადად ჩემთვის კი მოტივაცია მათ მიერ დასმული შეკითხვებია. ვიღაცას, შეიძლება, მათი შეკითხვების გამო, ისინი სულელებად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვთვლი, რომ  შეკითხვები ნიშნავს ინტერესს და მთელი ენთუზიაზმით ვცდილობ ავუხსნა“, – მითხრა ანიკამ. მის სიტყვებში ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან ვხედავდი, მთელი გაკვეთილის განმავლობაში, სათითაოდ მიდიოდა ბავშვებთან და რაც დაფიდან ვერ გაიგეს, ინდივიდუალურად  რვეულში უწერდა.  ამ დროს კი, დანარჩენი მოსწავლეები თავისუფლად საუბრობდნენ ერთმანეთთან და ბუზის გაფრენის ხმის გაგონებას არავინ ითხოვდა.

4.მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაფასთან მხოლოდ პედაგოგი იდგა. ამაზე ანიკამ მითხრა, რომ მოსწავლეების დაფასთან გამოძახებას მიაქვს დრო და ბავშვებს არც უყვართ აქ დგომა. მათთვის უმჯობესია ადგილიდან უკარნახონ და პედაგოგმა დაწეროს.

5.გაკვეთილმა ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა და როცა დაფის ნაწილი ჩანიშნული საშინაო დავალებებით ივსებოდა, ჩემს გონებაში ამის პირდაპირპროპორციულად იშლებოდა რწმენა იმისა, რომ ფინელ ბავშვებს დავალებები არ აქვთ.

საბოლოოდ, ფინური განათლების სისტემის საიდუმლოს ვერ მივაგენი. მგონია, რომ ამ სისტემის კარი ისევე დაშიფრულია, როგორც ამ სკოლის ჭიშკარი, მაგრამ ის რაც ერთი შეხედვით ჩანს, ესაა ნდობაზე დაფუძნებული სისტემა. როგორც ზემოთ უკვე გითხარით, მასწავლებელი ენდომა მოსწავლეს. მასწავლებელს კი ნდობას უცხადებს მთავრობა:

„ჩვენ, მასწავლებლებს, არ გვაქვს არანაირი ტიპის გამოცდა. ხელისუფლება უბრალოდ გვენდობა და ეს მუშაობს“, – მითხრა ანიკამ, თუმცა ბოლომდე ყველაფერი მაინც ვერ დავტყუე.

რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი მოდელის ჩვენს ქვეყანაში განხორციელება, მაგრამ როცა გერმანულის პედაგოგს, ბენიტას საქართველოს განათლების სისტემაზე და ხშირად ცვლად განათლების მინისტრებზე ვუამბე, აი, რა მითხრა:

„განათლების სისტემა მოითხოვს დროს და თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ რაიმე, მას უნდა მისცეთ საკმარისი დრო მუშაობისთვის. ხანგრძლივი შედეგი მოკლევადიანი ცვლილებებით ვერ მიიღწევა და მხოლოდ გრძელვადიანი პროექტის განხორციელებას შეუძლია დაგანახოს როგორ მუშაობს ცვლილება – კარგად თუ ცუდად“.

იქნებ ჩვენი განათლების სისტემის ხანჯლის უკუღმართობის მიზეზი  შედეგების მაშინვე დანახვის წყურვილია და ბოლო-ბოლო, ამ უკანასკნელში მაინც ვენდოთ ფინური განათლების მოდელს, რომელმაც გეზი ჯერ კიდევ 70-იან წლებში აიღო და ბოლო წლებია მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად ითვლება.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური